წითელი ვერსია
  • 5
  • 3080

ცინიზმი ინფორმაციის ნაცვლად

02 ივნისი 2021

ქართული ტელემედიის ერთ ნაწილში, რომელიც ღიად ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა, ბოლო პერიოდში ახალი ტენდენცია გამოიკვეთა: სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამბები, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ფიგურირებენ, მათ ეთერში ან საერთოდ არ შუქდება, ან შუქდება ისე, რომ მაყურებელი ინფორმაციის ნაცვლად ამბისა და მისი ფიგურანტების მიმართ მედიის ცინიკური სარედაქციო დამოკიდებულების დემონსტრირებას ადევნებს თვალყურს.


ამ ტენდენციის ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ 1-ელ ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.


ოფიციალური წყაროების თანახმად, მხარეებმა პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებზე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო-ენერგეტიკული და ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები. ისაუბრეს თურქულ ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებზეც, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ორი ქვეყნის მეთაურებმა მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.


ვიზიტი იმავე დღესვე აქტიურად გაშუქდა თურქულ (Daily Sabah, Hurriyet.com, Anadolu Ajansi) და სხვა ქვეყნების მედიაში, სადაც საქმიან ასპექტებთან ერთად აღინიშნა ქართული დელეგაციის დახვედრის დროს მასპინძელი ქვეყნის მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებაც, თუმცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა და სამომავლო თანამშრომლობაზე გაკეთებული განცხადებები საინტერესო არ აღმოჩნდა ტვ „პირველის“, „ფორმულისა“ და „მთავარი არხის“ 1-ელი ივნისის საინფორმაციო დღის წესრიგისთვის.


აღნიშნული ტელეარხებიდან „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ პრემიერის თურქეთში ვიზიტს მცირე დრო მხოლოდ 2 ივნისის დილის საინფორმაციო გამოშვებებში დაუთმეს, თუმცა „მთავარი არხი“ შეეცადა ამბის მნიშვნელობა მაქსიმალურად დაემცირებინა და სიუჟეტი ერთ-ერთი უცხოური გამოცემის, Foreign Brief-ის მიერ დაშვებული შეცდომით დაიწყო, რომელმაც ვიზიტის შესახებ მომზადებულ მასალაში ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად გიორგი გახარიას ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა შეცდომა მალევე ჩაასწორა:


„ოცნების’ მოქმედი და ყოფილი პრემიერები ერთმანეთში აერიათ. საერთაშორისო პოლიტიკაზე მომუშავე ინგლისურენოვანმა გამოცემამ Foreign Brief-მა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გიორგი გახარიას ფოტო გამოაქვეყნა“, - ასეთი იყო „მთავარის“ მთავარი აქცენტი პრემიერის ვიზიტის შესახებ, რომელიც დილის 09:00 და 10:00 საათის საინფორმაციო გამოშვებებეში მოვისმინეთ.


კიდევ უფრო სარკასტული აღმოჩნდა ვიზიტთან დაკავშირებით ტვ „პირველის“ გამოხმაურება. ტელეკომპანიამ, რომელსაც პრემიერის თურქეთში სტუმრობისთვის საინფორმაციო გამოშვებებში არც ერთი წუთი არ დაუთმია, 2 ივნისს საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა 30 წამიანი ვიდეო სათაურით: „თარჯიმანს თარჯიმანი დასჭირდა, რათა ღარიბაშვილის სიტყვები ერდოღანისთვის ეთარგმნა“.


ამდენად, ქართული დელეგაციის ვიზიტიდან და ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯებ თაიფ ერდოღანის ერთობლივი პრესკონფერენციიდან ტვ „პირველისთვის“ მხოლოდ ის ფრაგმენტი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, სადაც თარჯიმანი რამდენიმე წამის განმავლობაში დაიბნა და ცდილობდა გაეხსენებინა ან გაერკვია თუ როგორ ჟღერს თურქულად სიტყვა „სავაჭრო“.


ხათუნა კიღურაძე
  • 5
  • 3080
0 Comments