წითელი ვერსია
  • 14
  • 20364

„წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა..“

31 ოქტომბერი 2022

ამბავს, რომელიც უნდა მოვყვეთ, თავისი კონტექსტით იმდენივე ფერი აქვს, რამდენიც ცისარტყელას. ეს უკანასკნელი კი ტყუილად არ გაგვხსენებია - ბუნების ეს საოცრება ამ ამბავს ირიბად და პირდაპირ უკავშირდება.


ყველაფერი ტელეკომპანია „იმედის“ 30 ოქტომბრის დღის ეთერში დაიწყო, გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“, რომელიც დედების და შვილების ურთიერთობას, ოჯახურ მეხსიერებას ეძღვნებოდა;


სტუდიაში მიწვეული იყვნენ წამყვანების დედები. მათ შორის ერთ-ერთი - რუსკა მაყაშვილის დედა, მსახიობი თამარ მაყაშვილი, რომელმაც ჩვეული ეგზალტაციით ისაუბრა შვილებთან დამოკიდებულებაზე, ერთ მომენტში კი ასეთი რამ თქვა:


„(ჩემს შვილებს) არასოდეს არ ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს... იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი (ხულოელი) ბავშვივით რაღაცა საშინელი, ბეშუმური ცისარტყელა კაბა?!.“


ამ ფრაზას სტუდიაში დიდი სიცილ-კისკისი მოჰყვა და რატომღაც ყველამ უპრობლემოდ აიტაცა „სულელური ბეშუმური კაბების“ ამბავი.


მაგრამ ის, რაც წამყვანებს გულისყურის მიღმა დარჩათ, მაყურებელს არ გამოჰპარვია. გადაცემის მსვლელობისას და მას შემდეგ, ფეისბუკის არაერთ გვერდზე, უამრავმა ადამიანმა გამოხატა გაღიზიანება და ბრაზი.


„სამარცხვინო საქციელია მსგავსი დისკრიმინაციის შემცველი განცხადება!“ „ღლიცინის მეტი არაფერი შეგიძლიათ... ბოდიში მოიხადეთ!“ „ზრდილობა და ეთიკა ისწავლეთ, საზოგადოება გიყურებთ“... - ამ და, კიდევ ზღვა რაოდენობის კომენტარმა, როგორც ჩანს, მთავარ გმირამდეც მიაღწია და თამარ მაყაშვილმა ვიდეო-განცხადება გაავრცელა, სადაც შეეცადა ბოდიში მოეხადა აღელვებული საზოგადოებისთვის.


თუმცა, ამ ბოდიშმა კიდევ უფრო უხერხული ტონი შესძინა მთელ ამ სამწუხარო ამბავს. თამარ მაყაშვილის განმარტებით, ეს „გაუგებრობა“ „სიტყვათა არასწორმა თანხვედრამ“ გამოიწვია, თან, მისივე აზრით, ცოტა მაყურებელმაც გადააჭარბა უარყოფით შეფასებებში.


დღის ბოლოს ფეისბუკით გავრცელდა თამარ მაყაშვილის კიდევ ერთი განცხადება იმის შესახებ, რომ მომხდარის გამო გულწრფელად ნანობს.


ზოგადად, სოციალურმა ქსელმა რომ საზოგადოებრივი რეაქციები უკიდურესად გაააქტიურა, ახალი არ არის; ისიც ცნობილია, თუ როგორი დაუნდობელი, ხშირად უსამართლო და პროვოკაციულია ხოლმე მსგავსი „ვირტუალური თავდასხმები“ საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილისგან;


მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაყურებლის გაღიზიანება სრულიად ლეგიტიმური იყო და როგორც წერილის თავში ვთქვით, ამ პროტესტს რამდენიმე ფერი ჰქონდა:


ა) რესპონდენტის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, ასეთი დაუფიქრებელი განცხადება, თავისთავად საფრთხის შემცველია და ყველამ უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად მოჰყვება რეაგირება;


ბ) ვთქვათ, რესპონდენტს შეეშალა, წამოსცდა, არასწორად „იხუმრა“, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას წამყვანებიც ინაწილებენ. გადაცემა ისე დასრულდა, რომ სტუდიაში მყოფ არცერთ აქტორს (წამყვანებს და სტუმრებს) არ უცდია თამარ მაყაშვილის ფრაზის კორექტირება, არ გაუმახვილებია ამაზე ყურადღება;


გ) დღის ბოლოს ჩაწერილი ვიდეო-ბოდიში იმის ეჭვს ვერ აქარწყლებს, რომ მომავალში ეს მსახიობი თავის უცნაურ დამოკიდებულებებს არ გადახედავს და კიდევ არაერთ ეთერში შექმნის უხერხულ სიტუაციას;


დ) „საშინელი ბეშუმური კაბები“... - აჭარული ფოლკლორი და ეთნოგრაფია ჩვენი კულტურის თვითმყოფადი ნაწილი და საგანძურია, ისეთივე უნიკალური, მშვენიერი და ძვირფასი, როგორც ნებისმიერი სხვა რეგიონის კულტურული მემკვიდრეობა.


ე) მართალია, აღქმისა და გამოხატვის უფლება ყველას უფლებაა, მაგრამ მისი ზღვარი იქაა, სადაც სხვისი იწყება. მედია იმისთვისაა, რომ ეს საზღვრები პირუთვნელად აკონტროლოს და დაიცვას და, არა პირიქით...


კიდევ არაერთი ფერის მოხმობა შეიძლება. ყველა მათგანი კი უფრო დიდი და საყოველთაო პრობლემიდან მოდის. როგორც იმ ალვის ხიდან, წყალს რომ ნაფოტებად ჩამონათალი ჩამოაქვს.


ამ „ნაფოტების“ შემჩნევა პრობლემის დანახვასაც აიოლებს.


ნინია სადღობელაშვილი
  • 14
  • 20364
0 Comments