წითელი ვერსია
  • 8
  • 8134

„გმირად კურთხევის ცერემონია“ ტვ „პირველზე“

02 თებერვალი 2021

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირე მედია ჯერ კიდევ „პოზიციაში“ ყოფნისას გამოირჩეოდნენ რეალობის შებრუნებული გადათარგმნის, ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, შავის თეთრად გასაღებისკენ მიდრეკილებით. გვახსოვს, მაგალითად, როგორ გვიმტკიცებდა ხელისუფლება, რომ მოვიგეთ ომი, რომელშიც დავმარცხდით. გვახსოვს, როგორ გვარწმუნებდა იმავე პერიოდში სახელისუფლებო მედია, რომ ქვეყანა, რომელიც ევროპაში პირველ ადგილზე იყო პატიმართა რაოდენობით, „დემოკრატიის შუქურაა“ და ა.შ.


ფაქტების თავდაყირა დაყენების მეთოდს დღესაც აქტიურად იყენებენ აწ უკვე ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირე მედია. ამ ტენდენციის ყველაზე ნათელი ბოლოდროინდელი გამოვლინება ის გახლავთ, რომ სამშობლოს ღალატის ბრალდებით სამართალში მიცემულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციური მედია ხან სინდისის პატიმრებს უწოდებენ, ხან კი სულაც ეროვნულ გმირებად მოიხსენიებენ.


სწორედ გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებული ივერი მელაშვილი ვიხილეთ 28 იანვარს ტვ „პირველზე“, კერძოდ კი ინგა გრიგოლიას გადაცემაში, რომლის დროსაც არაერთი ყურადსაღები გარემოების მოწმენი გავხდით.


დავიწყოთ აუდიტორიით, რომელიც „რეაქციაში“ ივერი მელაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებისა და, საერთოდ, დავით გარეჯის საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბა, უფრო სწორად კი „საზეიმო ცერემონიისთვის“ შეკრიბა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ. დარბაზში თავი მოიყარა ოპოზიციის ლამის მთელმა სპექტრმა: პოლიტიკოსებმა, ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ოპოზიციურ მედიასაშუალებათა ჟურნალისტებმა და ა.შ., რაც თავისთავად, ცხადია, დანაშაული არ არის; მაგრამ დარბაზში ადგილი არ მოიძებნა განსხვავებული მოსაზრების მქონე თუნდაც ერთი ადამიანისთვის.


არადა, საქართველოში ნამდვილად მოიძებნებიან ადამიანები, ივერი მელაშვილს გმირად რომ არ მიიჩნევენ. მეტიც, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ეგ არის, რომ მათი პოზიცია ტელეკომპანიის მესვეურებს, როგორც ჩანს, არ აინტერესებდა.


გადაცემამ კულმინაციას მიაღწია, როდესაც სტუდიაში თავად ივერი მელაშვილი მიიწვიეს. მას ყველა ფეხზე წამოდგომითა და ტაშით შეეგება, წამყვანმა კი საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს თავისი ადგილი დაუთმო და ხანგრძლივი ოვაციების შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადაერთო.


„ინტერვიუ“ იმით დასრულდა, რომ ადამიანი, რომლისთვისაც სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია, აუდიტორიაში შეკრებილმა საზოგადოებამ არათუ გაამართლა, არამედ გმირადაც გამოაცხადა. თუმცა, ეს მაინც ვერ ჩაითვლება 28 იანვრის „რეაქციის“ უდიდეს „სენსაციად“.


სტუდიაში შესვლიდან რამდენიმე წუთში მელაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ დავით გარეჯის მიწის სადავო მონაკვეთები საქართველოს ტერიტორია არ არის:


„როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ არა, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი?! არა გაქვს ამის საფუძველი და იქ ვიღაცის, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი თუ ზოგი მივა და იქ კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი. არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. იმ მოლაპარაკების, ის საშუალება რაც მაქამდე გვქონდა, იმას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას.“


ამ სიტყვებით მელაშვილმა ანტისახელმწიფოებრივი მოსაზრება დააფიქსირა და თქვა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ის ნაწილი, რომლის გამოც მას ადანაშაულებენ, საქართველო არ არის. აქედან გამომდინარე, ალბათ, შეგვიძლია შევიქმნათ გარკვეული წარმოდგენა იმაზე, რამდენად მტკიცედ იცავდა კომისია საქართველოს ინტერესებს ამ საკითხის გარკვევის პროცესში.


მელაშვილის ამ მართლაც სკანდალური განცხადების გამო დარბაზში შეკრებილთაგან ერთსაც არ გამოუხატავს პროტესტი, უკმაყოფილება ან, საერთოდ, რაიმე რეაქცია. შესაბამისად, ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ ისინი ან უპირობოდ იზიარებენ მელაშვილის აზრს, ან მათთვის სულერთია, რომელი სახელმწიფოს შემადგენლობაში იქნება ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლები.


მელაშვილისთვის არც თავად გადაცემის წამყვანს დაუსვამს კრიტიკული შეკითხვები. პირიქით, მან განსასჯელის ყოველი სიტყვა და განცხადება უაპელაციოდ, სრულ ჭეშმარიტებად მიიღო.


დაბოლოს: გარდა იმისა, რომ მელაშვილმა საზღვართან დაკავშირებით დაუფარავად გამოთქვა მოსაზრება, რომელიც მთლიანად ემთხვევა აზერბაიჯანის მხარის პოზიციას, იგი შიდაპოლიტიკურ საკითხებსაც შეეხო და, ფაქტობრივად, პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა.


კერძოდ, განაცხადა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს, თუნდაც გარიგების საგანი მისი თავისუფლება ყოფილიყო. „მე მირჩევნია, უკან წავიდე ციხეში, ვიდრე ჩემ გამო ვინმე შევიდეს პარლამენტში“ - ეს მელაშვილის სიტყვებია.


გაუგებარია, რატომ გახდა ბოიკოტი ამდენად პრინციპული საკითხი ყოფილი საჯარო მოხელისთვის, რომელიც პარტიული აქტივობის მიმართ ინტერესით არასდროს გამოირჩეოდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ კითხვაზე პასუხს რომელიმე სხვა გადაცემაში მოვისმენთ.


რაც შეეხება 28 იანვრის „რეაქციას“, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასურველი იქნებოდა, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად, ჟურნალისტები განსაკუთრებით ფრთხილად მიუდგნენ ისეთ ფაქიზსა და, ამასთანავე, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებს, როგორიც დავით გარეჯის პრობლემაა.


  • 8
  • 8134
0 Comments