წითელი ვერსია
  • 0
  • 8232

„ჟურნალისტის მუნდირის“ დაცვა „რუსთავი 2“-ზე

22 დეკემბერი 2020

დამოუკიდებლობის უკვე თითქმის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე ქართული მედია სარკესავით ირეკლავდა ქვეყნის ბედს: 1990-იანი წლებისგან განსხვავებით, გაზეთებისა და თითო-ოროლა ტელეკომპანიის ნაცვლად, დღეს ქვეყნის მედიასივრცეში უამრავი ინტერნეტრესურსი, გაზეთი, რადიო- თუ ტელეკომპანია საქმიანობს, რომელთა დიდი ნაწილიც ერთდროულად რამდენიმე პლატფორმაზეა წარმოდგენილი.


განვლილი სამი ათეული წლის მანძილზე ქართულ მედიას უნახავს და საკუთარ თავზე გამოუცდია ბანდფორმირებების თარეშიც, სამოქალაქო დაპირისპირებაც, რევოლუციაც, ავტორიტარული მმართველობაც და შედარებით მშვიდი, თავისუფალი განვითარების წლებიც. ეს ცვლილებები, ბუნებრივია, ცვლიდნენ თვით მედიასაც − ამ ხნის მანძილზე გაჩნდა ბევრი ახალი მედიასაშუალება, ბევრმაც შეწყვიტა არსებობა. მაგრამ ქართულ მედიაში არსებობს რამდენიმე მოთამაშე, რომელსაც, ფაქტობრივად, უწყვეტი ისტორია აქვს 90-იანი წლებიდან დღემდე.


ერთ-ერთი მათგანია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელსაც ქართული მედიის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. იყო დრო, როცა „რუსთავი 2“ მთავარ ოპოზიციურ ტელეკომპანიად გვევლინებოდა, ოპოზიციის გამარჯვების შედეგად კი „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად“ იქცა; იყო პერიოდი, როდესაც ის იყო შეუფარავად სამთავრობო ტელევიზია, ხოლო 2019 წლიდან დადგა ახალი ეტაპი, როდესაც „რუსთავი 2“ ცდილობს, იყოს სრულიად დამოუკიდებელი როგორც ხელისუფლებისგან, ისე ოპოზიციისგან.


თუმცა, თავისუფლების მოსაპოვებლად სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვის საკმარისი არ არის; იმისთვის, რომ განვსაზღვროთ მედიასაშუალების თავისუფლების ნამდვილი ხარისხი, უნდა ვიცოდეთ ისიც, საერთოდ როგორ ესმით თავისუფლება ამა თუ იმ მედიუმის მესვეურებსა თუ ჟურნალისტებს, რამდენად ექვემდებარებიან ან არ ექვემდებარებიან ისინი თვითცენზურას და რამდენად განიცდიან მათ იდეოლოგიურ გავლენას, ვისგანაც იურიდიულად გათავისუფლდნენ.


ამ გაგებით, საყურადღებო იყო 15 დეკემბერს სიტყვის თავისუფლების გარშემო წარმოშობილი დავა „რუსთავი 2“-ის „ღამის კურიერის“ წამყვანებსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს შორის, რადგან დავის მიზეზი სწორედ „რუსთავის 2“-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ საქართველოს პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული შეურაცხყოფა გახდა.


საერთოდ, სალომე ზურაბიშვილისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად გვარამია აქტიურად იყენებს ლამის ყველა არსებულ მედიაპლატფორმას და მათ შორის სოციალურ ქსელსაც, თუმცა კამათი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებსა და თეა წულუკიანს შორის დაიწყო არა გვარამიას პოსტების, არამედ წულუკიანის კომენტარების გამო, რომლებიც, თავად რესპონდენტის თქმით, მან სწორედ გვარამიას შეურაცხმყოფელი განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.


რას გულისხმობდით, როდესაც გვარამიას მიმართავდით სიტყვებით: ‘მზეთუნახავები ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?’“ − ეკითხება წამყვანი წულუკიანს. რაც ვთქვი, იმის თქმა მსურდაო, პასუხობს წულუკიანი და შემდეგ ცდილობს ახსნას, რატომ განაცხადა, რაც განაცხადა და რომ მისი პასუხი, გვარამიას ნათქვამთან შედარებით, „არის ძალიან რბილი და ზრდილობიანი“.


სხვათა შორის, ეს ფრაზა წულუკიანმა ოთხჯერ ზედიზედ გაიმეორა, ალბათ იმისთვის, რომ ხაზი გაესვა, რამდენად განსხვავდება მისი მეტყველება იმ უცენზურო ლექსიკისგან, რომელსაც „სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული“ გვარამია მიმართავს.


გაიმეორეთ, აბა თქვენ, რაც გვარამიამ სალომე ზურაბიშვილზე განაცხადა და დაწერა! შეგიძლიათ თქვენ ამ სიტყვების გამეორება?“ − ეკითხება წულუკიანი „ღამის კურიერის“ ერთ-ერთ წამყვანს თამარ ურუშაძეს, რომელმაც გვარამიას „ციტატა“ არ გაიმეორა, თუმცა საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ გვარამია ჟურნალისტია და, შესაბამისად, (როგორც ჩანს) ნებისმიერი ადამიანის შეურაცხყოფის უფლება აქვს...


რაც შეეხება კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილს, მისი შეურაცხყოფით გვარამიამ აქამდეც არაერთხელ „გამოიჩინა თავი“. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვნების დროს, როდესაც ის ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ს ხელმძღვანელობდა, „მოღალატე“ ყველაზე რბილი სალანძღავი სიტყვა იყო, რომელსაც იგი ზურაბიშვილის მიმართ იყენებდა.


გვარამიას „ლოგიკა“ მაშინაც და ახლაც ზუსტად ისაა, რაც „რუსთავი-2“-ის წამყვანმა წულუკიანს „შეახსენა“: გვარიამია არის ჟურნალისტი, სარგებლობს გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლებით და, რაც მოესურვება, იმას იტყვის, ხოლო ზურაბიშვილი პოლიტიკოსია და თმენის ვალდებულება აქვს. გვარამიას ლოგიკით, ასეთია სიტყვის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტი, რაც თურმე ჩვეულებრივი პრაქტიკაა განვითარებულ დემოკრატიებში.


სინამდვილეში გვარამიამ მშვენივრად იცის, მოიცავს თუ არა გამოხატვის თავისუფლება ლანძღვა-გინების უფლებას. განვითარებული დემოკრატიები ცოტა ხნით რომ დავივიწყოთ, ყველას გვახსოვს ეპიზოდი როდესაც ე.წ. „გავრილოვის ინციდენტის“ შემდეგ გიორგი გაბუნიამ გარდაცვლილი დედა შეაგინა რუსეთის პრეზიდენტს. ამას მოჰყვა საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, ხოლო თვითონ გვარამიამ გაბუნიას საქციელი დაგმო და ერთხანს წამყვანი ეთერიდანაც მოხსნა.


აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ან გვარამიასთვის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის გინებაა „დასაშვები“, ან ის საზოგადოების რეაქციას აკვირდება და, სადაც „გასდის“, იქ იგინება. ვფიქრობ, საქმე მეორე შემთხვევასთან უნდა გვქონდეს და სწორედ ამ გაგებით არის საინტერესო „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიერ წულუკიანთან საუბარში გამოთქმული „არგუმენტები“.


მართლაც საინტერესოა, რატომ შეიძლება დღევანდელი „რუსთავი 2“-ის წამყვანებმა „გამართლება მოუძებნონ“ ან „დაიცვან“ ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი თეა წულუკიანისგან, რომელიც, იუსტიციის სამინისტროს რიგით თანამშრომლებთან ერთად 2012 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა იმისთვის, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ბოლოს და ბოლოს მართლაც მოეპოვებინათ სიტყვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველა პოლიტიკური ძალისგან?


ერთი შეხედვით, აბსურდია. თუმცა არა. გვარამიას ქცევისა და მეტყველების სტილი ზოგ ჟურნალისტს მართლაც სიტყვის თავისუფლების მწვერვალი ჰგონია, მისი გინება სიმამაცე, ხოლო პოლიტიკოსების მიმართ უკიდურესი აგრესია − ჯანსაღი კრიტიკა.


გვარამიამ მედიაში სწორედ ასეთი სტანდარტები დაამკვიდრა და, როგორც ჩანს, ბევრისთვის ეს „სტანდარტი“ დღემდე“ ძალაშია. კარგი იქნებოდა, თუ ასეთი ჟურნალისტები არ დაკმაყოფილდებოდნენ გვარამიას მოყოლილი ამბებით და თავად დაინტერესდებოდნენ, როგორ მუშაობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დასავლეთში.


მაგალითად აშშ-ში ახლახან ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიც იკმარებს, რომელიც, თავის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე ხისტი და უხეში რიტორიკით გამოირჩეოდა. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართული დებატების დროს გაისმა ფრაზები, როგორებიცაა „პუტინის ლეკვი“, „მოკეტე, კაცო“ და ა. შ., რასაც მთელმა ამერიკამ მიაქცია ყურადღება, თუმცა უწმაწური სიტყვები საზოგადოებას არც ტრამპისგან და არც ბაიდენისგან არ მოუსმენია და მით უმეტეს, არცერთ ამერიკელ ჟურნალისტს არ მიუცია თავისთვის იმის უფლება, რასაც გვარამია „სიტყვის თავისფლებას“ უწოდებს.


ასე რომ მომავალში, როცა ჟურნალისტები გვარამიას დაცვას შეეცდებიან და ეგონებათ, რომ ამით „ჟურნალისტის მუნდირს“ იცავენ, უპრიანი იქნება, გაითვალისწინონ, რომ გვარამია ნამდვილად არ არის ჟურნალისტი ამ სიტყვის დასავლური გაგებით და, შესაბამისად, მისი „მუნდირიც“ ყალბია. ასეთ „დაცვას“ „უფასო ადვოკატობა“ ჰქვია, ხოლო გვარამიას, რომელიც კარგა ხანს პროკურორად მუშაობდა, უფასო ადვოკატები არ სჭირდება.


მიხეილ ვარძელაშვილი
  • 0
  • 8232
0 Comments