წითელი ვერსია
  • 5
  • 1898

სახიფათო თამაში ეთნიკურობით

25 ივლისი 2020

სხვადასხვა ხასიათის კონფლიქტის გაშუქებისას მედიას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რადგან მედიის მიერ დაშვებული შეცდომები შესაძლოა ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის განმაპირობებელი ფაქტორი გახდეს.


24 ივლისს, ქართული ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებების ერთ-ერთი მთავარი თემა ახმეტის მუნიციპალიტეტში ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება იყო. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი სოფლის ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელ მატანის მცხოვრები სოფელ დუისში ავტომობილით გადაადგილებისას ქათამს დაეჯახა.


მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბის დაწყება ქათამს უკავშირდებოდა და არანაირად არ შეიცავდა ეთნიკურ შემადგენელს, ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა ამბის გადმოცემისას სწორედ დაპირისპირებული მხარეების ეთნიკურ წარმომავლობას გაუსვა ხაზი. „ეთნიკური ქისტები“, „ქისტი ახალგაზრდები“, „სოფელ დუისში მცხოვრები ქისტი და სოფელ მატანში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები“ - ამგვარი ტერმინები იყო გამოყენებული ტელეკომპანიების - „რუსთავი2“, „პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხის“ საინფორმაციო მასალებში.


ასეთ ვითარებაში ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმამ შესაძლოა, კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის თუ თემის მიმართ ნეგატიური და აგრესიული განწყობის შექმნას მისცეს ბიძგი, ეს კი თავის მხრივ, მომავალში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების საფუძველი გახდეს.


ამავე ამბის გაშუქებისას ჟურნალისტები ხშირ შემთხვევაში დუისის მცხოვრებთ „პანკისელებად“ მოიხსენიებდნენ მიუხედავად იმისა, რომ ხეობაში სხვა არაერთი სოფელი მდებარეობს, ამგვარი განზოგადება კი კონფლიქტის არეალის ხელოვნურად გაზრდასაც უწყობს ხელს.



მანანა მჭედლიშვილი
  • 5
  • 1898
0 Comments