წითელი ვერსია
  • 8
  • 5654

07.08.08 თუ 08.08.08?

09 აგვისტო 2022

„რუსეთის რეგულარული ძალები საქართველოში 7 აგვისტოს შემოიჭრა- ტვ „პირველი“;


„ისტორიის გადაწერის მცდელობა/ოლიგარქის პოლიტიკური კლანი ომის დაწყების დღედ 8 აგვისტოს აღიარებს– „მთავარი არხი“;


„2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა“ - ტვ „ფორმულა“;


ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს გამოცხადებას ოპოზიციური არხები „რუსულ ნარატივს“ უწოდებენ, საზოგადოება კი დაბნეულია, რადგან 2008 წლიდან მოყოლებული, ომის დაწყების თარიღად, ოფიციალურად 8 აგვისტო მიიჩნეოდა.


მედიაარქივი ინახავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოფიციალური პირები, წლების განმავლობაში, ომის დაწყების წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსაც ამ დღეს სტუმრობდნენ.


„საქართველოში აგვისტოს ომის დაწყებიდან მესამე წლისთავს აღნიშნავენ. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპული ქართველი სამხედროები არიან დაკრძალულნი, მემორიალი გვირგვინით შეამკო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა“ - „რადიო თავისუფლება“, 8 აგვისტო, 2011 წელი;


“ამ ომის ცხელი სტადიის ხუთი წლისთავზე მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბრო იმ გმირობაზე, რომელიც გამოიჩინეს ამ ბიჭებმა, რომლებიც აქ წვანან.. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა“ - ნეტგაზეთი, 8 აგვისტო, 2013 წელი;


არქივი ინახავს იმ ინფორმაციასაც, რომელსაც 2008 წლის 8 აგვისტოს დილით ავრცელებდა „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახური, - იმ პერიოდში მკვეთრად სახელისუფლებო არხი.


„ინტენსიური სროლა მიმდინარეობს ცხინვალის გარეუბანში, ზემო ნიქოზთან ქართული ქვედანაყოფები უკვე 8 სოფელს აკონტროლებენ“ - აცნობა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მაყურებელს;


„სროლის ხმა კვლავ ისმის კონფლიქტის ზონაში, მასირებული ცეცხლი არის გახსნილი ოსური ბანდფორმირებების პოზიციების მიმართ... ვიყავით სოფელ ნიქოზში, რომელიც იბომბებოდა ოსი სეპარატისტების მიერ, მოსახლეობამ თითქმის მთელი ღამე სარდაფში გაატარა“ - ჟურნალისტი გიორგი კეპულაძე, რომელიც გადაცემაში კონფლიქტის ზონიდან ჩაერთო, არსად ახსენებს რუსეთს და რუსულ აგრესიას. წამყვანის და რეპორტიორის აქცენტები შეიარაღებულ ბანდფორმირებებზე და ოს სეპარატისტებზეა გადატანილი.


„მიუხედავად სამშვიდობო ინიციატივებისა, რომელიც პრეზიდენტმა გუშინ ღამით გაახმოვანა, სეპარატისტებმა ამას უპასუხეს მასიური ცეცხლის გახსნით რამდენიმე ქართული სოფლის მიმართულებით, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნეს მშვიდობიან მოქალაქეებს იმ რეგიონში ... ჩვენ იძულებულები გავხდით, სამთავრობო ძალებს დაეწყოთ ქმედებები მშვიდობის დასამყარებლად იმ რეგიონში. ეს ქმედებები ამ წუთასაც გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ საწადელ მიზანს..“ - ეს უკვე იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის დილის ბრიფინგია 8 აგვისტოს, რომელიც ასევე პირდაპირ ეთერში გადასცა „რუსთავი2“-მა.


გურგენიძე ბრიფინგზე ამბობს, რომ - „ღამე იყო დაფიქსირებული სეპარატისტების შემოდინება როკის გვირაბიდან“ .


განცხადებაში ნახსენები არ არის რუსული სამხედრო ინტერვენცია.


მეტიც, პრემიერი მოუწოდებს მოსახლეობას, განაგრძონ ჩვეულებრივი ცხოვრება:


მე მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება იქნებოდა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ცხოვრება გრძელდება. ის სამთავრობო ძალები, რომლებიც ამ ქმედებებში არიან ჩართულნი, თავის ვალს ასრულებენ იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს სამხრეთ ოსეთში ჰქონდეთ საშუალება მშვიდობიანი, წყნარი ცხოვრების. დღეს არის ჩვეულებრივი სამუშაო დღე!“


ამავე საინფორმაციო გამოშვებაში, ჟურნალისტი ანა წერეთელი სიუჟეტში, რომელიც 7 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს შეეხება, გამუდმებით და მრავალჯერ აკეთებს აქცენტს „ოს სეპარატისტებზე, ათასი რჯულის ბანდფორმირებებზე“ და მათ მიერ ქართულ სოფლებზე მიტანილ იერიშებზე.


წამყვანი კი გვატყობინებს, რომ ოსურ და ქართულ მხარეებს შორის 8 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრას (იაკობაშვილსა და ჩოჩიევს შორის) რუსეთი შუამავლის როლში დაესწრება.


რა შეიცვალა 14 წლის შემდეგ?


ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადების მომხრე არხები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უკვე 7 აგვისტოს ჰქონდა ყველა მონაცემი რუსეთის მხრიდან დაწყებული ინტერვენციის შესახებ.


გამოდის, აღნიშნული ინფორმაცია მედიამ და მთავრობამ დამალა, და 8 აგვისტოს ხალხს გამოუცხადა, რომ „ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო“.


რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები, რუსეთის პასუხისმგებლობა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში და ის, რომ შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის მოხდა - უკვე დადასტურებული ფაქტია სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილების შედეგად.


შესაბამისად, კამათი და დაპირისპირება თემაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, როდის დაიწყო ოკუპაცია - 7 თუ 8 აგვისტოს, აზრს კარგავს რუსულ აგრესიასთან მიმართებაში, რომლის აღსანიშნავი ციფრული კოდი - 08.08.08 – აგვისტოს ომის პერიოდიდან დაამკვიდრა მედიამ.



ფოტო netgazeti.ge

ლელა კურდღელაშვილი
  • 8
  • 5654
0 Comments