წითელი ვერსია
  • 0
  • 638

სიუჟეტი „თავდაყირა“

09 სექტემბერი 2020

ინფორმაციის ცალმხრივი და ტენდენციური გაშუქება, რაც პოლარიზებულ ქართულ მედიაში მუშაობის ყოველდღიური სტილია, ზოგჯერ ისეთ რადიკალურ ფორმას იღებს, რომ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფაქტობრივად აღარაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. საკუთარი სურვილების ინფორმაციად „გასაღება“, გარკვეულწილად, შეიძლება კომფორტულიც კი იყოს მაყურებელთა იმ ნაწილისთვის, რომელთა განწყობები თანხვედრაშია მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკასთან, თუმცა, ასეთი მაყურებელიც კი იბნევა, როცა ინფორმაციის შინაარსი სრულიად შეუსაბამოა თანმდევ კადრებსა თუ კომენტარებთან, ან მოწოდებული ინფორმაციის დამადასტურებელი კადრები სიუჟეტში საერთოდ არ მოიპოვება.


7 სექტემბრის შემაჯამებელ საინფორმაცო გამოშვებაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარდგენის გაშუქებისას „მთავარი არხი“ შეეცადა ყოველგვარი ფაქტისა თუ მტკიცებულების გარეშე შეეთავაზებინა მაყურებლისთვის „ალტერნატიული პოლიტიკური რეალობა“.


გამოშვების წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძის მიერ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებამ „ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა“. „მთავარი არხის“ მტკიცებით, წარდგენის შემდეგ ქვეყანაში ერთადერთი(!) განსახილველი თემაც სააკაშვილის ახალი პოლიტიკური გეგმებია და ასევე, თუ „მთავარ არხს“ დავეყრდნობით, სააკაშვილის წარდგენას „მალევე მოყვა მმართველი გუნდის ისტერიული განცხადებები და მუქარა“. ამასთან, როგორც ტელევიზიამ გვაუწყა „არანაკლებ აღელვებულები ჩანდნენ მესამე პრეზიდენტის ყოფილი თანაგუნდელები“.


ამ სკანდალური და შეიძლება ითქვას, ეპატაჟური ტექსტის შემდეგ, პირდაპირ ეთერში ერთვება ჟურნალისტი, რომელიც, წამყვანის თქმით, ამ თემაზე მუშაობდა და წესით მას, საკუთარ სიუჟეტში უკვე ფაქტებით უნდა გაემყარებინა ის „ინფორმაცია“, რომელიც მაყურებელმა წინსმწრებად მოისმინა წამყვანის მხრიდან, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელთა „ისტერიული“ და „მუქარის“ შემცველი კომენტარების ნაცვლად, ეთერში ვიხილეთ მხოლოდ კადრები მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვიდან და განმეორებით მოვისმინეთ ვრცელი ფრაგმენტები გრიგოლ ვაშაძის განცხადებიდან.


უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებასთან დაკავშირებით „მთავარ არხს“ კომენტარები მმართველი გუნდიდანაც ჰქონდა მოპოვებული, რომლებიც დღის გამოშვებებში გააშუქა კიდეც, თუმცა, სავარაუდოდ იმის გამო, რომ არც ერთი კომენტარი ისტერიკისა და მუქარის ნიშნებს არ შეიცავდა, მათი შემაჯამებელ სიუჟეტში გაშვება, როგორც ჩანს, არხმა მიზანშეუწონლად ჩათვალა.



ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 638
0 Comments