წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 2590

The New York Times პენტაგონს უჩივის

14 დეკემბერი 2025

ამერიკული გამოცემა The New York Times პენტაგონს სასამართლოში უჩივის. მიზეზი უწყებაში პრესის მუშაობისთვის შემოდგომაზე დაწესებული რეგულაციებია.


თავდაცვის ანუ ომის დეპარტამენტში ახალი წესების ამოქმედებას ჟურნალისტთა პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც ათობით აკრედიტირებულმა რეპორტიორმა პირადი ნივთები ჩაალაგა და პენტაგონის შენობა დატოვა.


გამოცემა The New York Times-მა პროტესტს სამართლებრივ ფორმა მისცა. კოლუმბიის ოლქის სასამართლოში გასულ კვირას წარდგენილ სარჩელში მედიასაშუალება განმარტავს, რომ ახალი წესები სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს და აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას ეწინააღმდეგება. გამოცემა ამტკიცებს, რომ თუ რეგულაციები ძალაში დარჩება, საზოგადოება წვდომას დაკარგავს მნიშვნელოვან ინფორმაციაზე - აშშ-ის შეიარაღებულ ძალებსა და ხელისუფლებაში მიმდინარე სიახლეებზე.


ეს პოლიტიკა არის მცდელობა, გაკონტროლდეს მოვლენების მთავრობისთვის არასასურველი კუთხით გაშუქება და არღვევს თავისუფალი პრესის უფლებას, მოიძიოს ინფორმაცია. ინფორმაციის მოძიების უფლება კონსტიტუციის პირველი და მეხუთე შესწორებებითაა დაცული“, - აღნიშნულია New York Times-ის პრესსპიკერის ჩარლი შტადტლანდერის განცხადებაში.


სარჩელში მოპასუხეებად მითითებულნი არიან თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და პენტაგონის პრესსპიკერი შონ პარნელი.


ახალ რეგულაციებზე თანხმობისთვის მედიას 15 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტებს აკრედიტაციები უნდა ჩაებარებინათ.


პენტაგონის ახალ წესებს არ დაეთანხმა 30-ზე მეტი მსხვილი მედიაორგანიზაცია. მათ შორის Reuters, Bloomberg, Associated Press, Washington Post, Politico, NBC, CNN და ასევე Fox News-იც, სადაც, პრეზიდენტ ტრამპის მიერ თავდაცვის მდივნად დანიშვნამდე, თავად პიტ ჰეგსეტი მუშაობდა.


პიტ ჰეგსეტი მიიჩნევს, რომ პენტაგონზე წვდომა არის პრივილეგია და არა უფლება. თავდაცვის დეპარტამენტში მომუშავე რეპორტიორებისთვის ახალ წესებს უწყებაში ეროვნული უსაფრთოების საჭიროებებით ხსნიან.


პენტაგონის ახალი შიდა პოლიტიკით ჟურნალისტებს ეკრძალებათ ინფორმაციის გამოქვეყნება, რომლის გასაჯაროების ნებართვა პენტაგონს ოფიციალურად არ გაუცია.


ჟურნალისტი შეიძლება ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნიონ, თუ ის ეცდება საიდუმლო ან ზოგიერთი ტიპის არასაიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას პენტაგონის თანამშრომლებისგან. მედიის წარმომადგენლებს ასევე ეკრძალებათ, თანმხლები პირისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაადაგილდნენ პენგატონის შენობის ზოგიერთ ნაწილში, სადაც ადრე ნებართვა არ სჭირდებოდათ.


გამოცემა The New York Times საკუთარ სარჩელში ამტკიცებს, რომ ახალი პოლიტიკის მიზანია, შეუზღუდოს ჟურნალისტებს სამთავრობო მოხელეებისთვის კითხვების დასმა და ინფორმაციის შეგროვება, რაც მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.


ოქტომბრის შემდეგ, რაც პენტაგონი ტრადიციულმა მედიასაშუალებებმა დატოვეს, უწყებაში ახალი პრესკორპუსი ჩამოყალიბდა. ჟურნლაისტებს შორის, რომლებმაც ომის დეპარტამენტის მედიააკრედიტაციები მიიღეს, არიან ტრამპის ადმინისტრაციისადმი ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებების თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა მემარჯვენე ონლაინპლატფორმის წარმომადგენლები.


დეკემბრის დასაწყისში ახალაკრედიტებული რეპორტიორებისთვის ჩატარებულ პირველ ბრიფინგზე პენტაგონის პრესმდივანმა ტრადიციული მედიასაშუალებები გაკრიტიკა და მათ „პროპაგანდისტები” უწოდა.


პენტაგონის ახალ რეგულაციებს ოქტომბერში მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც მედიის წარმომადგენლები დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა.


თეთრ სახლში მეორე ვადით მოსვლის პერიოდში პრეზიდენტ ტრამპს არაერთი მსხვილი მედიაორგანიზაციის წინააღმდეგ აქვს ან ჰქონდა სამართლებრივი თუ სიტყვიერი დავა. თავის მხრივ, შექმნილი პრობლემების გამო სამართლებრივ დავას აწარმოებენ ჟურნალისტებიც.


წლის დასაწყისში ტრამპის ადმინისტრაციამ Associated Press-ის ჟურნალისტს ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტის ღონისძიებების ნაწილის გაშუქება მას შემდეგ აუკრძალა, რაც სააგენტომ უარი თქვა “მექსიკის ყურის” “ამერიკის ყურედ” მოხსენიებაზე. პრეზიდენტის ღონისძიებებზე წვდომის შეზღუდვის გამო მედიასაშუალებამ სასამართლოს მიმართა. საქმეზე დავა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.



ქეთი ჩოხელი
  • 0
  • 2590
0 Comments