წითელი ვერსია
  • 0
  • 4868

„ღამის დაკითხვა“ „რუსთავი 2“-ზე?

24 ოქტომბერი 2020

საპარლამენტო არჩევნების წინ მედიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ დებატებს, სადაც პარტიებმა და კანდიდატებმა უნდა დაამტკიცონ თავიანთი უპირატესობა და დაარწმუნონ ელექტორატი, რომ სწორედ მათი პროგრამაა უკეთესი და სწორედ მათი გეგმა ეხმიანება ყველაზე მეტად „რიგითი ამომრჩევლის“ პრობლემებს.


როგორც წესი, სწორედ ასეთ რეჟიმში მიმდინარეობს წინასაარჩევნო მედიასაქმიანობა დემოკრატიულ გარემოში. მაგრამ საქართველოში ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის საუბარი ზოგჯერ დაკითხვის ხასიათს იძენს.


„დაკითხვის“ ფორმატის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის, რაც წინასაარჩევნოდ „რუსთავი 2“-მა „ღამის კურიერის“ სახით წარმოგვიდგინა. ამ გადაცემაში, წესით, პოლიტიკურმა სუბიექტებმა მოსახლეობას საკუთარი პოლიტიკური პროგრამები უნდა წარუდგინონ, მაგრამ რეალურ ეთერში სულ სხვა პროცესის მოწმენი ვხდებით.


მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ 2 ოქტომბრის „ღამის კურიერი“, როდესაც გადაცემის სტუმარი პოლიტიკური ორგანიზაცია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა 2020 წელია, წამყვანებმა ძალიან დიდი დრო დაუთმეს ბურჯანაძის წარსულს; კერძოდ, იმ პერიოდს, როცა იგი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის ეპიზოდს, 7 ნოემბრის აქციას და, საერთოდ, იმ კითხვებს, რომლებიც უკვე მრავალჯერ არის დასმული და რესპონდენტის პასუხებიც ცნობილია.


რესპონდენტისთვის „უხერხულ“ თემებზე და კითხვებზე კონცენტრირებით, გარდა ბანალური „რეიტინგის დევნისა“, ჟურნალისტები ცდილობენ, იმთავითვე თავდაცვის პოზიციაში ჩააყენონ რესპონდენტი და გადაცემის მთელი მსვლელობის მანძილზე თავად შეინარჩუნონ „მთავარი როლი“. ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ შეკითხვა ხშირად უსაშველოდ გრძელია და, თუ პოლიტიკოსი მაინც შეეცდება პასუხის გაცემას, მას დამაზუსტებელი შეკითხვის საბაბით ისევ აწყვეტინებენ.


სავარაუდოდ, რესპონდენტის „თავდაცვის პოზიციაში“ ჩაყენებას ემსახურებოდა შეკითხვა იმასთან დაკავშირებითაც, რუსეთი ოკუპანტია თუ არა. ამ შეკითხვას, ქართულ მედიაში, როგორც წესი, იმ პოლიტიკოსებს უსვამენ, რომლებიც წარსულში ან ამჟამად ლაპარაკობენ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობაზე, რაც საზოგადოების ერთ ნაწილში პრორუსულ ორიენტაციასთან ასოცირდება.


საერთოდ, პოლიტიკოსისთვის პრორუსულობის ან რუსეთის აგენტობის „ტესტის მოწყობა“, რაც ქართული მედიის ნაწილში ლამის ნორმად იქცა, განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს „ღამის კურიერში“. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ თვალს გადავავლებთ გადაცემას, სადაც სტუმარი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინაშვილმა რამდენჯერმე უთხრა წამყვანებს, რომ რუსეთიდან დაფინანსებას არ იღებს და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია რუსული ფულის შესახებ არაფრით მტკიცდება, წამყვანები ამ თემას დიდხანს უტრიალებენ.


სხვათა შორის, ამ გადაცემაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა „გრძელი შეკითხვის“ დისკომფორტიც, რომელიც თითქოს საგანგებოდ არის „გაწელილი“ იმისთვის, რომ რესპონდენტს პასუხისთვის ძალიან ცოტა დრო დარჩეს, ხოლო საკუთარი პოზიციის ახსნა საერთოდ ვერ მოახერხოს. გარდა ამისა, შეკითხვა, როგორც წესი, ისეა ფორმულირებული, რომ, ფაქტობრივად, პასუხს ან მინიშნებასაც შეიცავს.


იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ღამის კურიერის“ წამყვანებს სურთ, პოლიტიკოსს ათქმევინონ ის, რის თქმაც მას არ სურს და არა ის, რის თქმაც უნდა თავისი ამომრჩევლისა და, მთლიანად, საზოგადოებისთვის. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობა იმ პოლიტიკოსთა შემთხვევაში, რომლებსაც გამუდმებით უწევთ იმის მტკიცება, რომ არ არიან პრორუსულები. თუმცა, სტილისტურად დაახლოებით იმავე ფორმატში მიმდინარეობდა საუბარი კიდევ ერთი პოლიტიკური ძალის − „სტრატეგია აღმაშენებლის“ − ლიდერთან გიორგი ვაშაძესთანაც.


ამავე დროს, არის იშვიათი გამონაკლისებიც, როდესაც „ღამის კურიერი“ უფრო აკადემიურ ფორმატში მიმდინარეობს. ამის მაგალითია ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან. ამ გადაცემაში წამყვანის შეკითხვები, ერთი შეხედვით, ისეთივე მწვავეა, როგორიც ოპოზიციის წარმომადგენლებთან საუბრისას, მაგრამ ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ რესპონდენტმა წინასწარ იცის, რას ჰკითხავს მას წამყვანი და ყველა მის მწვავე შეკითხვას თავის სასარგებლოდ იყენებს.


საბოლოო ანგარიშით, „ღამის კურიერი“ შეიძლება შევაფასოთ, როგორც ჟურნალისტზე ორიენტირებული მედიაპროდუქტი, სადაც წამყვანების პოზიცია და შეკითხვები აბსოლუტურად გასაგებია, ხოლო რესპონდენტების პოზიცია და პასუხები − არა. მაყურებელს უჭირს იმის გაგება, რომელი პარტია რას სთავაზობს მას. ამის ნაცვლად იგი ხედავს ადამიანებს, რომლებსაც, უბრალოდ, პარლამენტში მოხვედრა სურთ.


მიხეილ ვარძელაშვილი
  • 0
  • 4868
0 Comments