წითელი ვერსია
  • 4
  • 3637

ანაკლიის პორტი ვიწრო ხედით

15 დეკემბერი 2022

„დღეს ამბები ადვილად მოსაპოვებელი, ხელახლა შეფუთული და მიზანშეცვლილი მოხმარების საგანი გახდა. 24-საათიანი ახალი ამბების ეპოქაში ჟურნალისტები მეტ დროს უთმობენ ისეთი რამის ძიებას, რაც შემდეგ შეიძლება არსებულ ახალ ამბებს დაუმატონ. ეს კი ხშირად უფრო ინტერპრეტაციაა, ვიდრე მცდელობა, დამოუკიდებლად აღმოაჩინონ და გადაამოწმონ ახალი ფაქტები“ - ჯენევა ოვერჰოლზერი, Des Moines Register-ის ყოფილი რედაქტორი და წარსულში პულიცერის პრემიის საბჭოს თავმჯდომარე.


***


12 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განახლებას გეგმავს და პორტი სახელმწიფოს 51-პროცენტიანი თანამონაწილეობით აშენდება.


პრემიერმა სხვა ციფრებიც დაასახელა: - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში 1,5 მილიარდ დოლარს ედავება; მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მხოლოდ 3 მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, დანარჩენი თანხები მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან, დაახლოებით 20-25 მილიონი. 5 წელიწადში მათ ვერ შეასრულეს ვერცერთი ვალდებულება.


ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოს სატრანზიტო მიზიდულობა გაიზარდა, რის გამოც აუცილებელია ქვეყნის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის მომზადება.


პრემიერის განცხადებების საპასუხოდ, „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ანაკლიაში ინვესტირებული იყო 75 მილიონი დოლარი, აქედან ხაზარაძემ და ჯაფარიძემ 40 მილიონის ინვესტირება განახორციელეს და არა 3-ის. რაც შეეხება არბიტრაჟში დავას, ჯაფარიძის თქმით, კონსორციუმი ითხოვს არა 1,5 მილიარდ დოლარს, არამედ 800 მილიონს, რაც საერთაშორისო წესებით დათვლილი ინვესტორთა ზარალია.


ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი 12 დეკემბერს სატელევიზიო არხების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.


ოპოზიციური არხები ძირითადად იმით დაინტერესდენენ, ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს.


"ტვ პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" გზავნილები იდენტური აღმოჩნდა - ანაკლიის პორტის მშენებლობით სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაა დაინტერესებული. პორტს ალბათ მასთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ააშენებს. დავით ხიდაშელი ნიშნავს რუსულ კაპიტალს, ან შეიძლება ჩინურსაც.


თავად ხიდაშელმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებული არ არის.


სიუჟეტებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე პრემიერის და „ლელოს“ ლიდერის ურთიერთბრალდებებს. ჟურნალისტების მხრიდან არაერთგზის ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრემიერი იტყუება თანხებთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა თავის დროზე მთავრობამ ჩაშალა და ახლა პორტს ისევ საფრთხე ემუქრება.


ოპოზიციური არხებისგან განსხვავებით, „იმედსა“ და „რუსთავი2“ -ზე გვითხრეს, რომ ანაკლიის კონსორციუმმა თავის დროზე პორტის მშენებლობის ვალდებულება ვერ შეასრულა და ახლა, „საუკუნის პროექტად“ წოდებული ანაკლიის პორტის გაცოცხლებას მთავრობა აპირებს. ამ არხების მაყურებელს ასევე უთხრეს, რომ ანაკლიის პორტის გარდა, მთავრობა ბათუმისა და ფოთის პორტის გაძლიერებასაც გეგმავს. მოვისმინეთ პრემიერის განცხადება ტვირთებისთვის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე და პოლიტიკოსთა კომენტარები ამ ინიციატივებთან დაკავშირებით.


თუმცა,


რა კონცეფციაა ე.წ. „შუა დერეფანი“, როგორია რეგიონული კონტექსტი და მეზობელი ქვეყნების ინტერესები? რატომ გააქტიურდა აზერბაიჯანული მხარე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით?


უამრავი შეკითხვა, რომელიც გლობალური კონტექსტიდან გამომდინარეობს და რომლის გარეშეც წარმოუდგენელია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარება, - პასუხგაუცემელი დარჩა.


ფართო სურათის ნაცვლად, ყველა ძირითადი სატელევიზიო არხი შიდა კინკლაობის და პოლიტიკოსთა ტრანსლირებით შემოიფარგლა.


სიუჟეტებიდან მაყურებელმა გაიგო მხოლოდ ის, რომ „ლელოს“ ლიდერი უარყოფს პრემიერის მიერ დასახელებული ციფრების რაოდენობას, ოპოზიცია კი მთავრობის დაანონსებულ პროექტებს არ ენდობა.


ფოტო პირველი არხი

ლელა კურდღელაშვილი
  • 4
  • 3637
0 Comments