წითელი ვერსია
  • 0
  • 1588

„15-ლარიანი“ სიგარეტის 15-წლიანი ისტორია

23 თებერვალი 2020

საქართველოში ლამის ყოველთვე ძალაში შედის რაიმე ახალი ნორმა, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის მანამდე არსებულ სურათს. ზოგი ევროასოცირების ფარგლებშია ნავალდებულები, ზოგი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წესებთან თუ საკითხის მსოფლიო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის კონტექსტში და ზოგიც ადგილობრივი იდეებით იკვებება.


მედიაში ამ საკითხების გაშუქების, პირობითად, სამი სტანდარტი დამკვიდრდა: ან მხოლოდ შიშველი ფაქტის კონსტატაცია, ან მოკლევადიანი და ყოვლად გაუგებარი ისტერია, ან სულაც აბსოლუტური იგნორირება.


აქედან მეორე მაგალითი სულ ორიოდე დღის წინ სრული ბრწყინვალებით წარდგა ჩვენს წინაშე: განგაშის ზარებმა გვამცნო, რომ ერთი კოლოფი სიგარეტი სულ მალე 15 ლარი გახდება;



ზედმეტად მიმაჩნია შეხსენება, რომ 15 ლარამდე სიგარეტის გაძვირების თემას კონკრეტული პირველწყარო არ გააჩნია.


ეს რიცხვი რომელიღაც ჯადოსნურმა კალკულატორმა მას შემდეგ გამოიყვანა, რაც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირში სიგარეტის ფასი უნდა გათანაბრდეს. მარტივად დადგინდა, რომ ევროპაში სიგარეტის ფასი 5 ევროდან იწყება (ამ ინფორმაციის წყაროც უცნობია), ეს ციფრი გამრავლდა გაცვლით კურსზე და შემაძრწუნებელი ფასი ისე გავრცელდა, თითქოს ევროპაში მართლა ასეა და, მაგალითად, პოლონეთსა და ბრიტანეთში სიგარეტი მართლა ერთი და იგივე ფასი ღირს, განურჩევლად იმისა, რა მარკის და წარმოების თამბაქოზეა ლაპარაკი.


რა ხდება სინამდვილეში? ის, რაც უკვე არაერთხელ მოხდა და რაც საქართველოს ნავალდებულები აქვს თითქმის 15 წლის წინ.


ყველაფერი 2003 წლის 21 მაისს დაიწყო, როცა ჟენევაში გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია მიიღეს. სადღეისოდ მას გაეროს 168 ქვეყანაა მიერთებული. მათ შორის საქართველოც, რომელმაც ამ კონვენციის რატიფიცირება 2005 წლის 16 დეკემბერს მოახდინა.


ბევრი სხვა მსგავსი ტიპის საერთაშორისო შეთანხმებისგან განსხვავებით, ეს კონვენცია არც ისე დიდია, რომ სურვილის შემთხვევაში ვერ წაიკითხო ან თუნდაც ბანალურად, დაგეზაროს. მთელი დოკუმენტი სულ რამდენიმე ფურცელზე გაშლილი 38 მუხლია, რომელიც თამბაქოს გლობალურ ეპიდემიასთან ბრძოლის ყველა ასპექტს დეტალურად მოიცავს. მათ შორის, ეკონომიკურ ასპექტებსაც, რაც კონვენციის მე-6 მუხლშია გაწერილი და თამბაქოზე არსებული მოთხოვნის შესამცირებელ სატარიფო და საგადასახადო ზომებს გულისხმობს.


ამ მუხლის მიხედვით, ის სახელმწიფოები, ვინც ამ კონვენციას შეუერთდა, „აღიარებენ, რომ სატარიფო და საგადასახადო ზომები წარმოადგენს მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს შორის თამბაქოს მოხმარების შემცირების ეფექტურ და მნიშვნელოვან საშუალებას. საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრისა და ფორმირების სუვერენული უფლების შეუზღუდავად, თითოეულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ჯანდაცვის ეროვნული ამოცანები და გაატაროს ზომები, რომლებიც შესაძლოა მოიცავდეს: თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით საგადასახადო და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ფასების პოლიტიკის განხორციელებას ჯანდაცვის იმ ამოცანების შესრულების მიზნით, რომლებიც ორიენტირებულია თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე...“


კიდევ ერთხელ მორიდებით შევახსენებ ყველას, რომ ეს მიდგომები სახელმძღვანელო ვალდებულებად საქართველომ ჯერ კიდევ 15 წლის წინ აიღო.


ამ ისტორიაში კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი ცოტა მოგვიანებით, 2014 წლის 3 აპრილს ბრიუსელში მოხდა, როცა ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ მიიღეს ე.წ. დირექტივა 2014/40/EC. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი დოკუმენტი თამბაქოს წარმოების და გაყიდვის წესებს, მათ შორის, ამ პროდუქციის აქციზით დაბეგვრის პრინციპებს განსაზღვრავს. ძალაში ეს დირექტივა იმავე 2014 წლის 29 მაისიდან შევიდა და, რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, მისი განხორციელება სავალდებულოა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, არამედ იმ სახელმწიფოებისთვისაც, ვისაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს ხელმოწერილი.


ანუ საქართველოსთვისაც. ანუ სავალდებულოა. ანუ ჯერ კიდევ 2016 წლის 1 ივლისიდან, როცა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება ოფიციალურად ამოქმედდა.


სიახლეა ეს ამბავი? არანაირად. სიგარეტის ყოველ მორიგ გაძვირებაზე ამ არგუმენტებს ალილუიასავით იმეორებენ ხან თამბაქოსთან მებრძოლები, ხან ოფიციალური უწყებები, ხან შინაური და ხანაც გარეული დარგის სპეციალისტები.


ასეთ დროს ის არგუმენტიც სულ სხვაგვარად გამოიყურება, რომ აქციზის ზრდა თურმე ბიუჯეტის შესავსებად იგეგმება. ცხადია, აქციზი ბიუჯეტში მიდის და ეს უდავოა, მაგრამ ეს (მესამედ და ბოლოჯერ ვიმეორებ) 15 წლის წინ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაა.


თან, ეს ვალდებულება სამუდამოა. მეტიც, თუ ვინმეს აინტერესებს, აქციზები კიდევ გაიზრდება.


და არა მაღალი ტემპით და 2022 წლამდე, როგორც თავიდან იყო განსაზღვრული, არამედ უფრო დაბალი სიჩქარით და 2026 წლამდე, როგორც დიდსულოვნად დაგვთანხმდა ევროკავშირი.


ასე რომ, ამ პერიოდამდე სიგარეტის გაძვირებით გამოწვეული კიდევ არაერთი მედია-გნიასის მოსმენა და გადაგორება მოგვიწევს. პირველ რიგში, ეს მთავრობას ეხება, რომელმაც მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო ამ საკითხზე ხმა, რაც 15-ლარიანი სიგარეტის თემამ მთელ მედიას გადაუარა და პასუხიც მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ერთერთი მოადგილის პირით გაგვაცნო, ისიც - მის პერსონალურ „ფეისბუკის“ გვერდზე.


რეზო საყევარიშვილი
  • 0
  • 1588
0 Comments