წითელი ვერსია
  • 0
  • 3146

ცალმხრივი სტატისტიკა „მთავარზე“

23 ოქტომბერი 2020

ზუგდიდში, 21 ოქტომბერს, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი თავდასხმა, სადაც შეიარაღებულმა პირმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ სოლიდური თანხა მიიღო და გაუჩინარდა, ოპოზიციური მედიისთვის მორიგი საბაბი აღმოჩნდა, რომ სამართალდამცველი ორგანოების მიმართ არაობიექტური კრიტიკისა და დისკრედიტაციის კამპანია უფრო მეტად გაეძლიერებინა.


მაგალითისთვის, „მთავარმა არხმა“ 22 ოქტომბრის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში შემოგვთავაზა „საოცნებო სტატისტიკა“„2015-2020 წლებში მომხდარ მასშტაბურ ძარცვებზე, წაღებულ ფულსა და მიმალულ თავდამსხმელებზე“, სადაც მაყურებელმა გამოშვების წამყვანისგან დამთრგუნველი და სუბიექტური პროგნოზიც მოისმინა: „საფრთხე ამიერიდან კიდევ უფრო დიდია და არ არის გამორიცხული ყაჩაღობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს“.


ამგვარი პროგნოზების გარდა, სიუჟეტში არაერთი პოლიტიკური შინაარსის ბრალდებაც გაჟღერდა, რასაც სტატისტიკასთან საერთო არაფერი აქვს. „ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა და საზოგადოებასაც სთხოვა, გაგებით მოეკიდოს კრიმინალს... ამ განცხადებას კი დანაშაულის მასიური ტალღა მოჰყვა,“ - გვარწმუნებს წამყვანი (?!)


რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკას, „დანაშაულის მასიური ტალღის“ გაანალიზების მცდელობისას ჟურნალისტმა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში მოქმედი ბანკების ფილიალებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტები გაიხსენა და პარალელურად, პოლიტიკური „საბრალდებო დასკვნაც“ შემოგვთავაზა. კერძოდ, როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, დარწმუნებული არ არის, რომ „ქართული ოცნების“ ძალოვანმა უწყებებმა იმ კრიმინალების შეჩერება შეძლონ, „რომლებთანაც საარჩევნოდ ივანიშვილის გუნდი ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს“.


გარდა ამისა, სავარაუდოდ, შოკური ეფექტის გაძლიერების მიზნით, ჟურნალისტმა ასევე გვაცნობა, რომ სიუჟეტში ვერ აისახა ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების დაყაჩაღებისა და გაქურდვის ყველა ფაქტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, თუმცა ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვდა, შედარების მიზნით, თუნდაც ერთი ისეთი კრიმინალური შემთხვევა მაინც გაეხსენებინა, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი, რათა მაყურებელს საშუალება მისცემოდა, თავად გაეანალიზებინა, გაიზარდა თუ არა კრიმინალის შემთხვევები 2012 წლიდან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.


ცნობისთვის, დანაშაულს, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში მოხდა, ოპოზიციურ მედიაში ხშირად ტერორისტულ აქტადაც აფასებენ და ძალოვან სტრუქტურებს დამატებით იმისთვისაც აკრიტიკებენ, რომ ასეთი შემთხვევა „მათ თვალწინ“ და პოლიტიკურად აქტიურ პერიოდში დაუშვეს. რეალურად, დანაშაულის ამგვარ პირობებში ჩადენის პარალელები 2003-2012 წლების ისტორიაშიც არაერთია.


მაგალითისთვის, შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც 2005 წლის 1 თებერვალს გორში მომხდარი აფეთქება, რომელიც სამხარეო პოლიციის შენობის წინ მოხდა და რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 30-მდე დაიჭრა. ასევე, 2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ზუგდიდში, სოფელ ხურჩაში მომხდარი ინციდენტი, სადაც არჩევნებში ხმის მისაცემად აფხაზეთიდან გადმოყვანილ მოსახლეობას ნიღბიანი თავდასმხმელები დახვდნენ და სხვადასხვა იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევას წინა ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 3146
0 Comments