წითელი ვერსია
  • 4
  • 3002

„კემბრიჯ ანალიტიკას“ საქმე - შვიდი წლის შემდეგ

24 ივლისი 2025

Facebook-თან დაკავშირებული კიდევ ერთი გახმაურებული საქმე საპროცესო გარიგებით დასრულდა.


კომპანია Meta-ს დირექტორებმა, მათივე მეწილეების მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე შეთანხმებას 17 ივლისს, სასამართლო პროცესის დაწყებიდან მეორე დღეს მიაღწიეს.


Meta-ს ინვესტორები მარკ ცუკერბერგს და კომპანიის კიდევ ათ ყოფილ თუ მოქმედ დირექტორს, Faceebook-ის მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესების მრავალგზის დარღვევაში ადანაშაულებდნენ;


სასამართლოში შეტანილი სარჩელით კი, ზარალის სახით, 8 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვდნენ.


საპროცესო გარიგების პირობები და თანხის საბოლოო ოდენობა არ გასაჯაროებულა.


სასამართლო პროცესის ნაადრევად დასრულებით, მარკ ცუკერბერგმა და მისმა კოლეგებმა ჩვენებების მიცემას და Meta-ს შიდა სამუშაო პროცესების გასაჯაროებას აარიდეს თავი.


მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ Meta-ს ხელმძღვანელობამ არ შეასრულა ვაჭრობის ფედერალურ კომისიასთან გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვას ითვალისწინებს.


სწორედ ამ დარღვევათა კულმინაცია იყო 2018 წელს, ე.წ. Cambridge Analytica-ს სკანდალი.


რა მოხდა 2018 წელს?


პოლიტიკური საკონსულტაციო კომპანია Cambridge Analytica, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დონალდ ტრამპის კამპანიაზე მუშაობდა.


2018 წელს ცნობილი გახდა, რომ სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში, Cambridge Analytica-მ, Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია, მათი თანხმობის გარეშე შეაგროვა.


ამისათვის კომპანიამ ქვიზის აპლიკაცია გამოიყენა და ამომრჩევლების სახასიათო პროფილები შეადგინა. მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, შეიქმნა 10 000 პერსონალიზირებული პოლიტიკური საარჩევნო რეკლამა.


რეკლამებს მილიარდობით ნახვა ჰქონდა არაერთ მედიაპლატფორმაზე, მათ შორის Facebook-ზე, Google-ში, Snapchat-სა და YouTube-ზე.


Cambridge Analytica-ს მიერ ამ მეთოდების გამოყენების გამოაშკარავებას მოჰყვა კითხვები ამომრჩეველზე ზეგავლენისა და არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ.


Channel 4 News-ზე, 2018 წელს გასულ რეპორტაჟში, კომპანიის თანამშრომელმა ალექს ტაილერმა, ფარულად ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნები, მათ მიერ მოპოვებულ პერსონალურ მონაცემებსა და მათ კვლევაზე დაყრდნობით მოიგეს.


ამ ინფორმაციას „სასაცილო სიცრუე“ უწოდა ტრამპის კამპანიის კომუნიკაციების დირექტორმა ბრედ პასკალმა. ამერიკის პრეზიდენტის გუნდმა კატეგორიულად უარყო, რომ არჩევნებში გამარჯვება Cambridge Analytica-ს მიერ სოციალური ქსელის მომხმარებლების პერსონალური მონაცემების შეგროვების დამსახურება იყო.


Cambridge Analytica-ს სკანდალი გაიხსენა რესპუბლიკელმა აქტივისტმა და ცნობილმა წამყვანმა ჩარლი კირკმაც. მიმდინარე წლის 22 ივლისს, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინანდელი სკანდალი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი შეთქმულება იყო.


„დემოკრატიული პარტია ირწმუნებოდა, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიო ისტორიის ყველაზე საშინელი ბოროტმოქმედი იყო და სჭირდებოდათ ახსნა-განმარტება, თუ როგორ გაიმარჯვა მან არჩევნებში. ამიტომაც, პირველ რიგში, Cambridge Analytica-ს სკანდალი სცადეს“ - აღნიშნა ჩარლი კირკმა.


რამდენად დაცულია სოციალური ქსელების მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები?


არჩევნებზე შესაძლო გავლენის გარდა, საყოველთაო კრიტიკა მოჰყვა იმ ფაქტს, რომ Facebook-მა საკუთარი მომხმარებლების პირადი მონაცემები მესამე მხარისგან არ დაიცვა.


Cambridge Analytica-ს სკანდალის ფონზე ნათელი გახდა, რომ ონლაინ-აქტივობის გამოყენება პოლიტიკური მანიპულაციის მიზნით არის შესაძლებელი.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასეთ მასშტაბურ დარღვევას გამოძიება მოჰყვა აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში. 2019 წელს კი ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ მარკ ცუკერბერგის კომპანიას უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმა - 5 მილიარდი დოლარი დააკისრა.


სკანდალით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ცუკერბერგმა არაერთხელ, მათ შორის კონგრესში ჩვენების მიცემის დროსაც აღნიშნა, რომ სოციალური მედიის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვას სერიოზული პასუხისმგებლობით ეკიდება. მან პირობაც დადო, რომ მონაცემთა დაცვის მექანიზმებს გააძლიერებდა.


თუმცა დღეს, ამერიკულ მედიაში კითხვები Meta-ს საქმიანობასთან დაკავშირებით კვლავ გაჩნდა.


მიზეზი კი სწორედ გასულ კვირას, ცუკერბერგისა და კომპანიის სხვა ხელმძღვანელთა მიერ მოსარჩელეებთან მიღწეული გარიგებაა.


სასამართლო პროცესი ივლისის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო. მოსამართლის წინაშე ფიცის დადებით, საჯარო ჩვენება უნდა მიეცა თავად მარკ ცუკერბერგს, ასევე მილიარდერ მარკ ანდრესენსა და პიტერ ტიელს. სარჩელში იყო ბრალდება იმის თაობაზეც, რომ ცუკერბერგი გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად იყენებდა Facebook-ს მონაცემების უკანონოდ მოპოვებისთვის. კომპანიის მეწილეები 8 მილიარდი დოლარის ზარალის ანაზღაურებას უშუალოდ მარკ ცუკერბერგისა და სხვა დირექტორთა პირადი ქონებიდან ითხოვდნენ.


Meta-ს ხელმძღვანელები ბრალდებებს უარყოფენ. ხაზს უსვამენ იმ ფაქტსაც, რომ სასამართლო დავაში მოპასუხე არა კომპანია, არამედ ინდივიდუალური პირები იყვნენ.


Meta ასევე ირწმუნება, რომ 2019 წლიდან მონაცემთა დაცვის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმაში რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.


ამის მიუხედავად, Cyber Magazine წერს, რომ ვინაიდან ცუკერბერგმა და მისმა კოლეგებმა სასამართლოში დაკითხვა თავიდან აირიდეს, სოცმედია გიგანტის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებული არაერთი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.


მარიამ გიგანი
  • 4
  • 3002
0 Comments