წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 4
  • 2310

„ტიკ-ტოკის“ ამერიკული ტრანსფორმაცია

26 სექტემბერი 2025

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე მრავალთვიანი დავისა და მოლაპარაკების პროცესი დასრულდა. „ტიკ-ტოკის“ ამერიკულ მფლობელობაზე შეთანხმება მიღწეულია.


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოაპლიკაციას, შეერთებულ შტატებში არა ჩინური კომპანია ByteDance, არამედ ამერიკელი ინვესტორების კონსორციუმი გააკონტროლებს.


„ტიკ-ტოკის“ ამერიკული ტრანსფორმაცია გავლენას მოახდენს აპლიკაციის მუშაობის პრინციპზე, უსაფრთხოების წესებზე, ზედამხედველობაზე და უფრო მეტიც, „ტიკ-ტოკ“ ტრენდებზე.


ვინ ყიდულობს „ტიკ-ტოკს“?


“მიღწეული შეთანხმებით, ტიკ-ტოკს ამერიკელი პატრიოტები გააკონტროლებენ” - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ინვესტორთა ჯგუფის სათავეში ტექნოლოგიური გიგანტი Oracle იქნება. ის არა მხოლოდ მსხვილი მეწილე გახდება, არამედ პასუხისმგებელი იქნება ამერიკელ მომხმარებლებელთა მონაცემების დაცვაზე.


„ტიკ-ტოკის“ ახალ მესაკუთრეთა შორის დონალდ ტრამპმა Dell Technologies-ის დამფუძნებელი მაიკლ დელი და მედიამაგნატები - რუპერტ და ლაკლან მერდოკებიც დაასახელა.


ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობით, ინვესტორთა კონსორციუმში იქნებიან Silver Lake და Andreessen Horowitz.


თეთრი სახლის პრეს-მდივნის ცნობით, შეიქმნება შვიდი მფლობელისგან შემდგარი საბჭო, საიდანაც 6 ამერიკელი ინვესტორი, ერთი კი თავად ჩინური ByteDance იქნება. თუმცა „ტიკ-ტოკის“ დამფუძნებელი კომპანია, შეერთებულ შტატებში, საკუთარი აპლიკაციის მხოლოდ 20%-იანი წილის მფლობელობას შეინარჩუნებს.


„აშშ გააკონტროლებს აპლიკაციის ალგორითმს. Oracle ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებს თავის სერვერებზე დაიცავს,“ - განმარტა ტრამპის ადმინისტრაციის პრეს-მდივანმა კეროლაინ ლევიტმა.


„ტიკ-ტოკის“ ალგორითმის შესაძლო ტრანსფორმაცია


ყველაზე მეტი კითხვა, „ტიკ-ტოკის“ პოტენციურ მფლობელებს შორის მერდოკების დასახელებას მოჰყვა. ისინი მსოფლიოში ორი გიგანტური კონსერვატიული მედიის - Fox News-ის და News Corp-ის მფლობელები არიან და „ტიკ-ტოკის“ ამერიკელ ინვესტორთა კონსორციუმშიც, დიდი ალბათობით, Fox Corp-ით შევლენ და არა ინდივიდუალურად.


ვინაიდან, მერდოკების მედიაიმპერია ამერიკის პოლიტიკურ ლანდშაფტზე დიდ ზეგავლენას ახდენს, კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „ტიკ-ტოკის“ შეძენის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, იდეოლოგიური მიკერძოება აპლიკაციასაც დაეტყობა.


რა შეიცვლება ამერიკელი მომხმარებლისთვის?


„ტიკ-ტოკი“, რომელსაც აშშ-ში აკრძალვა ემუქრებოდა, ამიერიდან ახალი მფლობელებითა და წესებით იმუშავებს.


პირველ რიგში, შეიცვლება მონაცემთა დაცვის მექანიზმი. ვიდეოაპლიკაციის ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებს არა ჩინური კომპანია, არამედ ამერიკული Oracle-ის სერვერები შეინახავს.


„ტიკ-ტოკის“ ალგორითმიც ამერიკიდან გაკონტროლდება და არა ჩინეთიდან. შედეგად, კონტენტის სარეკომენდაციო სისტემა ამერიკელი მომხმარებლების მონაცემების საფუძველზე იმუშავებს და მოხდება უცხოური გავლენის მონიტორინგი.


შეერთებული შტატების კონგრესი სწორედ უცხოური ძალის, ამ შემთხვევაში ჩინეთის მიერ ამერიკელი მომხმარებლების მონაცემთა გამოყენებაში ხედავდა საფრთხეს.


მესაკუთრეთა ცვლილების შემდეგ კი, ამერიკელებისთვის მოსალოდნელია „ტიკ-ტოკის“ მეტი უსაფრთხოება და მეტი გამჭვირვალობა. თუმცა ვიდეოაპლიკაციაზე ახალი ინვესტორების პოლიტიკური თუ კულტურული ინტერესების ზეგავლენაც არ არის გამორიცხული.


„ტიკ-ტოკის“ რიგითი ამერიკელი მომხმარებლისთვის, უშუალოდ აპლიკაციის გამოყენებისას, თვალშისაცემი ცვლილებები თავდაპირველად მოსალოდნელი არ არის. ამერიკელი მომხმარებლები სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების მომხმარებელთა ვიდეოებსაც ნახავენ და პირიქით.


თუმცა შესაძლებელია, დროთა განმავლობაში, „ტიკ-ტოკის“ ამერიკული ალგორითმი, დანარჩენი მსოფლიოსგან დამოუკიდებლად განვითარდეს და For You გვერდი ამერიკელებისა და მაგალითად, ევროპელებისთვის, მკვეთრად განსხვავდებოდეს.


მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის, „ტიკ-ტოკს“ კვლავ მისი მშობელი, ჩინური კომპანია ByteDance გააკონტროლებს.


დონალდ ტრამპმა ჩინეთთან შეთანხმების მიღწევა, „ტიკ-ტოკის“ ამერიკელ ინვესტორთა კონსორციუმის საკუთრებაში გადასვლის შესახებ, აღმასრულებელი ბრძანებით დაამოწმა, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკაცია ამერიკაში ფუნქციონირებას განაგრძობს.


„ტიკ-ტოკის“ გასხვისების აუცილებლობა შეერთებულ შტატებში 2024 წლის აპრილში მიღებული კანონმდებლობის შემდეგ დადგა, რომლის თანახმად, ჩინურ კომპანია ByteDance-ს ამერიკაში „ტიკ-ტოკზე“ კონტროლი უნდა დაეთმო, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია აშშ-ში აიკრძალებოდა.



მარიამ გიგანი
  • 4
  • 2310
0 Comments