წითელი ვერსია
  • 3
  • 7640

„დოჟდი“ კრიტიკის წვიმაში

09 დეკემბერი 2022

მას შედეგ, რაც ლატვიამ რუსულ ტელეკომპანია „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვა, ტელეარხის მაუწყებლობა აიკრძალა ლიეტუვისა და ესტონეთის ტერიტორიაზეც.


ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს (NEPLP) თავმჯდომარის ივარს აბოლინშის განცხადებით, ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება დაკავშირებულია „ლატვიის ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის წინაშე არსებულ საფრთხეებთან“.


ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ლიცენზიის გაუქმებას უსამართლოდ მიიჩნევს და სამომავლო გეგმებზე მსჯელობს. მანამდე კი მუშაობის გაგრძელებას Youtube-ის მეშვეობით აპირებს.



სკანდალი „დოჟდის“ ეთერში


„ვიმედოვნებთ, ჩვენ ბევრი სამხედრო მოსამსახურის დახმარება შევძელით, მაგალითად, აღჭურვილობით და უბრალოდ ელემენტარული საჭიროებებით ფრონტზე“, -


1 დეკემბერს, „დოჟდის“ უკვე ყოფილი ჟურნალისტის ალექსეი კოროსტელიოვის ამ განცხადების გამო ლატვიის უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.


ჟურნალისტი მაყურებლებს მოუწოდებდა, რუსეთში მობილიზაციასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.


„დოჟდის“ ხელმძღვანელობამ მეორე დღესვე კოროსტელიოვი სამსახურიდან გაათავისუფლა და ბოდიში მოიხადა.


„ტელეარხი არ ეხმარებოდა, არ ეხმარება და მომავალშიც არ დაეხმარება რუსეთის არმიის მომარაგებას ფრონტზე თუ მის გარეთ“, - დაწერა არხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ.


„ბევრმა ლიოშას (ალექსეი კოროსტელიოვის) სიტყვები გაიგო ისე, თითქოს „დოჟდი“ დაკავებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დახმარებით. ეს არ არის სიმართლე. ლიოშას ფრაზა შეცდომა იყო. თუმცა ამ შეცდომის ფასი ჩვენთვის ძალიან მაღალი აღმოჩნდა“, - განაცხადა არხის გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ ვიდეომიმართვაში.


თუმცა, ლატვიის მარეგულირებელი უწყება რუსულ ტელეკომპანიას მხოლოდ კოროსტელიოვის განცხადების გამო არ ედავება.


მანამდე, ლატვიის ელექტრონული მედიის საბჭომ „დოჟდი“ 10 000 ევროთი დააჯარიმა რუკის ჩვენებისთვის, რომელზეც ყირიმი რუსეთის ტერიტორიად იყო აღნიშნული, ასევე, რუსეთის არმიის „ჩვენს არმიად“ მოხსენიების გამო.


ლატვიის ხელისუფლება „დოჟდს“ კანონმდებლობის უპატივცემულობაშიც ადანაშაულებს. მარეგულირებელი ტელეარხს პროგრამების ლატვიურ ენაზე თარგმანით უზრუნველყოფას სთხოვდა, თუმცა როგორც აბოლინში ამბობს, დაპირება დეკემბერშიც არ შესრულდა.


აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ტელეარხს მაუწყებლობა უკრაინის ტერიტორიაზეც აეკრძალა და ამის მიზეზი ისევ რუკა იყო, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო მონიშნული.


მაშინ, „დოჟდის“ გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია რუსეთის კანონმდებლობით ხელმძღვანელობდა.


გამართლებული იყო თუ არა ლატვიის მიერ არხისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა?


ამ თემაზე სოციალურ მედიაში მწვავე დისკუსია მიმდინარეობს.


უკრაინელმა ჟურნალისტებმა, მედიაორგანიზაციებმა და არასამთავრობოებმა ლატვიის მარეგულირებლის გადაწყვეტილების მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.


„ეს ადამიანები და ორგანიზაციები უნებლიეთ ხელს უწყობენ რუსული აგრესიის მიზნების მიღწევას. რუსეთის აგრესიული ქმედებები კი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინის საზღვრებით, არამედ მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს...“ - ნათქვამია განცხადებაში.


საგულისხმოა ისიც, რომ ტელეკომპანია „დოჟდი“ ინფორმაციის ერთ-ერთი წყაროა რუსეთში მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც რუსული სახელმწიფო მედიისა და პროპაგანდისტებისგან განსხვავებული ინფორმაციის და მოსაზრებების მოსმენა სურთ.


ამ არხს, როგორც რუსულენოვანი მოსახლეობისთვის ხმის მიწვდენის საშუალებას, უკრაინელი პოლიტიკოსებიც იყენებდნენ.


უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ „დოჟდის“ რედაქციამ საკუთარი პოზიცია განმარტა, ის არის „ომის საწინააღმდეგო და პრო-უკრაინული“, ამიტომ პოდოლიაკი არხისთვის კომენტარების მიცემას გააგრძელებს.


უფრო რადიკალური პოზიცია აქვს უკრაინის კულტურის და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრ ალექსანდრ ტკაჩენკოს.


„როდესაც „კარგი რუსები“ ეხმარებიან „ცუდ რუსებს“ - შეძლებს კი მსოფლიო საბოლოოდ იმის გაგებას, რომ ყველა მათგანი ერთნაირია? ტელეკომპანია „დოჟდი“ ყველა საჭირო ნივთით უზრუნველყოფს ოკუპანტებს, რომლებიც ჩვენს მიწაზე არაკომფორტულად ომობენ“, - დაწერა ტკაჩენკომ.


რუსი ოპოზიციონერები კი მიიჩნევენ, რომ ლატვიის მიერ “დოჟდისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევა მხოლოდ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.


„არის პუტინი, რომელმაც დაიწყო ომი. არის არხი „დოჟდი“, რომელიც ყვება სიმართლეს პუტინისა და ომის შესახებ. „დოჟდისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევა ეხმარება პუტინს და არა პირიქით“, - მიიჩნევს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი კირა იარმიში.


საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დოჟდისთვის მაუწყებლობის აკრძალვის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს და ამას ცენზურად აფასებს.


„დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალებისთვის დაწესებული ცენზურა ძირს უთხრის კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევას, რაც ლატვიის მთავრობის ერთ-ერთი მიზანია“, - განაცხადა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟან კაველიემ.



საქართველოს ოკუპირებული რეგიონები „დოჟდის“ ეთერში


როგორ აშუქებს რუსული ტელეარხი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებს?


ტელეკომპანიის ეთერში არაერთი მასალა იძებნება, სადაც ჩანს არხის კრიტიკული პოზიცია კრემლის საოკუპაციო პოლიტიკის მიმართ.


ერთ-ერთი ბოლო თემა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით „დოჟდმა“ გააშუქა, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი იყო. ჟურნალისტმა ეკატერინე კოტრიკაძემ თემის წარდგენისას რეგიონის დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია „თვითგამოცხადებული რესპუბლიკის“ პრეზიდენტად მოიხსენია, აფხაზეთს კი - საქართველოს ოკუპირებული ნაწილი უწოდა.


„დოჟდის“ მიერ 2014 წელს გამოყენებულ რუკაზე, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ არის აღნიშნული.


2021 წელს კი, „დოჟდის“ ეთერში, აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებულ გადაცემაში კოტრიკაძემ განაცხადა, - „ეს არის ისტორია დაუსჯელობის შესახებ, 13 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში“.


წამყვანმა მაყურებელს უამბო, როგორ ემზადებოდა რუსეთი საომარი მოქმედებების დასაწყებად, როგორ არიგებდა რუსულ პასპორტებს სეპარატისტულ რეგიონებში, რაც შემდგომში კრემლმა საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბად გამოიყენა.


ეკატერინე კოტრიკაძეს არც რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები დავიწყებია, რომელიც მედვედევ-სარკოზის 12 აგვისტოს შეთანხმებით არის გათვალისწინებული. პირდაპირ ეთერში კი, ამ თემაზე მწვავე დისკუსია ჰქონდა სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ზატულინთან.


აქვე შეგახსენებთ, რომ „დოჟდმა“ რუსეთში მუშაობა 3 მარტს შეაჩერა მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „დოჟდის“ დაბლოკვა მოითხოვა, რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით. რუსეთში ამოქმედებული ახალი კანონმდებლობით, ტელეკომპანიის ჟურნალისტები სამართლებრივი დევნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.


ქეთი ჩოხელი
  • 3
  • 7640
0 Comments