წითელი ვერსია
  • 0
  • 4483

საზოგადოების ინფორმირება თუ ეჭვმიტანილის გაფრთხილება?

27 ოქტომბერი 2020

ზუგდიდში, 21 ოქტომბერს, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება და დამნაშავის ძებნა სამართალდამცველებისა და მედიის „შერკინების“ ფონზე გრძელდება, საიდანაც მოგებული, ჯერჯერობით, თავად ძებნილი ეჭვმიტანილია, რომელმაც მძევლების სიცოცხლის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა მიიღო და მიიმალა.


განსაკუთრებით გულმოდგინედ „ეჯიბრება“ პოლიციას „მთავარი არხი“. მიუხედავად შსს-ს გაფრთხილებისა, რომ ეჭვმიტანილის ან მისი თანამზრახველების დასახელება საგამოძიებო ღონისძიებებს ხელს შეუშლიდა, „მთავარმა არხმა“ სამინისტროს ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, 25 ოქტომბერს, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ დეტალური ინფორმაცია პირდაპირი ეთერით გაავრცელა.


აღნიშნული დეტალების შესახებ გადაცემაში თავად არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა. კერძოდ, მან პირდაპირ ეთერში გვაუწყა „სინამდვილეში ვინ არის დანაშაულის ჩამდენი“, გამოაცხადა კონკრეტული პირის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, დაბადების თარიღი და მაყურებელს მისი ფოტოებიც წარუდგინა. გარდა ამისა, მან ასევე დაასახელა ის პირებიც , რომელთა დაკავებასაც შსს თითქოსდა რეალური დამნაშავის ნაცვლად გეგმავდა.


პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ეჭვმიტანილის შესახებ მედიაში ინფორმაციის გავრცელება საგრძნობლად ურთულებს ამოცანას სამართალდამცველებს, რადგან როდესაც ძებნაში მყოფი პირი იგებს, რომ იგი იდენტიფიცირებულია, ის კონსპირაციისა და თავდაცვის დამატებით ზომებს იღებს. ამ გარემოებას სხვა კოლეგებთან შედარებით უკეთ უნდა აცნობიერებდეს „მთავარი აქცენტების“ წამყვანი, რომელიც წარსულში გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, საგამოძიებო ღონისძიებების გამოცდილებაც აქვს და სავარაუდოდ, ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ესა თუ ის ქმედება როგორ შეიძლება აისახოს გამოძიების პროცესზე, მიუხედავად ამისა მან სამართალდამცველებისთვის ხელისშემშლელი დეტალური ინფორმაცია პირდაპირი ეთერით მაინც გადასცა, რომელიც მოგვიანებით სხვა ტელეკომპანიებმაც გაავრცელეს.


აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მსგავსი სიმძიმის დანაშაულზე ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებების პარალელურად, ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს“. მან ასევე დაასახელა თავდასხმაში მონაწილე პირი, რომელიც სწორედ ის აღმოჩნდა, ვისზეც „მთავარ აქცენტებში“ ჯერ კიდევ წინა საღამოს ისაუბრეს.


ის, რომ ძებნილი დამნაშავე მედიას აქტიურად ადევნებს თვალს, თავდასხმის დღესვე გახდა ნათელი. ნიშანდობლივია, რომ ტელემედიამ და მათ შორის, „მთავარმა არხმა“ არც უშუალოდ თავდასხმის დღეს - 21 ოქტომბერს გაითვალისწინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდება, თავი შეეკავებინა ბანკის შენობის გარშემო მიმდინარე პროცესების პირდაპირ ეთერში ჩვენებისგან, 25 ოქტომბერს კი ძებნილმა თავდამსხმელმა შესაძლოა სწორედ „მთავარი არხისა“ და შემდეგ უკვე სხვა ტელეკომპანიების საშუალებით მიიღო მისთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია და არ არის გამორიცხული, ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დამნაშავის დაკავების ღონისძიებები დანაშაულიდან ექვსი დღის შემდეგაც უშედეგოდ გრძელდება.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 4483
0 Comments