წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 2645

BBC-ის საჯარო ბოდიში და პასუხისმგებლობა

11 ნოემბერი 2025

BBC ტრანსატლანტიკური მასშტაბის პოლიტიკურ და მედიასკანდალში გაეხვა. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მასობრივი კომუნიკაციის ოქროს სტანდარტად მიიჩნეოდა, დღეს საჯარო ბოდიშს იხდის და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მიკერძოებული არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მაუწყებელს სასამართლოში სარჩელის შეტანით ემუქრება. სკანდალის ფონზე გადადგა არხის გენერალური დირექტორი და საინფორმაციო სამსახურის აღმასრულებელი ოფიცერი.


ყველაფერი კი ერთი დოკუმენტის გასაჯაროებით დაიწყო. ბრიტანულმა გამოცემა Telegraph-მა 6 ნოემბერს გამოაქვეყნა BBC-ის შიდა დოსიე, რომელმაც მაუწყებლის კრიზისი გამოიწვია. „დოკუმენტში გამოაშკარავებულია ინციდენტების მთელი სერია, რომელიც კორპორაციის მაუწყებლობის სერიოზულ მიკერძოებაზე მიანიშნებს“,- წერს Telegraph.


დოკუმენტი ყოფილმა ჟურნალისტმა მაიკლ პრესკოტმა შეადგინა და BBC-ის საბჭოს გაუგზავნა. ვრცელ დოსიეში რამდენიმე ინციდენტია ასახული, მათ შორის ყველაზე სკანდალური პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკავშირდება.


მაიკლ პრესკოტი ამტკიცებს, რომ ბრიტანული მაუწყებლის გადაცემა „პანორამამ“ დონალდ ტრამპის 2021 წლის 6 იანვრის განცხადება არასწორად დაამონტაჟა, კერძოდ, პრეზიდენტის 2 ფრაზა ერთმანეთს ისე გადააბა, თითქოს იგი მხარდამჭერებს ძალადობისკენ პირდაპირ მოუწოდებდა.


საუბარია მოვლენებზე, როდესაც აშშ-ის კაპიტოლიუმზე დონალდ ტრამპის მომხრეთა შტურმს მსხვერპლი მოჰყვა. პრესკოტის განცხადებით, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარი მაყურებელი მიზანმიმართულად შეაცდინა.


დონალდ ტრამპზე „პანორამას“ დამონტაჟებული დოკუმენტური ფილმი ეთერში აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავიდა.


BBC-ის თავმჯდომარემ, სამირ შაჰმა ბრიტანეთის პარლამენტის კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტის დეპუტატებს აღიარებითი წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნა, რომ დამონტაჟებული ვიდეო მართლაც ქმნიდა არასწორ შთაბეჭდილებას, თუმცა ეს არაკეთილსინდისიერი განზრახვით ან ხალხის მიზანმიმართულად მოსატყუებლად არ გაკეთებულა.


„ბოდიშს ვიხდით ჩვენი გუნდის მიერ პრეზიდენტ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დამონტაჟების გამო. პრობლემის ერთი ნაწილი იყო ვიდეომონტაჟი, მეორე კი ის შთაბეჭდილება, რომელიც ბრიტანელ მაყურებელს ამ განცხადებით შეექმნა. ბოლო 3 წლის განმავლობაში BBC-იმ ამ თემას ასობით საათი დაუთმო, შესანიშნავი ჟურნალისტური სამუშაო შესრულდა ყველა პლატფორმაზე. თუმცა შეცდომებიც გარდაუვალია. ამ შემთხვევაში, სწორედ, ინდივიდუალური შეცდომა შენიშნეს. პრობლემას ვაღიარებთ. მიკერძოების ფაქტები ჩვენთან სისტემური არ ყოფილა“.


არხის რეპუტაციის გადასარჩენად ხელმძღვანელობა გადადგა. შეცდომებზე პასუხისმგებლობა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ტიმ დევიმ აიღო. მან შესაბამისი განცხადება 9 ნოემბერს გაავრცელა.


იმავე დღეს დატოვა პოსტი BBC-ის საინფორმაციო სამსახურის აღმასრულებელმა ოფიცერმა დებორა ტერნესმა. ტერნესმაც აღიარა კონკრეტული შეცდომები, თუმცა ბრალდება მაუწყებლის სისტემური მიკერძოების შესახებ უარყო.


„პრეზიდენტ ტრამპის შესახებ გადაცემა „პანორამას“ გარშემო შექმნილმა გაუგებრობამ იმ დონეს მიაღწია, ეს BBC-ისთვის, ჩემთვის საყვარელი ინსტიტუციისთვის დამაზიანებელია. შეცდომები ნამდვილად იყო, თუმცა მკაფიოდ ვაცხადებ, ბოლოდროინდელი ბრალდებები, რომ BBC News ინსტიტუციურ დონეზე მიკერძოებულია - არ შეესაბამება სიმართლეს“,- წერია დებორა ტერნესის ოფიციალურ განცხადებაში.


გადადგომის შესახებ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი რგოლის გადაწყვეტილებას ამერიკის პრეზიდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მისი განცხადება დაამონტაჟეს, კორუმპირებულები უწოდა და უცხო ქვეყნის მაუწყებელი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მცდელობაშიც დაადანაშაულა.


„ესენი არიან ძალიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების სასწორის გადაწონვა სცადეს. ყველაფერთან ერთად, ისინი უცხო ქვეყნიდან არიან; ქვეყნიდან, რომელსაც ჩვენ ნომერ პირველ მოკავშირედ მივიჩნევთ. ეს საშინელებაა დემოკრატიისთვის!“- დაწერა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.


ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის იურისტების გუნდმა მაუწყებელს წერილი მისწერა, რომლითაც BBC-ის 14 ნოემბრის ღამის 10 საათამდე მისცეს ვადა, „სრულად და სამართლიანად გაიხმოს უკან“ „პანორამას“ დოკუმენტური ფილმი, წინააღმდეგ შემთხვევაში არხს უჩივლებენ და 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალს მოითხოვენ.


BBC-ის არაობიექტურობის შესახებ ბრალდებები პრეზიდენტ ტრამპის ისტორიით არ მთავრდება. სკანდალურ დოსიეში ასევე მოყვანილია მტკიცებულებები ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ისეთი თემების დაუბალანსებლად გაშუქების შესახებ, როგორიცაა მაგალითად ისრაელ-ჰამასის ომი.


დოკუმენტის თანახმად, BBC-ის არაბულმა ბიურომ ამ თემაზე 523 სტატია გამოაქვეყნა, ყველა მათგანი მხოლოდ ისრაელის ქმედებებს აკრიტიკებდა. არაბულ ბიუროს არ მოუყოლია „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების შესახებ ისტორიები, არც ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები უხსენებია.


კიდევ ერთი მწვავე ბრალდება ლგბტქ პროპაგანდას და ტრანსგედერთა თემების გაშუქებისას ცენზურას უკავშირდება. Telegraph-ის მიერ გასაჯაროვებულ დოსიეში წერია, რომ BBC-ის ლგბტქ რედაქცია მიზანმიმართულად ბლოკავდა ტრანსგენდერებთან დაკავშირებულ ისეთ დებატებს, სადაც კითხვები ისმებოდა ბიოლოგიური სქესის შეცვლის პროცედურების მართებულობაზე და აკრიტიკებდნენ ქალთა სივრცეებში ტრანსგენდერი ქალების ანუ ბიოლოგიური მამაკაცების ინტეგრაციას.


ბრალდებებისა და პოლიტიკური სკანდალის ფონზე BBC-ის საბჭოს თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ დოსიეში მოყვანილ ყველა ინციდენტს დეტალურად მოიკვლევს და საჭირო ზომებს მიიღებს იმისთვის, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს „ობიექტურობის ჩემპიონი და დაიცვას უმაღლესი სტანდარტები“. სამირ შაჰის თქმით „მიუკერძოებელი, სიმართლესა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა BBC-ის წმინდა საქმეა“.


ფოტო: telegraph.co.uk

მარიამ გიგანი
  • 0
  • 2645
0 Comments