წითელი ვერსია
  • 12
  • 13442

„მთავარი არხი“ VS “იმედი“: რა პრინციპები დაარღვია ჟურნალისტმა?

10 აპრილი 2023

"ჟურნალისტები ყოველთვის ვერ შემოგთავაზებენ გარანტირებულ სიმართლეს, თუმცა, ფაქტების სწორად გადმოცემა - ჟურნალისტიკის მთავარი პრინციპია".


ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპები


***


6 აპრილს „მთავარი არხის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ამავე არხის ვაშინგტონის კორესპონდენტის დემნა დევდარიანის რეპორტაჟი შემოგვთავაზეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის შესახებ.


ჟურნალისტმა მაყურებელს გააცნო ის განცხადება, რომელიც მის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა.


როგორც ჟურნალისტის მონათხრობიდან გავიგეთ, მას აინტერესებდა, რა ინფორმაციას ფლობდა სახელმწიფო დეპარტამენტი - „ქართული ოცნებისა და მთავრობის წევრთა სრულიად კომიკურ და პოლიტიკურად უმწიფარ განცხადებებზე. ვედანტ პატელმა არ ჩათვალა საჭიროდ ამ განცხადებებზე გამოხმაურება, სამაგიეროდ თქვა, რომ სანქციებზე გადაწყვეტილება დაეფუძნა სანდო ინფორმაციას და წყაროებს, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისიდან მიიღო".


ამავე სიუჟეტში დემნა დევდარიანი საკუთარ კოლეგასაც გადასწვდა და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტ რუსა შელიას ამავე ბრიფინგზე დასმული შეკითხვა და პროფესიონალიზმი დაუწუნა:


„ბრიფინგზე კითხვა დასვა და საკუთარი თავი კომიკურ მდგომარეობაში ჩაიყენა როგორც პროფესიულად, მე ვიტყოდი, ასევე პიროვნულადაც, ერთ-ერთი მოწინავე პროპაგანდისტული არხის თანამშრომელმა, რომელი არხიც საქართველოში რუსული დეზინფორმაციული მანქანის საუკეთესო ტრადიციებში მაუწყებლობს. ამ არხის თანამშრომელმა ბრიფინგზე პირდაპირ მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენა ამერიკული მხარის მხრიდან იმის დასამტკიცებლად, რომ ხსენებული ოთხი მოსამართლე ნამდვილად იყო გარეული უმძიმეს კორუფციულ გარიგებებში. კითხვის დასრულება ამ თანამშრომელს არ დასცალდა, რადგან მალევე მას კითხვა ბრიფინგის წამყვანმა შეაწყვეტინა“ - თქვა დევდარიანმა.


რატომ გადაწყვიტა ჟურნალისტმა კოლეგაზე თავდასხმა, მაყურებლისათვის უცნობი დარჩა, რადგან, როგორც ამავე სიუჟეტში ვნახეთ, დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა პასუხი გასცა რუსა შელიას და პრინციპში, იგივე გაიმეორა, რაც მანამდე დემნა დევდარიანის მიერ დასმულ შეკითხვაზე.


მოგვიანებით გაირკვა, რომ დემნა დევდარიანმა კოლეგას არა მხოლოდ დასცინა, არამედ რუსა შელიას მიერ დასმული შეკითხვის შინაარსის კონტექსტიც შეცვალა. ამის შესახებ რუსა შელიამ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე დაწერა და „მთავარ არხს“ სთხოვა, გაესწორებინა მის მიერ დასმული შეკითხვის თარგმანი:


„ჩემი შეკითხვა: “თუ ეს ფაქტები (მოსამართლეთა კორუფციის შესახებ) გაქვთ, გ ა უ გ ზ ა ვ ნ ი თ მ ა ს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ოფიციალურ პირებს შემდგომი გამოძიებისთვის?” მთავარ არხზე ითარგმნა ასე: „რა კონკრეტული ქმედებები აქვთ მოსამართლეებს ჩადენილი, რაც გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ისინი კორუფციაში იყვნენ ჩართულები. და თუ გაქვთ ეს ფაქტები, რ ა ტ ო მ არ უგზავნით მას ხელისუფლებას, რათა დაიწყოს გამოძიება?” ვისაც გვესმის სიტყვის შეცვლით მთელი კონტექტის დამახინჯების მნიშვნელობა, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდია განსხვავება ამ ორ თარგმანს შორის.“


დემნა დევდარიანის საპასუხო ირონიულმა ფეისბუკ-გამოხმაურებამ არ დააყოვნა და საბოლოოდ, ქართულმა აუდიტორიამ მიიღო „იმედის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის თარგმანის ორი ვარიანტი, რის შემდეგაც მოვლენები ნაცნობი სცენარით განვითარდა: - დემნას და რუსას მომხრეები სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.


„ამ დასაქმებულმა (რუსა შელიამ), სანამ სახ.დეპ-ის ბრიფინგზე სანქციებთან დაკავშირებული მტკიცებულებების წარმოდგენას მოითხოვდა და სანამ გააჩუმებდნენ, ბრიფინგის დაწყებამდე გული გადამიშალა. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს ამერიკელებთან ურთიერთობაშიო, რანაირად ესაუბრებიან პარტნიორებსო, არ ვიცი რა ვთქვაო და მეც ვუსმენდი და ვფიქრობდი, როგორი გულანთებული და სამშობლოს მოყვარულია ეს ქალი-მეთქი. 10 წუთში ბრიფინგი დაიწყო და მერე რაც მოხდა ყველამ ნახეთ. ეხლა ფბ-დან ითხოვს, მთავარმა არხმა "შეცდომა" გაასწოროს და თქვას, რომ მას ბრიფინგზე მტკიცებულებები არ მოუთხოვია..“ - დაწერა დემნა დევდარიანმა საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე.


***


სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული 6 აპრილის ბრიფინგის სტენოგრამა ადასტურებს, რომ დემნა დევდარიანმა რუსა შელიას მიერ დასმული შეკითხვის თარგმნისას და შემდეგ მისი შეფასებისას მართლაც დაარღვია სიზუსტის პრინციპი და მიკერძოებულად შეცვალა რუსა შელიას მიერ დასმული შეკითხვის კონტექსტი.


ოფიციალური სტენოგრამის მიხედვით, შეკითხვა ზუსტად ისე დაისვა, როგორც რუსა შელიამ დაწერა ფეისბუკში. გაუგებარია, რატომ არის რუსა შელიას მიერ დასმული შეკითხვა არაპროფესიონალური და „უნიჭო“ დემნა დევდარიანისათვის?


ნებისმიერი ჟურნალისტი ასეთ შეკითხვას აუცილებლად დასვამდა და მეტიც, იმავე ბრიფინგზე ჰაიტის წარმომადგენელმა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ზუსტად მსგავსი კითხვა დაუსვა კორუფციის მიზეზით სანქცირებული ჰაიტის ყოფილი პრეზიდენტის გარი ბოდოს (Gary Bodeau) საქმის შესახებ: „მინდა ვიცოდე, გაქვთ თუ არა იმის მტკიცებულებები, რომ ის (გარი ბოდო) აფინანსებდა ბანდებს ან იმპორტირებულ იარაღს ამ ბანდებისათვის? “


ამ შეკითხვაზე ჰაიტელმა ჟურნალისტმაც ისეთივე ზოგადი პასუხი მიიღო, როგორიც ქართველმა - სანქცირებული მოსამართლეების საქმეზე.


და ბოლოს, მთელ ამ ისტორიასთან დაკავშირებით, ჩვენც იგივე შეკითხვა უნდა დავსვათ, რაც ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა იკითხა ფეისბუკში:


„ერთმა ტელევიზიამ რა შეკითხვა დასვა, ეს მეორე ტელევიზიის გასანიუსებელი რატომაა? ეს მეორე ტელევიზიას რატომ ეკითხება? რა ნიუსია ეს?“


ლელა კურდღელაშვილი
  • 12
  • 13442
0 Comments