წითელი ვერსია
  • 6
  • 8067

„მასწ, მასწ, მასწ!“ - ანუ, ვის როგორ ესმის ევროინტეგრაცია

31 მარტი 2024

28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში, ანა წერეთლის დღის ამბების ერთ-ერთი თემა ევროკავშირის რეკომენდაციები და მათი შესრულების დინამიკა იყო, უფრო კონკრეტულად კი, სასამართლო რეფორმა.


კონტექსტისათვის: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდგომ, საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო სპეციალისტების მონაწილეობით, მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმების რეკომენდაცია მიეცა. ოპოზიცია „ვეტინგზე“ - თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმებაზე ალაპარაკდა. ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ „ვეტინგი“ არ არის კავშირში მართლმსაჯულების გაუმჯობესებასთან და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველია.


ევროკავშირის რეკომენდაციებსა და „ვეტინგზე“ საუბარი, დიდი ხანია, ყველა ტელეეთერში მიმდინარეობს.


„ტვ პირველი“, მისი სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე, „ვეტინგის“ მომხრეა. საქართველოში მედიის თავისუფლება კონსტიტუციურადაა გარანტირებული და შესაბამისად, ტელეარხს სრული უფლება აქვს, ნებისმიერი, მისთვის სასურველი იდეის პროპაგანდისტად იქცეს. ჩვენ მხოლოდ წამყვანის კვალიფიციურობაზე ვსაუბრობთ.


როცა გადაცემაში წამყვანმა ეს საკითხი წამოჭრა, მაყურებელი (და ვფიქრობთ, სტუმარი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილიც), ალბათ, ამგვარ კითხვებს ელოდნენ:


- ხელს ხომ არ შეუშლის ხელისუფლების პოზიცია ევროკავშირში გაწევრიანებას? სასამართლო რეფორმა რამდენადაა შესაძლებელი „ვეტინგის“ გარეშე? რა რეაქცია ექნება ევროკავშირს ხელისუფლების პოზიციაზე? და ა.შ. ვარიანტები მრავლადაა.


ეთერში კი მოვისმინეთ აი, ეს:


წამყვანი: „...როდესაც სასამართლოსთან დაკავშირებით, ანუ, აი, მასწავლებელი მოსწავლეს, ანუ პირდაპირ ეუბნება, ანუ ევროკავშირის წარმომადგენელი ეუბნება ქვეყანას, რომელსაც უნდა, რომ მის წიაღში დაიმკვიდროს თავი, რომ ეს ჩასატარებელი გაქვს და შენ ამას პასუხობ, რომ შესამოწმებელი ჩვენი სისტემა კი არა, არასამთავრობო სექტორი და ნინო ლომჯარიაა, ანუ, გასაგებია, ხო, რა რიტორიკა იქნება კრიტიკული მნიშვნელობის დათქმებთან დაკავშირებით. აი, ამ ჭრილში რისი თქმა შეგიძლია?“


როცა ბექა ლილუაშვილი შეეცადა, აეხსნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ მხოლოდ პარტნიორულია და რომ ევროკავშირი ჩვენი სუვერენიტეტის გარანტია, წამყვანმა უპასუხა, რომ მისი კითხვა რიტორიკულია (?!) და კიდევ ერთი, მსგავსი აზრი განავითარა:


წამყვანი: „ხომ გესმით, ეს რიტორიკული ნათქვამია, რომ სადღაც აბარებ გამოცდას და შენ ეს უნდა ჩააბარო...“


სტუმარი ამჯერადაც, სიტუაციის გადარჩენას შეეცადა - არანაირი გამოცდა! ეს პირობები რაღაც იძულებითი ბერკეტები ან თავსმოხვეული ვალდებულებები კი არ არის, თამაშის წესებია ევროკავშირში გასაწევრიანებლადო, - უპასუხა.


ევროკავშირი სადამსჯელო ორგანიზაცია არ არის და იმის მიუხედავად, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მისი ტონი არასდროსაა ქედმაღლური; ის არასდროს საუბრობს მასწავლებლის პოზიციიდან.


სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი პატრონყმური დამოკიდებულება მხოლოდ ჟურნალისტებში არ გვხვდება.


საქართველოს, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვება ძალიან ძვირი დაუჯდა. „უფროსი ძმის“ პოზიციიდან საუბარს ჩვენ უკვე ვუპასუხეთ თავისუფლების მოთხოვნით და კარგად ვიცით, რა სხვაობაა საბჭოთა რიტორიკასა და ევროკავშირის პარტნიორულ პოზიციებს შორის.


ამდენად, გაუგებარია, საიდან აქვთ ვასალური დამოკიდებულება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალ საქართველოში დაბადებულ ადამიანებს.


რა მასწავლებელი, რის მოსწავლე და გამოცდის ჩაბარება?


როგორც ჩანს, არაპროფესიონალიზმი და პოლიტიკური პროცესებისადმი ინფანტილური მიდგომები ჩვენს მედიაში, სამწუხაროდ, ნორმად იქცა.


ევროინტეგრაცია კი, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, ჩვენი არჩევანია და ეჭვქვეშ არასდროს დადგება.


კატო თავართქილაძე
  • 6
  • 8067
0 Comments