წითელი ვერსია
  • 8
  • 5066

”პოლარიზებული“ გადაწყვეტილება

05 ნოემბერი 2022

„დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სტრასბურგში დავა მოიგო. საუკუნის პროცესის სამწლიანი განხილვა დასრულებულია. მამალაძეს სახელმწიფომ სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვა. ეს ევროპული სასამართლოს ვერდიქტია! მოსამართლეთა პალატამ ასევე დაადგინა, რომ დარღვეულია კონვენციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტი, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციას გულისხმობს. სახელმწიფოს კი დაეკისრა კომპენსაციის გადახდა. მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 10 ათას ლარამდე უნდა გადაუხადონ.“ - აცნობა 3 ნოემბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში „ტვ პირველმა“ მაყურებელს.


იმავე დღეს, „იმედის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების ანონსი იუწყებოდა: „სტრასბურგი საქართველოს სასამართლოს კიდევ ერთ გადაწყვეტილებას ადასტურებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ მამალაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.“


გამართლდა თუ კვლავ ბრალდებულია მამალაძე?


მედიის მიერ გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციიდან რთულია გაიგო, სადაა სიმართლე, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის სადღაც შუაში აღმოჩნდება ხოლმე.


სწორედ ამ სიმართლის ზუსტად გადმოცემაა ჟურნალისტური ოსტატობა.


ზუსტად გადმოცემული ამბავი კი ასეთია: სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დეკანოზ მამალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.


ტელეარხებიდან შევიტყვეთ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების თაობაზე ორადაა გაყოფილი პოლიტიკური სპექტრის შეფასებებიც.


ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე სრულად ენდობა გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადებას: „არ მაქვს დეტალების შესახებ ინფორმაცია. მე ვენდობი დავით ჯანდიერს. მან თქვა, რომ მოიგო პროცესი.“


მმართველი პარტიის დეპუტატის ანრი ოხანაშვილის თქმით კი: „მთლიანობაში, სასამართლოს მიერ ამ პირის (გიორგი მამალაძე) ბრალეულობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ დასმულა“.


ორად გაიყო აზრი სოციალურ ქსელშიც. ფეისბუკის მომხმარებელთა ნაწილი გამარჯვებას ულოცავდა გიორგი მამალაძის ადვოკატს, ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ მამალაძეს სტრასბურგმა მთავარი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.


„ქრონიკის“ ინფორმაციით: „დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები კანონიერადაა მოპოვებული - ასეთია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება. სწორედ მტკიცებულებების, მათ შორის ნატრიუმის ციანიდის უკანონოდ მოპოვება იყო სტრასბურგში გიორგი მამალაძის დავის ძირითადი საგანი. დადგინდა, რომ სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, ევროსასამართლომ მომჩივნის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა (376 304 ლარი მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად და 150 ათასი ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად).


„იმედისგან“ განსხვავებით, „ტვ პირველზე“ ყურადღება გაამახვილეს სტრასბურგის გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელშიც საუბარია სახელმწიფოს მიერ მამალაძისთვის გადასახდელ 9 418 ლარზე. მათ მაყურებელს არაფერი უთხრეს იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანის მთავარი ფინანსური მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.


გადაწყვეტილების დეტალური შინაარსის ნაცვლად „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში სამომავლო შესაძლებლობებზე გააკეთეს აქცენტი: „სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ სამი გზა არსებობს. დეკანოზს ხელ-ფეხი ეხსნება: შეუძლია სასჯელის ფორმის შეცვლა მოითხოვოს; მეორე - ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე განაჩენის გადახედვის საფუძველი შეიძლება გახდეს; და მესამე, მთავარი - დეკანოზი შეიძლება პრეზიდენტმა შეიწყალოს“.


რას ფიქრობს პრეზიდენტი აღნიშნულთან დაკავშირებით, უცნობია. ცნობილია იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება, რომ „სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია“.


სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მომჩივანის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა სხდომების დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო; ასევე, „ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია ერთობლიობაში მომჩივანის წინააღმდეგ ცალკეული საჯარო განცხადებების გაკეთება და პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიმართ გამოყენებული იქნა ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე.“


უცხო ენაზე გამოქვეყნებული სხვა დოკუმენტების მსგავსად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად გამხდარა ტენდენციური ინტერპრეტაციების საფუძველი.


ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა უშუალოდ დოკუმენტის ტექსტის ზუსტ და ადეკვატურ გადმოცემაზე იზრუნონ, რათა საზოგადოებას ააცილონ თარგმანში დაკარგვის და პოლიტიკური მანიპულაციების საფრთხე.


ფაქტია, რომ მამალაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებების ნაწილი ნაკლებად დაინტერესდა, კონკრეტულად რა წერია ევროსასამართლოს დოკუმენტში და მეტი ყურადღება დაუთმო იმ განცხადებებს, რომლებიც განაჩენის გამოქვეყნებისთანავე გაკეთდა მოდავე მხარეების და პოლიტიკოსების მიერ.


შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „ციანიდის საქმეზე“ საზოგადოებაში მეტი გარკვეულობა შემოეტანა, მივიღეთ მორიგი ვნებათაღლვა და ხმაური იმასთან დაკავშირებით, „რა თქვა სტრასბურგმა“.


ლელა კურდღელაშვილი
  • 8
  • 5066
0 Comments