წითელი ვერსია
  • 1
  • 4802

სიცოცხლისთვის სახიფათო ინფორმაცია ტელეეთერში

13 დეკემბერი 2021

12 დეკემბერს 20:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში* ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზთან საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ.


„დე ფაქტო რეჟიმს ჯერ არ უთქვამს, რის გამო დააკავა ყოფილი ძალოვანი“ - აცნობა მაყურებელს გადაცემის წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას, რომელიც ამგვარად იყო დასათაურებული: „ყოფილი ძალოვანი ოკუპანტების ტყვეობაში“ .


რეპორტაჟში ასევე წარმოდგენილი იყო დაკავებული მოქალაქის ფოტოები, რომლებზეც იგი სამხედრო უნიფორმაშია გადაღებული. გარდა ამისა, „პირველებმა“ აღნიშნეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ყოფილი ძალოვანის გატაცებას, თუმცა სუს-ის ოფიციალურ განცხადებაში რეალურად არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, იყო თუ არა დაკავებული წარსულში რომელიმე ძალოვანი უწყების თანამშრომელი.


ტელეკომპანია „პირველი“ 12 დეკემბერს დღის საინფორმაციო გამოშვებებშიც აკონკრეტებდა დაკავებულის კავშირს ძალოვან უწყებებთან, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას, სავარაუდოდ, უკვე ცხინვალის ციხეში მყოფი ადამიანის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას ან ხელი შეუშალოს მის გათავისუფლებას, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობა დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაკავებულის მიმართ უფრო მძიმე ბრალდების საფუძვლად გამოიყენოს.


სამწუხაროდ, ამგვარი პრეცედენტები უკვე არსებობს. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ არჩილ ტატუნაშვილის დაკავების ტრაგიკული ისტორია, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ წამების შედეგად გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლება მას ბრალად სწორედ ქართულ ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობას უყენებდა.


ასევე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან კავშირზე აპელირებდა საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის დროსაც.


დე ფაქტო რეჟიმი ირწმუნებოდა, რომ გაფრინდაშვილი რეალურად „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“.


აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ, გატაცებული მოქალაქის სამხედრო უნიფორმაში გადაღებული ფოტოსურათი 12 დეკემბრის 21:00 საათის „კურიერში“ გაავრცელა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მაც, ხოლო 13 დეკემბერს „მთავარი არხისა“ და ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო გამოშვებებში ასევე ითქვა, რომ დაკავებული მოქალაქე „ყოფილი ძალოვანია“.


ამასთან, „მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტმა თავადვე გვაცნობა, რომ ეს ინფორმაცია „რუსეთის წარმომადგენლებმა შესაძლოა ანგარიშსწორებისთვის გამოიყენონ".


* დაკავებულის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე „მედიაკრიტიკა“ არ უთითებს მასალაში განხილული საინფორმაციო გამოშვებებისა და სიუჟეტების ელექტრონულ მისამართებს


მანანა მჭედლიშვილი
  • 1
  • 4802
0 Comments