წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 1
  • 2034

Grokipedia vs Wikipedia - ბრძოლა "ჭეშმარიტებისთვის"

13 ნოემბერი 2025

კოსმოსური ხომალდების, სატელიტური ინტერნეტის, ელექტრომანქანებისა და სოციალური მედიის პლატფორმის შემდეგ ილონ მასკი ახალ ამბიციურ პროექტს იწყებს.


ოქტომბრის ბოლოს ამერიკელმა მილიარდერმა ონლაინ ენციკლოპედია “გროკიპედია” წარმოადგინა, რომელსაც “ვიკიპედიის” კონკურენტად განიხილავს. “ვიკიპედიისგან” განსხვავებით, “გროკიპედიის” მასალები ხელოვნურ ინტელექტს - Grok-ს ეფუძნება.


ილონ მასკი ამტკიცებს, რომ “გროკიპედიის” საწყისი ვერსია უკვე სჯობს კონკურენტს და მომავალში მეტად დაიხვეწება.


“გროკიპედიის” საწყის გვერდზე მითითებულია, რომ ამ დროისთვის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია დაახლოებით 885 ათასი სტატია. მსოფლიოს უდიდესი ონლაინ ენეციკლოპედია “ვიკიპედია” კი მხოლოდ ინგლისურ ენაზე 7 მილიონზე მეტ პუბლიკაციას ითვლის.


ახალი პლატფორმა ინტერნეტში ღია წყაროებში, მათ შორის თავად “ვიკიპედიაში” მოძიებულ მასალებს ეყრდნობა, ამიტომ შესაძლებელია, “გროკიპედიის” სტატიებში კონკურენტი პლატფორმის ინფორმაციებიც ვიხილოთ.


კონკურენტებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ილონ მასკის პლატფორმაზე მასალების რედაქტირება მომხმარებლებს არ შეუძლიათ, ყოველ შემთხვევაში - ამ ეტაპზე. “გროკიპედიაზე” ყველა ფაქტს მასკის კომპანიის xAI-ის ჩატბოტი - Grok-ი ამოწმებს.


“ვიკიპედიის” მთავარი პრინციპი მოხალისეობაა. ნებისმიერ სტატიას ქმნიან მოხალისეები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.


“ვიკიპედიაში” ჩართვა და მისი გამდიდრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რასაც “ვიკიპედიის” ოფიციალური პოლიტიკა განსაზღვრავს.


ამ პოლიტიკის თანახმად: ნებისმიერი მასალა, რომელიც “ვიკიპედიაში” იწერება, უნდა იყოს აკადემიურ სტილში მომზადებული, ნეიტრალური და წყაროებზე დაფუძნებული.


რაც შეეხება სიზუსტეს - 2005 წელს, ჟურნალმა Nature-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ერთმანეთს ადარებდა ენციკლოპედია ბრიტანიკისა და “ვიკიპედიის” 42 სამეცნიერო სტატიას. აღმოჩნდა, რომ “ვიკიპედიის” სიზუსტე “ბრიტანიკისას” უახლოვდებოდა.


ილონ მასკი ხშირად აკრიტიკებს “ვიკიპედიას” და მას მიკერძოებულ პლატფორმად მიიჩნევს. ამერიკელმა მილიარდერმა ენციკლოპედია Wokepedia-დაც მოიხსენია, რადგან, მისი აზრით, ის მემარცხენე იდეოლოგიის გავრცელებას უწყობს ხელს. ილონ მასკი აცხადებს, რომ სურს, “ვიკიპედიის” მიუკერძოებელი ალტერნატივა შექმნას.


„ჩვენ გამოვიყენეთ Grok-ის უახლესი ვერსია “გროკიპედიის” შესაქმნელად, რომელიც, ვფიქრობ, უფრო ნეიტრალური და ზუსტია, ვიდრე “ვიკიპედია”. ჩვენ ვასწავლეთ Grok-ს კრიტიკული აზროვნება. ავიღეთ Grok-ის ეს ვერსია და ვუთხარით: გადახედე “ვიკიპედიის” მილიონობით ყველაზე პოპულარულ სტატიას და განავრცე, შეცვალე და წაშალე. დააკორექტირე “ვიკიპედიის” სტატიები, მაგრამ ასევე დაამატე კონტექსტი; ეს არ არის მხოლოდ შეცდომების გასწორება, ეს ადამიანებისა და მოვლენების უფრო ზუსტი, რეალისტური და დეტალური აღწერაა”, - ასე ახასიათებს ილონ მასკი თავის ახალ პროექტს.


“გროკიპედიის” მიუკერძოებას, ნეიტრალურობასა და სიზუსტესთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაჩნდა. ახალი ონლაინ ენციკლოპედია უკვე ამხილეს მცდარი, დაუსაბუთებელი, მიკერძოებული ან თავად მფლობელის შეხედულებების შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაში.


მაგალითად, ცნობილმა ბრიტანელმა ისტორიკოსმა სერ რიჩარდ ევანსმა არაერთი ფაქტობრივი შეცდომა აღმოაჩინა “გროკიპედიაზე” როგორც საკუთარ ბიოგრაფიაში, ასევე ისტორიულ თემებთან დაკავშირებულ სტატიებში.


ბრიტანელი მეცნიერი ილონ მასკის ენციკლოპედიაში ხელოვნური ინტელექტის მიერ ფაქტების შეფასების დროს მნიშვნელოვან პრობლემას ხედავს - საქმე ისაა, რომ ინტერნეტსივრცეში დისკუსიას ხელოვნური ინტელექტი სერიოზულ სამეცნიერო ნაშრომებთან ათანაბრებს.


“ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ყველაფერს იწოვს”, - აღნიშნავს ისტორიკოსი “გროკიპედიის” დატესტვის შემდეგ.


“ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც სულ უფრო მეტს სჯერა, რომ ინფორმაციის ალგორითმული შეგროვება უფრო სანდოა, ვიდრე ადამიანის ცოდნა. “სილიკონ ველის” აზროვნება ძალიან განსხვავდება ტრადიციული სამეცნიერო მიდგომისგან”, - ამბობს გამოცემა Guardian-თან ლუნდის უნივერსიტეტში ცოდნის ისტორიის დირექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი დევიდ ლარსონ ჰაიდენბლადი.


ამერიკელი მილიარდერის ამბიციური გეგმები ბადებს კითხვას - რამდენად გაუწევს “გროკიპედია” კონკურენციას “ვიკიპედიას”, რომელიც 20 წელზე მეტია, ინტერნეტში წამყვან ენციკლოპედიად მიიჩნევა, სრულად მოხალისეობრივ საქმიანობას ეფუძნება და რომელსაც ყოველთვიურად 15 მილიარდამდე მნახველი ჰყავს.


Wikimedia Foundation-ში აცხადებენ, რომ შესაძლოა, “ვიკიპედია” არ არის იდეალური, თუმცა რჩება სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის თავისუფლად ხელმისაწვდომ და გამჭვირვალე წყაროდ.


“მყისიერი პასუხების მიღება უდიდესი უპირატესობაა, ამ მხრივ, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. თუმცა, მან ასევე გაართულა ინფორმაციის ნაკადის დახარისხება, რათა მივიღოთ ყველაზე ზუსტი და სანდო პასუხები. დღევანდელ ონლაინ საინფორმაციო ეკოსისტემაში სწრაფი ცვლილებები კიდევ უფრო აქტუალურს ხდის სანდო და დადასტურებული ფაქტების საჭიროებას”, - წერია Wikimedia Foundation-ის განცხადებაში.


ქეთი ჩოხელი
  • 1
  • 2034
0 Comments