წითელი ვერსია
  • 5
  • 1692

Max - მაქსიმალური კონტროლისთვის?

11 სექტემბერი 2025

1 სექტემბრიდან რუსეთში, სოციალური ქსელის ეროვნული აპლიკაცია Max ყველა სმარტფონსა და პლანშეტზე სავალდებულოდ დასაყენებელი გახდა. ეს ნიშნავს, რომ ყველა გასაყიდ მოწყობილობაზე, აღნიშნული მესენჯერი წინასწარ უნდა იყოს ჩაწერილი.


Max სახელმწიფოსთან დაახლოებული კომპანია VK-ს მიერაა შექმნილი. მასვე ეკუთვნის რუსეთში უმსხვილესი სოციალური ქსელი „V Kontakte“. ეს Facebook-ის მსგავი პლატფორმაა, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ მედია” და პუტინთან დაახლოებული მილიარდერი იური კოვალჩუკი აკონტროლებს.


რეგულაციის ამოქმედებამდე, ხელისუფლება ახალ მესენჯერზე გადასვლისკენ აქტიურად მოუწოდებდა საჯარო მოხელეებს და სასწავლო დაწესებულებების პერსონალს. ახალ აპლიკაციას რეკლამას უკეთებენ რუსი ბლოგერები და ცნობილი სახეები. მოსკოვის სკოლების ადმინისტრაციები კი მშობელთა ჯგუფების ახალ მესენჯერში გადატანას ითხოვენ. ახალ სოციალურ ქსელს უკვე 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.


ამასთან, 1 სექტემბრიდან მოწყობილობებზე სავალდებულო გახდა მობილური აპლიკაციების მაღაზია RuStore-ის ინსტალაციაც. ეს ეხება როგორც IOS-ის, ისე Android-ისა და HyperOS-ის საოპერაციო სისტემებს.


ახალი რეგულაციის ამოქმედებას წინ უძღოდა „როსკომნადზორის“ მიერ WhatsApp-ისა და Telegram-ის აპლიკაციებში ზარების შეზღუდვა. ეს აპლიკაციები Max-ის მთავარ კონკურენტებად მოიაზრება.


WhatsApp-ისა და Telegram-ის ყოველთვიურ მომხმარებელთა რაოდენობა რუსეთში, 97 და 90 მილიონს შეადგენს. ორივე ეს აპლიკაცია ე.წ. end-to-end დაშიფვრას იყენებს, რაც მომხმარებელთა მონაცემების კონფიდენციალურობას ზრდის.


შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლების მიერ ახალი საკომუნიკაციო საშუალების სავალდებულო წესით დანერგვამ, კონფიდენციალობასა და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული კითხვები გააჩინა. კრიტიკოსები შიშობენ, რომ რუსეთის ხელისუფლების ახალი რეგულაცია ინტერნეტში თვალთვალისა და მოქალაქეებზე ტოტალური კონტროლის საშუალება იქნება.


კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღნიშნულია, რომ მას შეუძლია, გადასცეს მომხმარებლებელთა ანგარიშების ან სხვა სახის მონაცემები მესამე მხარეს, ან სახელისუფლებო ორგანოებს, რუსეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ახალი მესენჯერის გამოყენება უსაფრთხოა. ამასთან, უწყებაში განაცხადეს, რომ სოციალური ქსელის მიერ სამართალდამცველებისთვის გადაცემული მონაცემების საფუძველზე, უკვე დააკავეს თანხების მიტაცებაში ეჭვმიტანილი პირი.


რუსეთში გეგმავენ, Max აქციონ ჩინური WeChat-ის მსგავს სუპერ-აპლიკაციად, რომელიც მესენჯერის გარდა, გააერთიანებს სახელმწიფო ციფრულ სერვისებს და საბანკო მომსახურებას.


Max-ის სავალდებულო წესით დანერგვა, რუსეთში ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის ამოქმედებული ერთადერთი რეგულაცია არ არის.


დაწესდა ჯარიმა ინტერნეტში ექსტრემისტული მასალების ძებნისა და VPN-სერვისების რეკლამირებისთვის.


რუსეთის იუსტიციიის სამინისტროს ვებგვერდზე, ექსტრემისტული მასალების სიაში შედის როგორც პორნოგრაფიული ხასიათის, ანტისემიტური და ნარკოტიკებთან დაკავშირებული მასალები, ისე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პუბლიკაციები, ვებგვერდები, სიმღერები და ვიდეოფაილები, მათ შორის ალექსეი ნავალნისა და ალექსანდრ ლიტვინენკოს წიგნები.


ამასთან, მიმდინარე თვიდან, მოქალაქეებს ეკრძალებათ სიმ-ბარათის სხვებისთვის გაზიარება, ოჯახის წევრების გარდა. სახელმწიფო სათათბიროში განიხილავენ ერთ მოქალაქეზე სიმ-ბარათების დასაშვები რაოდენობის შემცირებასაც.


რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, კრემლმა ინტერნეტში მოქალაქეების თავისუფლება სულ უფრო მეტად შეზღუდა. Freedom House-ის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში, 100-დან 20 ქულა ჰქონდა და 72 ქვეყანას შორის, ბოლოდან მე-4 ადგილს იკავებდა.



ქეთი ჩოხელი
  • 5
  • 1692
0 Comments