წითელი ვერსია
  • 3
  • 4424

„გარდიანის“ ბოიკოტი X-ს

19 ნოემბერი 2024

ბრიტანული „გარდიანი“ სოციალურ ქსელ X-ზე პოსტებს აღარ განათავსებს.


გამოცემა მიიჩნევს, რომ ყოფილი „ტვიტერი“ ახლა ტოქსიკური მედიაპლატფორმაა, რომელზეც, აქტიურობის სარგებელი უარყოფითმა მხარეებმა გადაწონა.


„გარდიანის“ ეს გადაწყვეტილება სოციალური ქსელის მფლობელს - ილონ მასკს და მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.


„ამ პლატფორმაზე ხშირად ხდება შემაშფოთებელი კონტენტის წახალისება, მათ შორის, ულტრამემარჯვენე შეთქმულების თეორიებისა და რასიზმის. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ X არის ტოქსიკური მედიაპლატფორმა, ხოლო მის მფლობელ ილონ მასკს, საკუთარი გავლენის გამოყენებით, პოლიტიკური დისკურსის ფორმირების შესაძლებლობა აქვს,“ - წერს გამოცემა ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 13 ნოემბერს გამოაქვეყნა.


X-ზე ინფორმაციის გაზიარებას შეწყვეტს „გარდიანის“ ყველა ოფიციალური სარედაქციო ანგარიში, თუმცა მკითხველებს საკუთარ ანგარიშებზე გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიების გაზიარების შესაძლებლობა კვლავ ექნებათ.


რედაქციამ ასევე განმარტა, რომ ინფორმაციის შეგროვების მიზნით, ამ სოციალური პლატფორმის მოხმარებას მისი ჟურნალისტებიც გააგრძელებენ.


BBC წერს, რომ ილონ მასკი და „გარდიანი“ ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე არასოდეს ყოფილან და X-ის მფლობელის დონალდ ტრამპთან დაახლოების შემდეგ, ბრიტანული გამოცემის ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი არ იყო.


SpaceX-ის, Tesla-ს და X-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი და მისი კამპანიის მსხვილი დონორიც იყო. უფრო მეტიც, არჩეულმა პრეზიდენტმა მას შეერთებული შტატების მომავალ ადმინისტრაციაში როლიც გამოუძებნა.


„გარდიანი“ თავისი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, ეწინააღმდეგება ისეთ მედია ეკოსისტემას, სადაც მილიარდერი მფლობელები დომინირებენ.


BBC-ის თანახმად, ბრიტანული გამოცემა საკუთარ თავს „მსოფლიოს მოწინავე ლიბერალურ ხმად“ წარმოაჩენს და ცდილობს ხაზი გაუსვას, რომ „გარდიანს“ მილიარდერი მფლობელი არ ჰყავს, თუმცა მკითხველებისგან შემოწირულობებს ითხოვს.


„გარდიანმა“ სოციალური ქსელის დატოვების შესახებ განცხადება უშუალოდ X-ზეც გამოაქვეყნა, რასაც ამ პლატფორმის მომხმარებლების მხრიდან კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. ზოგმა ბრიტანული გამოცემა ე.წ. „ვოუქ პროპაგანდაში“ დაადანაშაულა, ზოგმაც - განსხვავებული აზრის მიუღებლობაში.


აღსანიშნავია, რომ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ბრიტანული გამოცემის მსგავსი გადაწყვეტილება 115 000-მა ამერიკელმა მიიღო და სოციალური ქსელი X-ი დატოვა.


„ილონ მასკის X-ზე დიდი მიგრაცია მიმდინარეობს“ - წერს Independent. როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ნასამართლევ კრიმინალს თეთრ სახლში დაბრუნებაში დაეხმარა“.


Independent-ის ცნობით, მასკის პლატფორმა უკვე დატოვა ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა სტივენ კინგმაც.


BBC არ გამორიცხავს, რომ „გარდიანის“ გადაწყვეტილება სხვა გამოცემებმაც გაიზიარონ.


მარიამ გიგანი
  • 3
  • 4424
0 Comments