წითელი ვერსია
  • 4
  • 4127

„ვლადიმირ პოზნერის საღამო“ ქართულ ტელემედიაში

06 აპრილი 2021

31 მარტის საღამო ქართველი ტელემაყურებლისთვის განსაკუთრებით დრამატული გამოდგა და, მიუხედავად იმისა, რომ დაძაბული ეთერით საზოგადოების გაკვირვება საქართველოში იოლი არ არის, რამდენიმე ტელეკომპანიამ მაინც მოახერხა და ბოლო ხანს გახშირებული საპროტესტო აქციებიდან ერთ-ერთი, ალბათ, სამუდამოდ დაგვამახსოვრა.


საპროტესტო განწყობა ოპოზიციურ მედიასა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტთა ჯგუფებში ჯერ კიდევ შუადღიდან გაჩნდა, როცა ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1 აპრილისთვის, საკუთარ დაბადების დღეზე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი. ცნობისთვის: რუსეთის გარდა პოზნერი საფრანგეთისა და აშშ-ის მოქალაქეც არის და, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხშირად სტუმრობს.


თავად საპროტესტო აქცია საღამოს დაიწყო, როცა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პოზნერი ადგილობრივსა და რუსეთიდან ჩამოყვანილ რამდენიმე ათეულ მეგობართან ერთად, თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში დაბადების დღეს აღნიშნავდა – „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების უგულებელყოფით.


ამ ფაქტმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ამავე საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მაინც ვერ გაიგო, რატომ გადაიზარდა ეს უკმაყოფილება მწვავე დაპირისპირებაში მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიებსა და მედიას პოზნერის ადრინდელი სტუმრობების მიმართ არავითარი ინტერესი არ გამოუჩენიათ და არც ის კომენტარები გახსენებიათ, რომლებიც რუს ჟურნალისტს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კონტექსტში 2008 წლის ომზე, აფხაზეთზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის სხვა მწვავე თემებზე აქვს გაკეთებული.


ასეა თუ ისე, 31 მარტს მოვლენები დაძაბული სცენარით განვითარდა. ამას მოწმობს ისიც, რომ სამი ოპოზიციური ტელევიზია: ტვ „პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ საპროტესტო აქციას რამდენიმე საათის განმავლობაში, ფაქტობრივად, უწყვეტ პირდაპირ ეთერში აშუქებდა.


ამ დროის მანძილზე ამ ტელევიზიების ეთერში გამოვლინდა არაერთი ისეთი ფაქტი და ტენდენცია, რომელთა გამართლებაც ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტების გადასახედიდან მეტად რთულია იმის გათვალისწინებითაც კი, რომ პროტესტი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მტკივნეულ საკითხს ეხებოდა: საბოლოო ანგარიშით აქციამ არა მხოლოდ პოზნერის, არამედ, ზოგადად, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის და პერფორმანსის სახე შეიძინა.


არაობიექტური ჟურნალისტიკა, მიკერძოება, დეზინფორმაციის გავრცელება, პროპაგანდა, პროვოკაცია, ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობა და სიძულვილის ენის წახალისება – ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც მაყურებელმა 31 მარტის საღამოს ქართული ოპოზიციური ტელეკომპანიების ეთერში ნახა და მოისმინა.


ყველაზე ნიშანდობლივი რამ, რითაც „პოზნერის საღამო“ ტელემაყურებელს კარგა ხანს დაამახსოვრდება, აგრესიული ლექსიკა, გინება, წყევლა და შეურაცხყოფაა, რისი აღკვეთა თუ გაკონტროლება ჟურნალისტებს არც კი უცდიათ.


ეს ვერბალური აგრესია მიმართული იყო არა მხოლოდ პოზნერისა და მისი ამალის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული პოლიციის წინააღმდეგაც, რომლის „დანაშაულიც“ ის იყო, რომ აქციის მონაწილეებს რესტორანში შეჭრის საშუალებას არ აძლევდა.


„პოლიციელებო, რად გიღირთ ეს ბიძინას ხელფასი? სისხლში მოზელილი ფული რომ არ შეერგება თქვენს შთამომავლობას, ხომ იცით?! რომ დაისჯებით უფლისგან ასეთი ღალატისთვის, ხომ იცით?! ქართულ მილიციას არც კი შეედაროთ, 9 აპრილს რა გმირობა გამოიჩინეს... თქვენ იმათი ფეხის მტვერიც არ ხართ! თქვენ ხართ ბიძინას სალაფავს მისეული მონები!“ - ასე მიმართვადა „ქართული ოცნების“ ძველი და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე, გუბაზ სანიკიძე პოლიციელებს ტვ „პირველის“ ეთერიდან, ჟურნალისტები კი აუღელვებლად ისმენდნენ ამ სიტყვებს და მათი დუმილი ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ რესპონდენტის პათოსს თავადაც იზიარებდნენ.


მეტიც, პოლიციის შეურაცხყოფისა და პროვოცირების მხრივ აქციაზე მყოფი ჟურნალისტები, ფაქტობრივად, არც განსხვავდებოდნენ აქციის მონაწილეებისგან და ზოგჯერ მათთან ერთადაც მოქმედებდნენ.


მაგალითად, ტვ „პირველის“ რეპორტიორი და საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი ერთად დასდევდნენ ფეხდაფეხ პოლიციის მაღალჩინოსნებს და მათ პროვოცირებას ცდილობდნენ.


სიძულვილის ენის წახალისების კონტექსტში ცალკე შეიძლება გამოვყოთ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრთა მიმართ გამოხატული შეურაცხყოფა და აგრესია.


იგივე ტელეკომპანია „პირველი“ რამდენიმე წუთის განმავლობაში უწყვეტად გვიჩვენებდა აქციაზე მყოფი ერთ-ერთი ქალის ემოციურ განცხადებას, რომელსაც პროტესტის შინაარსთან თითქოს არაფერი ჰქონდა საერთო: იგი ჯერ ზვიად გამსახურდიას საფლავზე მისვლისთვის უშვერი სიტყვებით ლანძღავდა გიორგი გახარიას, ხოლო შემდეგ წყევლიდა ბერა ივანიშვილს, რომელსაც გაუგებარია, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა პოზნერის ინციდენტთან; თუმცა ჟურნალისტს არც ამის გარკვევა უცდია.


მთელი ამ ხნის მანძილზე ტვ „პირველის“ სტუდიაში მყოფი გუბაზ სანიკიძე განაგრძობდა იმ ადამიანთა შეურაცხყოფას, ვისაც უაპელაციოდ აკისრებდა პასუხისმგელობას შექმნილი სიტუაციისთვის, ხოლო ერთ ეპიზოდში საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა და ბიძინა ივანიშვილს „ჯოჯო“ უწოდა.


საგანგებო ეთერის მსვლელობაში ტელეკომპანიები არც დაუზუსტებელი ინფორმაციის ან, სულაც, ყალბი ამბების გავრცელებას მორიდებიან. მაგალითად, „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში წამყვანმა გამოაცხადა, წვეულების სავარაუდო ორგანიზატორი რევაზ უთურგაულიაო, რომელიც, არხის ინფორმაციით, აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან.


მოგვიანებით იმავე ეთერში, იმავე წამყვანებმა განაცხადეს, რომ პოზნერისა და მისი მეგობრების მასპინძელი რევაზ უთურგაული კი არა, მირანდა მირიანაშვილი ყოფილა, ხოლო დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდა აზრადაც არ მოსვლიათ.


ცალკე უნდა გამოიყოს სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისა და საზოგადოებრივი აზრის რადიკალიზების არაერთი ცდა, რის მაგალითადაც შეგვიძლია განვიხილოთ „მთავარი არხის“ ეთერში გასული ერთ-ერთი ჩართვის ფრაგმენტი. ამ ჩართვის დროს ჟურნალისტი და მისი რესპონდენტი, გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ცდილობდნენ ამოეცნოთ პოზნერთან ერთად რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები, რასაც თავად „გაშიფვრად“ და „სენსაციად“ წარმოგვიდგენდნენ.


„დადასტურდა, დადასტურდა!“ – ამ სიტყვებით შემოვიდა ეთერში „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი. – „დადასტურდა ინფორმაცია, რომ თბილისში დავიდ დავიდოვიჩი იმყოფება! იცით ხომ, ეს ვინ არის?“ – ჰკითხა მან ჟურნალისტს.


„ვინ არის?“ – დაინტერესდა იქვე მყოფი ერთ-ერთი აქტივისტი.


შეკითხვის უკან შემობრუნებას კილაძე, როგორც ჩანს, არ ელოდა, რადგან 31 მარტის აქციაზე ისედაც „ყველაფერი ნათელი“ იყო და არავის უნდა შეეტანა ეჭვი, რომ სასტუმრო „ვინოტელში“ დაბინავებული პირები ყოველმხრივ დისკრედიტებული და მიუღებელი ადამიანები იყვნენ. პასუხის გასაცემად „ქრონიკა +“-ის მთავარ რედაქტორს ტელეფონში ჩახედვა დასჭირდა:


„ეს არის... ვლადიმირ პოზნერთან ერთად სასტუმრო ‘ვინოტელში’ იმყოფება... რუსეთში ყველაზე გავლენიანი ადამიანი (?!), მილიარდელი დავიდ დავიდოვიჩი. ეს არის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. პოზნერი სწორედ მისი თვითმფრინავით ჩამოვიდა საქართველოში. მუშაობდა როინ (?!) აბრამოვიჩთან. 2000 წელს, როდესაც მის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებები გაჟღერდა, იგი გახდა ‘რუსკი ალუმინის’ მმართველის მოადგილე. და აი, მოკლედ, ოლიგარქის თვითმფრინავით ჩამოვიდა ოლიგარქის ქვეყანაში“ – შეაჯამა კილაძემ დავიდოვიჩის ბიოგრაფია და მისი დაუყოვნებელი გაძევება მოითხოვა.


აგრესია და სიძულვილის გაღვივება ოპოზიციური არხების ეთერში არც მას შემდეგ შეწყვეტილა, რაც რუსმა ჟურნალისტმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ ოპოზიციური ეთერი დაეთმო პროტესტის მხარდამჭერ ხელოვანებს, რომლებმაც უკვე „კრეატივის“ სარჩულით განაგრძეს აგრესიისა და სიძულვილის ტირაჟირება.


  • 4
  • 4127
0 Comments