წითელი ვერსია
  • 8
  • 3664

თარგმანში გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა

17 იანვარი 2021

უცხოურენოვანი ტექსტების ინტერპრეტირებული თარგმანი, სასურველი მონაკვეთების „ამოჭრა“ და შინაარსის საკუთარ პოლიტიკურ გემოვნებაზე „მორგება“ ქართულ მედიაში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებით სახასიათო სურათი გამოიკვეთა 15 იანვარს, Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის გაშუქებისას, სადაც გამოცემა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.


იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, თუ რამდენად განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი ცნობები შეიძლება საზოგადოებამ მიიღოს ერთი და იგივე ამბის შესახებ ორ სხვადასხვა მედიასაშუალებისგან, საკმარისი იქნება დავაკვირდეთ „იმედინიუსისა“ და „მთავარი არხის“ ვებგვერდის მასალებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.


გავლენიანი ამერიკული გამოცემისთვის მოსკოველი და თბილისელი კორესპონდენტების მიერ მომზადებულ სტატიას „იმედი“ მხოლოდ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით გამოეხმაურა, თუმცა ნიშანდობლივია, რომ საკმაოდ ვრცელი სტატიიდან, სადაც მოცემულია როგორც საქართველოს შიგნით, ისე მთლიანად რეგიონში არსებული ვითარებისა და ტენდენციების ავტორისეული ანალიზი, „იმედინიუსმა“ მკითხველს მხოლოდ ის მონაკვეთი შესთავაზა, რომელშიც ივანიშვილის გადაწყვეტილება რეგიონში გამორჩეულად და დადებით კონტექსტშია შეფასებული:


„გამოცემა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით იგი უარს ამბობს ყველაფერზე, რათა დრო დაუთმოს ფილანთროპის როლში მთელი თავისი ქონების გაცემას საქველმოქმედო მიზნებისთვის, მისაბაძ ნარატივს უწოდებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ტრამპის, ვლადიმერ პუტინის და ლუკაშენკოს პოზიციებისა და მიდგომებისგან“.


აღსანიშნავია, რომ Washington Post-ი ნამდვილად წერს იმას, რასაც „იმედინიუსი“ გვამცნობს, ამიტომ ამ უკანასკნელს შინაარსის გაყალბებაში ვერ დავადანაშაულებთ, თუმცა ამერიკულ გაზეთში გარდა პოზიტიური შეფასებებისა ასევე გვხვდება სკეპტიკური კითხვის ნიშნებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის არ სჯერა, რომ ოპოზიციას აქვს პრეტენზიები „ქართული ოცნების მმართველობასთან“, რომ ამერიკელ კანონმდებლებსაც ჰქონდათ კითხვები მმართველ პარტიასთან და ა.შ., რასაც „იმედინიუსი“ ყურადღების მიღმა ტოვებს.


აქედან გამომდინარე „იმედინიუსის“ გაშუქების სტილი „შერჩევითი ყურადღების“ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ის, რაც იმავე დღეს, იმავე თემაზე საზოგადოებას „მთავარმა არხმა“ შესთავაზა, საერთოდ წინააღმდეგობაში მოდის რეალური სტატიის შინაარსთან და თარგმანის გაყალბების კატეგორიაში გადადის.


კერძოდ, „მთავარი არხის“ ვებგვერდმა მკითხველს ამცნო, რომ თითქოს Washington Post-ის თანახმად ივანიშვილის მიდგომა რეგიონის სხვა ლიდერებისგან არა განსხვავებული, არამედ მსგავსია: „ივანიშვილის ფულზე დაფუძნებული პოლიტიკა, რეგიონის სხვა ლიდერებისასაც ჰგავს. ბოლო 12 თვის მანძილზე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი განსაკუთრებით გააქტიურდა, რომ მისი გავლენები 2036 წლამდე გახანგრძლივდეს, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ მან აგვისტოს არჩევნები, რომელიც რეალურად გაყალბდა, მოიგო“, - გვეუბნება „მთავარი“ მაშინ, როცა სტატიაში სრულიად საპირისპიროს ვკითხულობთ:


Ivanishvili’s pay-it-forward tone breaks with others in the region. Last year, Russian President Vladimir Putin orchestrated constitutional changes that could keep him in power until 2036. Belarus’s president, Alexander Lukashenko, claimed he won a sixth term in August elections that were widely condemned as rigged.


მეტიც - „მთავარი არხისეული“ „თარგმანით“ „ეს ყველაფერი, შეიძლება შეედაროს დონალდ ტრამპსაც, რომელიც ახლაც ზრუნავს თავის პოლიტიკურ მომავალზე. ოთხშაბათს მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სულაც არ ეხმიანება, იმ პოლიტიკურ სილას, რომელიც გააწნეს“.


არადა, რეალურად Washington Post- წერს, რომ რეგიონული ლიდერების გარდა „ეს ასევე, განსხვავდება პრეზიდენტ ტრამპისგანაც“:


It also contrasts with President Trump, who is now pondering his political future and released a video Wednesday noting the clout of his “movement.”


„მთავარი არხის“ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ რედაქცია მკითხველს სტატიას სრულად სთავაზობს, თუმცა, თუ ზემოაღნიშნული კონკრეტული ციტატების „თარგმანით“ ვიმსჯელებთ, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს თუ როგორ „თარგმნა“ და საერთოდ, როგორ მიაწოდა მკითხველსა და მაყურებელს „მთავარმა არხმა“ იზაბელ ხურშუდიანისა და ინა ლაზარევას მიერ მომზადებული სტატია.


ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორმა ქართულმა მედიასაშუალებამ ამერიკული გამოცემის სტატიის გაშუქებისას საზოგადოების ინტერესზე მაღლა საკუთარი პოლიტიკური და სარედაქციო დღის წესრიგი დააყენა და თუ „იმედინიუსმა“ აუდიტორიას ამბის მხოლოდ ერთი ნაწილი გააცნო, „მთავარმა არხმა“ სტატიის ძირითადი შინაარსი გააყალბა და მკითხველი მოატყუა.


აქედან გამომდინარე, სტატიის სულისკვეთებისა და შინაარსის სრულად გასაცნობად ქართულ საზოგადოებას ჯერ-ჯერობით სტატიის ორიგინალის წაკითხვა მოუწევს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 8
  • 3664
0 Comments