წითელი ვერსია
  • 0
  • 6815

„მხილება“ ანონიმურად

31 იანვარი 2021

ოპოზიციური ტელეარხების მხრიდან (ხშირად უსაფუძვლო) კრიტიკისა და თავდასხმის სამიზნე არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ საქართველოს საპატრიარქო და კონკრეტული სასულიერო პირებიც არაერთხელ გამხდარან.


ცხადია, საფუძვლიანი და ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა ნებისმიერი ინსტიტუტის მიმართ არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ საჭიროც კია, მაგრამ თვითაღიარებული „კრიტიკული მედიასაშუალებების“ მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ფრაგმენტული კამპანიები, როგორც წესი, ამ უკანასკნელის დისკრედიტაციის მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე ჯანსაღ კრიტიკას.


ამის მიზეზი კონკრეტულ, აქტუალურ საკითხებზე ცალკეული ოპოზიციური მედიასაშუალებებისა და ეკლესიის პოზიციებს შორის რადიკალურ განსხვავებაში შეიძლება ვეძიოთ, რადგან ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ დაპირისპირების გამწვავების დროს, ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ უმძიმესი ბრალდებების გავრცელება განსაკუთრებით ხშირდება.


სწორედ ამგვარი ბრალდების მაგალითი იხილა 30 იანვრის „შაბათის ფორმულის“ მაყურებელმა სიუჟეტში „მხილება ეკლესიიდან“. სიუჟეტში ანონიმი რესპონდენტი ჰყვება სასულიერო პირის მიერ მძიმე კანონიკური დარღვევისა და ჰომოსექსუალური კავშირის შესახებ.


საგულისხმოა, რომ უმძიმესი ბრალდებების მიუხედავად, სიუჟეტში მაყურებელი ვერ ხედავს რესპონდენტის სახეს, შეცვლილია მისი ხმა და ასევე, არ სახელდება არც თავად რესპონდენტისა და არც „მხილებული“ სასულიერო პირის ვინაობა.


ანონიმი მთხრობელის მტკიცებით, ერთ-ერთი ეკლესიის საკურთხეველში იგი შემთხვევით გახდა მონასტრის წინამძღვრისა და სტიქაროსნის სქესობრივი კავშირის მოწმე. მისივე თქმით, სტიქაროსანი ამჟამადაც მსახურობს „სამებაში“: „დამინახეს, რომ მივხვდი მე ეს ყოველივე და ძალიან დიდი ზეწოლა წამოვიდა ჩემზე, მაგრამ მაინც რამენაირად დავიძვრინე თავი და მაინც ის დააყოლეს, რომ ამას მე თუ ხალხში გავავრცელებდი, მაინც ვერ დავამტკიცებდი იმიტომ, რომ ის მაინც არქიმანდრიტი იყო და მით უმეტეს, ამხელა ტაძარში ერთ-ერთი დიდი პოსტი ეკავა.“


როგორც „შაბათის ფორმულამ“ გვაუწყა, „ამ რეპორტაჟის გმირს სურს, რომ მრევლს თვალი აუხილოს“. რესპონდენტი კი გვეუბნება, რომ: „არიან ხალხი, ვინც ამ ხალხს ბრმად ენდობა და ზოგიერთი ცოცხალ წმინდანადაც კი მოიხსენიებს. უეჭველი ვიცი, რომ ყველაფერს ფარდა აეხდება და გაიგებს ხალხი, როგორი არიან ესენი და გაჩერდება მაგათი, ასე ვთქვათ, ბანდა.


ამავე დროს, იგი არ ასახელებს კონკრეტულ სასულიერო პირს და იყენებს ისეთ ზოგად ტერმინებს, როგორცაა „ამ ხალხს“, „ბანდა“ და ა.შ., რაც „ბრალდებულთა“ წრეს აფართოებს და დარტყმის რისკის ქვეშ აყენებს მთლიანად მართლმადიდებელ ეკლესიას.


რეალურად, კანონიკური წესის დამრღვევ პირებზე საუბრისას რესპონდენტი ასახელებს ერთადერთ კონკრეტულ დეტალს - სამების ეკლესიას, რის შედეგადაც მაყურებელს უჩნდება ვარაუდი, რომ იგი თბილისში მდებარე წმინდა სამების საკათედრო ტაძარს უნდა გულისხმობდეს, რითაც ანონიმი ქვეყნის უდიდესი ეკლესიის ყველა მსახურის რეპუტაციას ჩრდილს აყენებს და თან ისე, რომ არც საკუთარ ვინაობას ამჟღავნებს და არც არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს საკუთარ ბრალდებაზე. „მხილებაში“ ინფორმაციის დაზუსტების, გადამოწმებისა თუ მეტი მტკიცებულების მოძიების მცდელობის გარეშე, ენთუზიაზმით ერთვება „შაბათის ფორმულაც“.


იმას, რომ „ფორმულის“ ეთერში გასული, საბჭოთა სტილის ანონიმური ბრალდების გავრცელების მიზანი ნამდვილად არ ყოფილა კანონიკური წესების დამრღვევი რომელიმე კონკრეტული პირის მხილება და მრევლის დახმარება, სიუჟეტის ფინალიც ადასტურებს და ალბათ, სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ამ თავდასხმის რეალური სამიზნეც - ჟურნალისტი ეკითხება ანონიმ რესპონდენტს, თუ რატომ არ იღებს ზომებს საპატრიარქო, რესპონდენტი კი პასუხობს: „თვითონ, ალბათ, უარესები არიან და იმიტომ“.


ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანალიზი გვაძლევს საფუძველს გავაკეთოთ დასკვნა, რომ საქართველოს საპატრიარქო „შაბათის ფრომულის“ სამიზნე, ამჯერად, დიდი ალბათობით, ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ დაკავებული პოზიციის გამო გახდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ოპოზიციური მედიასაშუალებების პოზიციისგან.


ამასვე მოწმობს თავად სიუჟეტის სტრუქტურაც, რომელიც როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით ნაჩქარევად და სახელდახელოდ მომზადებულ „დარტყმას“ გავს. ამგვარად, 30 იანვარს „შაბათის ფორმულაში“ გასული „ანონიმური ბრალდება“ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 6815
0 Comments