წითელი ვერსია
  • 6
  • 3518

„ფრიდომ ჰაუსის“ ძველი ახალი ამბავი

11 იანვარი 2022

7 იანვარს „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებლები გაუარესდა“, რომელიც მედიასაშუალებამ „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 2021 წლის მარტსა და სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშებზე დაყრდნობით მოამზადა.


კერძოდ, მასალაში მკითხველი გაეცნო „ქულებს“, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციამ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების კუთხით საქართველოს 2020 წლისთვის მიანიჭა და ასევე, საქართველოს ადგილს „ფრიდომ ჰაუსის“ „ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში“, რომელიც 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.


ამ უკანასკნელი კვლევის მიხედვით, რომელიც გასული წლის სექტემბერში გამოქვეყნდა, საქართველოს მაჩვენებელი ინტერნეტის თავისუფლების კუთხით გაუმჯობესებულია.


ამის გამო „ამერიკის ხმის“ 7 იანვრის სტატიის სათაური უკვე არაზუსტი და მცდარია, თუმცა მთავარი კითხვა, რაც სტატიის გამოქვეყნებამ გააჩინა ისაა, თუ რა საინფორმაციო საბაბი, აქტუალური კონტექსტი თუ მიზანშეწონილობა დაედო საფუძვლად მის შექმნას? კვლევების მონაცემები, რაც სტატიაშია მოხსენიებული, არც ახალი ამბავია და არც 2021 წლის შეჯამებას ემსახურება.


მეტიც - ერთ-ერთი კვლევა, როგორც უკვე ვთქვით, შარშანწინდელი, ანუ 2020 წლის შეფასება იყო და გაუგებარია, რატომ ან რა მიზნით წარუდგინა 2022 წლის 7 იანვარს მედიასაშუალებამ აღნიშნული კვლევების მიმოხილვა საზოგადოებას ახალ ამბად?


მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია სხვა მედიასაშუალებებმაც (1tv.ge; ipn.ge; bm.ge; mtavaritv.ge; tvpirveli.ge) გაავრცელეს, თუმცა ამ მედიების უდიდეს ნაწილს „ახალ ამბად“ წარმოდგენილი კვლევა ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში აქვთ გაშუქებული (1tv.ge, interpressnews.ge, mtavari.tv, tvpirveli.ge).


შესამაბისად, აშკარაა რომ ამჯერად არც მათ გადაამოწმეს ინფორმაციის სიზუსტე და აქტუალობა, რაც განსაკუთრებით პრობლემატური ჩანს იმ მედიასაშუალებების მხრიდან, რომლებიც, როგორც წესი, ინფორმაციას განსაკუთრებული პასუხისმგებლიანობით ეკიდებიან (მაგალითად - 1tv.ge; ipn.ge).


მოგვიანებით, „ამერიკის ხმის“ რედაქციამ მკითხველს დაშვებული შეცდომისთვის ბოდიში მოუხადა და მასალას შემდეგი შინაარსის განმარტება დაურთო:


„სტატია ეფუძნება „ფრიდომ ჰაუსის“ 2021 წლის ანგარიშს, რომელიც 2020 წელს აფასებს და შესაბამისად, სიახლეს არ წარმოადგენს...“


თუმცა, ბოდიშის მოხდის მიუხედავად, ეს განმარტება მხოლოდ ნაწილობრივ პასუხობს „ბოდიშის სტანდარტს”; ვერ ვიგებთ, ზუსტად რისთვის იხდის რედაქცია ბოდიშს და გარდა ამისა, სტატიის სათაურიც უცვლელი დარჩა, რომელიც შინაარსობრივად მცდარია.


შეცდომის აღიარებისა და ანგარიშვალდებულების კარგ მაგალითად ვერ ჩაითვლება, ასევე, პირველი არხის რეაქციაც, რომელმაც სტატია საკუთარი ვებგვერდიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წაშალა და ამჟამად ის აღარც იძებნება.


„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებულმა მცირე „საინფორმაციო სკანდალმა“ კიდევ ერთხელ გამოავლინა ქართულ მედიაში არსებული რამდენიმე, უკვე ქრონიკული პრობლემა:


1. ინფორმაციით მანიპულირება: ახალი ამბის სახელით, საზოგადოებას შესთავაზეს ძველი ამბები და ისიც, შერჩევითად, ყოველგვარი საინფორმაციო საბაბისა და კონტექსტის გარეშე;


2. მედიასაშუალებები, მათ შორის, მაღალი სტანდარტებით მომუშავე მედიასაშუალებები, არასაკმარისი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ინფორმაციის გადამოწმებას და მექანიკურად ეყრდნობიან სხვა წყაროებით გავრცელებულ საინფორმაციო ნაკადებს;


3. კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების დეფიციტი საკუთარი აუდიტორიის წინაშე, რომელიც გამოჩნდა არა მხოლოდ სუსტ ან არაადეკვატურ რეაქციებში, არამედ, ზოგ შემთხვევაში შეცდომაზე რეაქციის აბსოლუტურ არქონაში.


ამის გამო, 8 იანვარს გავრცელებული „ძველი ახალი ამბავი“ ცალკეული მედიასაშუალების არქივში ახლაც ყოველგვარი განმარტების გარეშე და სრულიად „უბოდიშოდ“ იძებნება.



ხათუნა კიღურაძე
  • 6
  • 3518
0 Comments