წითელი ვერსია
  • 6
  • 5053

„მთავარი“ კოვიდექსპერტები

10 ოქტომბერი 2020

ბოლო ხანს მედიაში აშკარად შეინიშნება ტენდენცია, ამა თუ იმ დარგის ექსპერტად გამოცხადდეს ადამიანი, რომელიც სინამდვილეში პოლიტიკოსი, ან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერია. მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც მედია შეგნებლად მალავს პირის პოლიტიკურ კავშირებს, რითაც შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი.


მაგალითად, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება აღინიშნა, „მთავარი არხი“, იმის დასამტკიცებლად, თითქოს ხელისუფლება რეგიონში კოვიდეპიდემიას ვეღარ მართავს, ფაქტების მოშველიების ნაცვლად არაზუსტად და შეუსაბამოდ „თარგმნის“ სამთავრობო გუნდის განცხადებებს; (“ქვეყანა მეორე ტალღის მოლოდინში“) შემდეგ კი, შეცვლილი შინაარსის განსამტკიცებლად, როგორც წესი, რამდენიმე პოლიტიკოსისა და ექსპერტის მოსაზრებას გვთავაზობს. ამასთანავე, ეს „ექსპერტები“, განურჩევლად განსახილველი თემისა, ძირითადად არ იცვლებიან და წინასწარვე შეიძლება ხოლმე იმის გამოცნობა, რას იტყვიან ისინი მთავრობის შეცდომებზე.


ამგვარ სიუჟეტებში ზურაბ ჭიაბერაშვილის, რომან გოცირიძისა თუ დიმიტრი შაშკინის პოზიცია მათი პოლიტიკური სტატუსით შეიძლება ავხსნათ, მაგრამ პოლიტიკოსების მკვეთრი შეფასებების შემდეგ საქმეში, როგორც წესი, სპეციალისტებად გამოცხადებული პირები ერთვებიან. ამ სტატუსის მქონე ადამიანს, პირველ რიგში, პროფესიული პატიოსნება და შესაბამისი კვალიფიკაცია მოეთხოვება. სწორედ მათზე დაყრდნობით აცხადებს არხი, რომ აჭარაში საწოლების პრობლემაა, ტესტები არასაკმარისია, მალე 3000 საწოლი არ ეყოფათ და, საერთოდ, ყველაფერი მოუმზადებელი და „ჩამოშლილია“, რაც, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეესაბამება.


ამ შემთხვევაში არხის მთავარი ექსპერტ-კოვიდოლოგი „კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი“ ვახტანგ კალოიანია. ეს სტატუსი გვეუბნება, რომ ის რეანიმატოლოგი უნდა იყოს, რაც არსებითი დეტალია და კარგი იქნებოდა, თუ ჟურნალისტები სწორედ ამ მიმართულებით დაუსვამდნენ შეკითხვებს ბატონ ვახტანგს, რომელიც ყველას ბრალს სდებს და ყველაფერზე მსჯელობს, გარდა იმისა, რატომ ვერ შეძლეს ადგილობრივმა რეანიმატოლოგებმა მძიმე ავადმყოფების მდგომარეობიდან გამოყვანა, რამაც გარდაცვლილთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.


როგორც ფაქტების გადამოწმების შედეგად ირკვევა, აჭარაში საწოლებიც საკმარისია, ტესტირებაც უწინდელი ეპიდემიოლოგიური სქემის მიხედვით მიმდინარეობს (პირველადი და მეორეული კონტაქტების გამოკვლევა) და ნაკლებად მძიმე ავადმყოფებიც სამედიციონო კარვებიდან სასტუმროებში არიან გადაყვანილი; თუმცა, არის პრობლემები სამედიცინო მომსახურების ხარისხში, რის გამოც თბილისიდან აჭარაში საგანგებოდ მიავლინეს რეანიმატოლოგთა ჯგუფი ლევან რატიანის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ კალოიანს არაფერი უთქვამს, ჟურნალისტებს კი არაფერი უკითხავთ. შესაბამისად, კალოიანმა მიჩქმალა კლინიკური მიმართულების ჩავარდნა და, სამაგიეროდ, მწვავე ბრალდებები გამოთქვა საკოორდინაციო საბჭოს მისამართით; და ბოლოს: „მთავარი არხი“ ხშირად თავს იკავებს იმის აღნიშვნისგან, რომ ბატონი ვახტანგი „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმის საარჩევნო ოლქში.


მაგალითად, 3 და 23 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვებებში, ჟურნალისტის თქმით და ტიტრის მიხედვით, კალოიანი ჯანდაცვის სპეციალისტია, თუმცა არხის სხვა გადაცემებში ის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია „ევროპული საქართველოდან“.


აჭარაში კატასტროფა ხდება და მალე 3000 საწოლიც არ გვეყოფაო − ამტკიცებს კიდევ ერთი „ექსპერტი“ ლევან ანთიძე ამავე საინფორმაციო გამოშვებაში. კორესპონდენტი არ ამბობს, რომ ანთიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და ბათუმის საკრებულოშიც საქმიანობს. სამაგიეროდ ტიტრი გვაუწყებს, რომ ის „ჰოსპიტალური ქსელის ‘მედალფას‘ გურიისა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელია“. ამავე სიუჟეტშიაჭარაში ჯანდაცვის სისტემის კატასტროფაზე“ მოვისმინეთ მედიცინის კიდევ ერთი სპეციალისტის მოსაზრება: ტიტრის თანახმად, სერგო ჩიხლაძე „ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტია“, თუმცა ის, ამავე დროს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრიც არის, რაც მაყურებლისთვის არავის უთქვამს.


კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც „მთავარი არხისთვის“ ხან ექსპერტია, ხან − პოლიტიკოსი, გახლავთ ვატო სურგულაძე პოლიტიკური გაერთიანებიდან „ლელო საქართველოსთვის“. თავის დროზე სურგულაძე, მართალია, ჯანდაცვის სისტემის მაღალჩინოსანი იყო, მაგრამ ახლა პოლიტიკაშია და, ბუნებრივია, მისი საჯარო გამოსვლის მიზანიც პოლიტიკური იქნება.


საინტერესოა, რომ მთელი თვის განმავლობაში, რამდენიმე ექსპერტ-პოლიტიკოსის მოსაზრების გარდა, „მთავარმა არხმა“ ვერავითარი მტკიცებულება ვერ შემოგვთავაზა იმის დასადასტურებლად, რომ აჭარაში სიტუაცია კატასტროფულია: ვერ გვიჩვენეს ვერც საავადმყოფოების დერეფნებში მწოლიარე მძიმე ავადმყოფები, ვერც ეკიპირების გარეშე დარჩენილი მედიკოსები, ვერც არაპოლიტიკოსი ექიმი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ნათქვამს დაადასტურებდა. ვერ მოვისმინეთ კონკრეტული ავადმყოფის ისტორია, სადაც გვეტყოდნენ, რომ ინფიცირებულის გარდაცვალება სასუნთქი აპარატის უქონლობამ გამოიწვია. ამის სანაცვლოდ, არხი მუდმივად გვიჩვენებდა ცარიელ პალატებსა და მომზადებულ საწოლებს, დერეფნებში მშვიდად მოსიარულე ეკიპირებულ მედპერსონალს და კოვიდტესტირების პროცესს აჭარის ქუჩებში საგანგებოდ გახსნილ კარვებში.


ლელა კურდღელაშვილი
  • 6
  • 5053
1 Comments

Levan Vashakidze

ეს სტატია მორიგი სამარცხვინო მცდელობაა, მთავრობის უმოქმედობა და დროისა და ფინანსების უყაირათო ხარჯვა გადააბრალოს იმ ხალხს, რომლებიც, პრაქტიკულად შიშველი ხელებით დგანან კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლის წინა ხაზზე. სამარცხვინო შეკითხვაზე "რატომ ვერ შეძლეს ადგილობრივმა რეანიმატოლოგებმა მძიმე ავადმყოფების მდგომარეობიდან გამოყვანა, რამაც გარდაცვლილთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა", მე გიპასუხებთ ასე: მაგალითად, ჯერ კიდევ გაზაფხულის ბოლოდან ცნობილია, რომ კოვიდ-ინფიცირებული მძიმე პაციენტების მართვაში მექანიკური და/ან დამხმარე ინვაზიური თუ არაინვაზიური ვენტილაციის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს მაღალი ნაკადის ნაზალური კანულების (HFNC) გამოყენებას, რაც ამცირებს არა მარტო ლეტალური გამოსავლის სიხშირეა, არამედ ინფექციის ტრანსმისიას მედპერსონალსა და სხვა პაციენტებზე. ეს სხვადასხვა კვლევებითაა დადასტურებული. მოიკითხეთ, რამდენი მსგავსი მოწყობილობაა შემოტანილი ზაფხულის მშვიდი თვეების განმავლობაში საქართველოში, შემოდგომის ტალღისათვის სამზადისის ფარგლებში? მათი ფიზიკური არარსებობა, დიდი ალბათობით შეიძლება იყოს მაღალი ლეტალობის ერთერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ამის პარარელურად, გადაამოწმეთ, რა ოდენობის თანხები იხარჯებოდა ამ დროს სრულიად უსაფუძვლო და გაუმართლებელი საყოველთაო საკარანტინო სივრცეებზე, რომელში მოთავსებულთა დიდ ნაწილს, მარტივად შეეძლო თვითიზოლაციაში ყოფნა (ასეთი საჭიროების რეალურად არსებობის შემთხვევაში), რაც საკმარისზე მეტ თანხას დაზოგავდა ზემოთ აღნიშნული აღჭურვილობის შესაძენად და დათვალეთ, რამდენი ერთეულის შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად და რამდენია შეძენილი რეალურად. მეორე მაგალითად, შესაძლოა გამოდგეს ეროვნული ინფიცირებული პაციენტების მართვის გაიდლაინების შედარებით გვიანი ადაპტაცია საერთაშორისოდ მოწოდებულებთან, რაც ასევე მიუთითებს სისტემურ პრობლემებზე. ნუ ცდილობთ სულში ჩააფურთხოთ იმ ხალხს, ვის ხელშიც სულ მალე შეიძლება აღმოჩნდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი!