წითელი ვერსია
  • 6
  • 9579

რას გვიჩვენებს „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკა

29 დეკემბერი 2019

2019 წელი მნიშვნელოვანი იყო ქართული მედიისთვის და განსაკუთრებით, ტელემედიისთვის, რომელიც საქართველოში საკმაოდ პოლარიზებულია და შესაბამისად, საარჩევნო წლის წინ ფაქტობრივად ყოველთვის მიმდინარეობს ორგანიზაციული გადაჯგუფება მომავალი არჩევნებისთვის მოსამზადებლად.


ამ მხრივ არც 2019 წელი ყოფილა გამონაკლისი - წლის მეორე ნახევარში გაჩნდა რამდენიმე ახალი ტელემედია. მათ შორის ყველაზე ხმამაღალი განაცხადით (თუნდაც მხოლოდ სახელწოდებიდან გამომდინარე) მედიასივრცეში შემოვიდა „მთავარი არხი“, რომელიც „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და იმ ადამიანებმა ჩამოაყალიბეს, რომლებმაც დატოვეს ტელეკომპანია „რუსთავი2“ ან გათავისუფლებული იქნენ არხიდან მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანიის კუთვნილების საკითხთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება სამართლიანად ცნო და არხი მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.


აღნიშნულმა პერიპეტიებმა ბუნებრივია, „მთავარი არხი“ განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვირვების ობიექტად აქცია, როგორც უშუალოდ ჟურნალისტების, ისე მედიაანალიტიკოსებისთვის. კერძოდ, საინტერესო იყო, რამდენად დაემსგავსებოდა ახალი არხი „რუსთავი2“-ს ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში და მეორე მხრივ, იქნებოდა თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება.


უნდა ითქვას, რომ სარედაქციო პოლიტიკის კუთხით, ამ კითხვაზე პასუხი გარკვეულწილად, „მთავარი არხის“ პირველივე საინფორმაციო გამოშვება „მთავარში“ გაეცა, როცა გამოშვების წამყვანმა გადაცემა შემდეგი ფრაზით გახსნა: „დავბრუნდით იგივე შეუპოვრობით და იგივე შემართებით გუნდი, რომელსაც ენდობით და რომელიც არცერთი წუთით არ დანებებულა“.


ამ ფრაზაში უკვე ნათლად იკითხებოდა, რომ „მთავარი არხი“ საკუთარ მაუწყებლობას მოიაზრებდა, როგორც "ძველი რუსთავი2“-ის ეთერში დაბრუნებას, თუმცა ამ ფრაზასთან ერთად, წამყვანმა დიანა ჯოჯუამ პირველ გამოშვებაში ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ გუნდი ბრუნდება, რათა „დაიწყოს სუფთა ფურცლიდან“. ეს ფრაზა უკვე შეიძლება განვიხილოთ, როგორც მინიშნება ან მზაობა განახლებისთვის და მათ შორის, როგორც მზაობა „რუსთავი2“-ში წლების მანძილზე დამკვიდრებული მაუწყებლობის პრაქტიკის გადააზრებისთვის.


ამ ფონზე ბუნებრივია, განსაკუთრებით საინტერესოა, რა გვაჩვენა „მთავარი არხის“ მაუწყებლობაზე თითქმის 4 თვის განმავლობაში (2019 წლის 9 სექტემბრიდან - დღემდე) დაკვირვებამ.


უნდა ითქვას, რომ ამ დროის მანძილზე განსხვავება ძირითადად ტელევიზიის მასშტაბებში გამოიხატებოდა: „მთავარი არხი“ ვიზუალური სურათისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით უკვე აშკარად აღარ ტოვებს ქვეყნის მთავარი ტელევიზიის შთაბეჭილებას; რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკას და მაუწყებლობის შინაარსს, ამ მხრივ სერიოზული განსხვავება ფაქტობრივად არ არის და არხი მეტ-ნაკლებად იმეორებს „ძველი რუსთავი2“-ის ძლიერ, სუსტ და მათ შორის, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის განსაკუთრებულად გამაღიზიანებელ მხარეებს.


ასე მაგალითად, სულ რამდენიმე თვის განმავლობაში „მთავარმა არხმა“ დაამტკიცა, რომ ამ ტელევიზიას პრინციპში შეუძლია შექმნას დინამიური და რეიტინგული ეთერი, მოიპოვოს და გაავრცელოს ექსკლუზიური ინფორმაცია და ა.შ. თუმცა ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ არხი მუდმივად ხაზს უსვამს დამოუკიდებლობას ხელისუფლებისგან, მისი მთელი მაუწყებლობა აგებულია სწორედ ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე; უფრო ზუსტად კი წინააღმდეგობაზე, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის პიროვნებას და გუნდს, ხოლო მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის პიროვნებას და გუნდს შორის, რაც აშკარად არაობიექტურად წარმოაჩენს ქვეყნის თუნდაც პოლიტიკურ დღის წესრიგს, რადგან დღევანდელი მდგომარეობით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გაცილებით მეტი პოლიტიკური მოთამაშეა ჩართული და მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებული „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად აღარც წარმოადგენს იმ მასშტაბის ძალას, რამხელა მნიშვნელობა და ადგილიც მას ეთმობა „მთავარი არხის“ ეთერში.


ასეთია „მთავარი არხის“ მაუწყებლობის ზოგადი ფილოსოფია. თუმცა მსგავსება „ძველ რუსთავი2“-თან ფორმის თვალსაზრისითაც აშკარაა - „მთავარი არხისთვის“ დამახასიათებელია „ძველი“ (და განსაკუთრებით, 2012-2019 წლების) „რუსთავი2“-ის ტელეჟურნალისტიკის სტილი და ეთიკა; ეს გამოიხატება მიდრეკილებაში ეპატაჟისკენ და გადაჭარბებული სკანდალურობისკენ, რაც ზოგჯერ ხელოვნურად გამწვავებული დრამატურგიის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეპატაჟურობის მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ გიორგი გაბუნიას 10 ნოემბრის ცნობილი მონოლოგი, სადაც მან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სასულიერო პირმა ჰომოსექსუალური კავშირი შესთავაზა. ეს არის „ძველი რუსთავი2“-ის და განსაკუთრებით, კონკრეტულად ამ ჟურნალისტისთვის დამახასიათებელი ეპატაჟურობისა და ანტისაპატრიარქო პოზიციის გაგრძელების ერთერთი ნათელი მაგალითი.


იგივე ხაზი და სტილი გრძელდება საინფორმაციო გამოშვებებშიც, სადაც არცთუ იშვიათად, ინფორმაციაზე მეტი ყურადღება ეთმობა იმის მოყოლას და ჩვენებას, თუ როგორ გაუჭირდათ არხის ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვება და საერთოდ, რამდენად შევიწროებულად გრძნობს თავს ეს კონკრეტული ტელევიზია. ამ ტენდენციის მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც ჟურნალისტ ნათია ტრაპაიძესთან დაკავშირებული ეპიზოდი, როცა არხმა გაავრცელა ინფორმაცია რომ ჟურნალისტი საკრებულოს ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს, თუმცა კადრები ცალსახა დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ასეთი ეპიზოდები ხშირია და საბოლოო ჯამში მაყურებელს უჩნდება ეჭვი - ეს ყველაფერი მართლაც განსაკუთრებული ზეწოლის შედეგია თუ თავად არხიც არის დაინტერესებული, სიტუაცია ისე განავითაროს ან აჩვენოს, რომ ეკრანზე მაქსიმალური ზეწოლის შთაბეჭდილება და „სურათი“ შეიქმნას.


ასეთია ზოგადი შთაბეჭდილება, რომელიც იკვეთება „მთავარ არხზე“ დაკვირვების შედეგად; ეს შთაბეჭდილება გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ზემოხსენებული ტენდენციები 2020 წელს კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან მომავალ წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია და „მთავარ არხს“ ამ არჩევნების პროცესში აუცილებლად ექნება საკუთარი პოლიტიკური სიმპათია და პოზიცია - იმ მხარეს, რომელ მხარესაც იყო „რუსთავი2“ ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის პერიოდში.


ზვიად ავალიანი
  • 6
  • 9579
0 Comments