წითელი ვერსია
  • 8
  • 2959

ახალი ამბებით „დაღლილობა“

23 ივნისი 2024

გამოგირთავთ ტელევიზორი ან „აგისქროლავთ“ სოციალური ქსელის გვერდი, რათა თავი აგერიდებინათ ახალი ამბების მოსმენის ან წაკითხვისგან?


ყოველწლიურად, მსოფლიოში სულ უფრო მზარდია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ახალი ამბებისგან დაიღალა და ინფორმაციას თავს არიდებს.


სხვადასხვა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ადამიანები ახალ ამბებს თავს არიდებენ სხვადასხვა მიზეზით - არ სურთ ნეგატიური ინფორმაცის მიღება, არ ენდობიან მედიას ან დაიღალნენ ახალი ამბების უზარმაზარი ნაკადით.


Reuters Institute-ის მიერ ჩატარებული კვლევის Digital News Report 2024-ის თანახმად, მთელ მსოფლიოში, ყოველი ათი გამოკითხულიდან დაახლოებით ოთხი, ანუ 39% ამბობს, რომ ზოგჯერ, ან ხშირად თავს არიდებს ახალ ამბებს, რაც გასულ წელთან შედარებით, 3%-ით მეტია. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენდა.


იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ახალ ამბებს ზურგს აქცევს, განსაკუთრებით გაზრდილია ბრაზილიაში, ესპანეთში, გერმანიასა და ფინეთში.


ახალი ამბებით დაინტერესების შემცირების გლობალური ტენდენციის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში ახალი ინფორმაციის მიმართ ინტერესი, პირიქით, გაზრდილია.


მაგალითად, აშშ-ში, სადაც წელს არჩევნებია დაგეგმილი და საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.


ახალი ამბებით დაინტერესების გლობალური მაჩვენებელი დაღმავალია: - 2024 წელს გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ახალი ამბებით ძალიან, ან უკიდურესად დაინტერესებულია.


2017 წელს ეს მაჩვენებელი 63% იყო.


მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ახალი ამბების მიმართ ინტერესი 2015 წლის შემდეგ თითქმის განახევრდა.


Digital News Report-ის ავტორები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ბოლო წლებში ამგვარი განწყობები, შესაძლოა, განაპირობა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა.


კვლევის წამყვანი ავტორის ნიკ ნიუმანის თქმით, ისინი, ვინც ამჯობინებენ, არ გაიგონ ახალი ამბები, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ შესაძლოა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე თავს უძლურად მიიჩნევენ.


„ბოლო წლებში ჩვენ გვქონდა პანდემია და ომები. ასე რომ, ადამიანების ბუნებრივი რეაქციაა, ზურგი აქციონ ახალ ამბებს, იქნება ეს მენტალური ჯანმრთელობის დაცვის თუ უბრალოდ, საკუთარი ცხოვრების გაგრძელების სურვილის მიზეზით“,ამბობს BBC-სთან ნიუმანი.


კვლევა აჩვენებს, რომ მომხმარებლები ისეთი ამბების ნაკლებობას განიცდიან, რომლებიც მათ ოპტიმიზმის საფუძველს მისცემს ან შთააგონებს.


ამავე კვლევის თანახმად, ახალგაზრდები უფრო ხშირად გრძნობენ ახალი ამბებით დაღლილობას.


ახალგაზრდების დაინტერესებისთვის, რედაქციები ინფორმაციის მიწოდების ახალ გზებს ითვისებენ, რათა ახალი ამბები უფრო მეტად ხელმისაწვდომი და “ჩამთრევი” გახდეს.


ახალგაზრდა თაობა უპირატესობას ანიჭებს ახალი ამბების მოკლე ვიდეოს სახით გაცნობას. შედეგად, იზრდება სოციალური ქსელების, როგორც ახალი ამბების წყაროს პოპულარობა. ინფორმაციის ტრადიციული წყაროების – ტელევიზიის და ბეჭდური მედიის აუდიტორია კი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მკვეთრად შემცირდა.


არის თუ არა ახალი ამბებისგან თავის არიდების მზარდი ტენდენცია პრობლემა?


დემოკრატიულ ქვეყნებში საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირება ხდება თითოეული მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანით. ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად, ან გადაწყვეტილების მისაღებად კი საჭიროა ზუსტი, ფაქტებზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი ახალი ამბები.


„როგორც მედიაორგანიზაციებმა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ და პატივი ვცეთ იმ ფაქტს, რომ ხალხის ყურადღების მიპყრობაში კონკურენციას გვიწევს უამრავი რამ - არა მხოლოდ ახალი ამბების კონკურენტი წყაროები ან სოციალური ქსელები, ეს არის ასევე ადამიანების სამსახურები, მათი ოჯახები - რეალური ცხოვრება.


ჩვენ უნდა შევთავაზოთ ისეთი ჟურნალისტიკა, რომ ადამიანებს მასზე დროის დახარჯვა უღირდეთ”, - ამბობს Associated Press-ის აღმასრულებელი რედაქტორი ჯული პეისი.


ფოტო mediamakersmeet.com

ქეთი ჩოხელი
  • 8
  • 2959
0 Comments