წითელი ვერსია
  • 7
  • 7318

ანტივაქსერული განწყობა და ქართული მედია

05 მაისი 2021

მედიამ უნდა ასახოს საზოგადოებაში არსებული განწყობა და დასვას კითხვები, ამ საზოგადოების წევრებს რომ აწუხებთ, მაგრამ ჩვენს დროსა და რეალობაში, სადაც მედია არა მხოლოდ გამოხატავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის პოზიციებს, არამედ მათ, გარკვეულწილად, თავადვე აყალიბებს, კიდევ უფრო გაიზარდა მედიის როლი და მნიშვნელობა ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.


გაიზარდა თუ არა მედიის პასუხისმგებლობა? ამ საკითხის გარკვევა შეგვიძლია ვცადოთ ვაქცინაციის პროცესისა და მის წინააღმდეგ მიმართული იმ კამპანიის გაშუქებაზე დაკვირვებით, რომელიც ზოგჯერ დაუფარავი ანტივაქსერული პროპაგანდის სახეს იძენს.


უპირველეს ყოვლისა, უნდა შევთანხმდეთ, რომ არსებობს საკითხები, სადაც ორი სწორი პოზიცია ერთდროულად ვერ იარსებებს და კითხვა „საჭიროა თუ არა ვაქცინაცია?“ სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება: დღეს არ არსებობს პანდემიასთან ბრძოლის სხვა, ვაქცინაციაზე უფრო ეფექტიანი გზა, რასაც პირბადეებიდან თავდახსნილი ისრაელის მოქალაქეების მაგალითიც ცხადყოფს.


ეს, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ მედიამ არ უნდა დასვას კითხვები კონკრეტული ვაქცინის ხარისხზე, უსაფრთხოებასა და გამოყენების პირობებზე, თუმცა არცთუ იშვიათად მედიის მიერ ტირაჟირებული სკეპტიციზმის უკან რეალური არგუმენტები არ დგას და ის „შეთქმულების თეორიას“ უფრო ემსგავსება.


ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით, სკანდალურობითა და წინააღმდეგობრივი გამონათქვამებით გამოირჩევა ტელემედიაში ხშირად „ტირაჟირებული ექსპერტი“ გიორგი ფხაკაძე, რომელიც საზოგადოებამ „სპეციალისტად“ სწორედ კოვიდპანდემიის დროს გაიცნო.


თავდაპირველად მედიამ ფხაკაძე გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლად წარმოგვიდგინა, ხოლო „რუსთავი 2“-ზე იგი, ამავე დროს, ხან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტია, ხან კი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი.


თავად ფხაკაძის ფეისბუკის გვერდზე მითითებული ბოლო პოზიციით ის ამჟამად უკრაინის ეროვნული კვლევითი ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტია, ხოლო გაეროსთან მას ყოფილი გენერალური მდივნის მიერ 2010 წელს ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობის ასამაღლებლად შექმნილი EWEC-ის პანელი აკავშირებს.


ერთი სიტყვით, საზოგადოებისთვის დღემდე ბურუსით არის მოცული გიორგი ფხაკაძის აკადემიური და კარიერული ბიოგრაფია, თუმცა მედიის საშუალებით ის მაინც საგრძნობ გავლენას ახდენს ქართულ საზოგადოებრივ აზრზე.


რატომ დაინტერესდა ასე აქტიურად ქართული მედია ამ ადამიანით, ძნელი სათქმელია. ასეა თუ ისე, „თავისუფალი ექსპერტის“ სტატუსი ფხაკაძეს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი ინფორმაციის ფართო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზოს, რაც ხშირად დამაბნეველი ხდება, მით უმეტეს, რომ ბოლო ხანს ექსპერტი უკვე აშკარად ანტივაქსერულ განცხადებებსაც აკეთებს.


ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს, „რუსთავი 2“-ზე ჩართვისას, მან თან შეაქო „პფაიზერის“ ვაქცინა, თან კი ეჭვი გამოთქვა მის სანდოობასთან დაკავშირებით („‘პფაიზერს’ საფრთხედ ვუყურებ და კითხვის ნიშნები არის“), ხოლო უკვე მარტში, მას შემდეგ, რაც ახალციხეში ახალგაზრდა მედდა გარდაიცვალა, ფხაკაძემ ემოციური მოწოდება გაავრცელა იუტუბის პირად გვერდზე და ვაქცინაციის შეჩერება მოითხოვა: „შეაჩერეთ ვაქცინა! გაფრთხილებდით და გტუქსავდით კიდეც!“ - ამბობს იგი და თავის პოზიციას იმით ასაბუთებს, რომ ქვეყანა სადაც პირბადეებიც კი უვარგისია, ვაქცინაციას ვერ ჩაატარებს.


ამავე დროს, ექსპერტს არ დაუკონკრეტებია, რა არის ვაქცინაციის ალტერნატივა თუნდაც იმ ქვეყნებისთვის, სადაც „პირბადეებიც კი უვარგისია“ (?!).


ფხაკაძე, ცხადია, ერთადერთი „სკანდალური რესპონდენტი“ არ არის, რომლის ტირაჟირებითაც მედია ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმს აღვივებს. ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში, სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას ამტკიცებდა, ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემა „ღამის სტუდიაში“, წამყვანმა და მისმა სტუმრებმა მტკიცებულებების გარეშე გააკრიტიკეს „პფაიზერის“ ვაქცინა; გადაცემაში, რომელიც მოგვიანებით ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელში, ითქვა, რომ აცრა აუტიზმს იწვევს, ვაქცინა რეპროდუქციულ უნარებს დააქვეითებს და ა.შ.


„მთავარი არხი“ და ტვ „პირველიც“ არცთუ იშვიათად გამოთქვამენ დაუსაბუთებელ პრეტენზიებს საქართველოში შემოსული კონკრეტული ვაქცინების მიმართ, რაც საზოგადოებაში სკეპტიციზმსა და ეჭვს აღვივებს.


მაგალითად, 11 მარტს, „მთავარი არხის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გამოაცხადეს, რომ საქართველოში შემოსული ვაქცინის მიმართ სანდოობა მედიკოსებს შორის მსოფლიოში ყველაზე დაბალია, ხოლო ტვ „პირველმა“ არაერთხელ მისცა ცალკეულ პოლიტიკოსებს საქართველოში შემოსული ვაქცინების დისკრედიტაციის საშუალება.


ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებული კითხვებისა და ეჭვების გაშუქებასთან განსაკუთრებული სიფრთხილე რომ არის საჭირო, კარგად გამოჩნდა 21 მარტს, „იმედის“ გადაცემა „პრაიმშოუს“ მაგალითზეც.


ამ გადაცემაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსისა და ადამიანის ეკოლოგიის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარის შთამბეჭდავი სტატუსით წარმოგვიდგინეს თინათინ თოფურია, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით არის ცნობილი.


წამყვანის მტკიცებით, „თოფურიას აქვს საფუძვლიანი არგუმენტები“, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მეცნიერებათა დოქტორის არგუმენტები ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ მან ვერ მიაგნო ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ გავლენას ახდენს ვაქცინა რეპროდუქციულ უნარებზე და როგორია მათი კანცეროგენობის ხარისხი.


სამედიცინო საკითხებში გაუთვითცნობიერებელი აუდიტორიისთვის ეს განცხადება, შესაძლოა, პანიკის საფუძველიც გახდეს, თუმცა, ნათქვამი სულაც არ ნიშნავს, რომ ვაქცინა საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის ან რეპროდუქციულ უნარს აქვეითებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ ასეთი ინფორმაცია თინათინ თოფურიამ ვერ მოიპოვა.


აღსანიშნავია, რომ სტუდიაში მოწვეულმა სხვა სპეციალისტმა ამავე გადაცემაში საფუძვლიანად გააკრიტიკა და, ფაქტობრივად, გააბათილა თოფურიას არგუმენტები, თუმცა მეცნიერებათა დოქტორის განცხადებებმა მაინც „დაიპყრო“ სოციალური ქსელები, რაც ნათლად გვიჩვენებს, როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული ანტივაქსერული პროპაგანდისთვის გადაცემის ერთი კონკრეტული ფრაგმენტი – მაშინაც კი, როცა თავად გადაცემა ასეთი შთაბეჭდილების მოხდენას, შესაძლოა, სულაც არ ისახავდა მიზნად.


ლელა კურდღელაშვილი
  • 7
  • 7318
0 Comments