წითელი ვერსია
  • 7
  • 3680

საქართველო - სახიფათო ქვეყანა?

12 ივნისი 2021

კორონავირუსული პანდემია და მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხი ქართული ტელემედიის საინფორმაციო დღის წესრიგის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად რჩება. შესაბამისად, საზოგადოებაც ყოველდღიურ რეჟიმში იღებს საკითხთან დაკავშირებით ახალ ამბებს. თუმცა, რიგ შემთხვევაში, მკითხველი და მაყურებელი შესაძლოა მანიპულაციური სიუჟეტის გავლენის ქვეშაც მოექცეს.


სწორედ მანიპულაციურად ინტერპრეტირებული ინფორმაცია მიიღო მაყურებელმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 10-11 ივნისის საინფორმაციო გამოშვებებიდან, სადაც მოგზაურობასთან დაკავშირებით აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ ამერიკის მოქალაქეებისთვის გაცემულ რეკომენდაციაზე გვიამბეს.


„საქართველო - სახიფათო ქვეყანა“, ასე დაასათაურა ტელეკომპანიამ 10 ივნისის შემაჯამებელ გამოშვებაში გასული სიუჟეტი, რომელიც პირდაპირ საგანგაშო სიგნალით იწყებოდა: „არ ჩახვიდეთ საქართველოში!“


ჟურნალისტის განმარტებით, მოგზაურობის მსურველთათვის ამ რეკომენდაციას CDC საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. სიუჟეტიდან მაყურებელი ასევე იგებს, რომ „საქართველო ამ პლატფორმაზე ყველაზე მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებს შორის ინდოეთის, ბანგლადეშისა და პაკისტანის გვერდით მოხვდა“.


აშკარაა, რომ სიუჟეტის ნახვის შემდეგ მაყურებელს დიდი ალბათობით დაეუფლება აბსოლუტური დაუცველობის და პანიკის განცდა და შესაძლოა, ინფორმაცია ისეც გაიგოს, რომ ამერიკული მხარე კონკრეტულად საქართველოს მიმართ ზომებს განსაკუთრებულად ამკაცრებს. არადა, ინფორმაცია, რომელსაც „მთავარი არხი“ ახალ ამბად ავრცელებს, რეალურად ახალი ამბავიც კი არ არის.


ცნობისთვის, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, რომელსაც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მსოფლიო რამდენიმე ზონად აქვს დაყოფილი და ამ ზონირების მიხედვით განსაზღვრავს რეკომენდაციებს საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველთათვის, საკუთარი მონაცემები ბოლოს 7 ივნისს განაახლა, თუმცა ცვლილებები არ შეხებია საქართველოს.


საქართველოსთან დაკავშირებით ძალაში დარჩა 19 მაისის რეკომენდაცია და მას შემდეგ ქვეყანა რჩება Covid-19-ის გავრცელების ძალიან მაღალი დონის ქვეყნების ჩამონათვალში, თუმცა ამავე ზონაში, საქართველოს გარდა, არის არა მხოლოდ პაკისტანი და ბანგლადეში, არამედ ბელგია, ნიდერლანდები, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ჩეხეთი და სხვა არაერთი ევროპული ქვეყანა.


ცენტრის მიერ სიის განახლების მიზანი ქვეყნების ხელახალი კატეგორიზიაცია იყო და ბოლო მონაცემებით, CDC-მა მე-4 კატეგორიიდან, რაც „ძალიან მაღალი დონის“ კატეგორიაა, მე-3 (მაღალი დონის) კატეგორიაში 61 ქვეყანა გადაიყვანა, თუმცა ამ ცვლილებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ „მთავარი არხის“ მაყურებელმა ვერაფერი გაიგო, რადგან ჟურნალისტისა და მისი რესპონდენტების ძირითადი მიზანი სიუჟეტში არა CDC-ის რეკომენდაციებზე ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, არამედ ქართული ჯანდაცვის სისტემისა და ხელისუფლების პოლიტიკური კრიტიკა იყო, რომელიც ვაქცინაციის პროცესის მართვის კუთხით სრულ უუნარობაში დაადანაშაულეს:


„მათ ვერ შეძლეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის ვერც დროულად დაწყება და ვერც საჭირო რაოდენობის ვაქცინის შემოტანა, ეს კი ეკონომიკის ნგრევისა და მწვავე სოციალური პრობლემების ძირითადი მიზეზი გახდა“, - ვისმენთ სიუჟეტში, თუმცა გაუგებარი რჩება, რა კავშირში შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლების უნარები, მაგალითად, შვედეთის ან ხორვატიის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან, რომლებიც CDC-ის მიხედვით ასევე ძალიან მაღალი რისკის ზონას მიეკუთვნებიან.


ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მაყურებელმა ვერ გაიგო, ხელისუფლების უნარების გარდა, კიდევ რა ფაქტორები განაპირობებენ ვაქცინაციისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების დინამიკას, ისევე, როგორც ვერ გაიგო თავად ბრალდებულის - ანუ ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელთა პოზიცია, რადგან მათი მოსაზრება ან კომენტარი სიუჟეტში საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი.


ჯანდაცვის სისტემის მუშაობაზე პასუხისმგებელი პირების ნაცვლად, საბოლოო დასკვნას სიუჟეტში კვლავ ჟურნალისტი გვთავაზობს, რომელიც აცხადებს, რომ „ქართული ოცნების' ხელისუფლება მუდმივად თავს იწონებს, რომ მათ შეძლეს პანდემიის მართვა, ახლა კი, როცა სხვა ქვეყნების ხელისუფლებები (?!) საკუთარ მოქალაქეებს ურჩევენ, არ ჩამოვიდნენ საქართველოში, რა ეშველება ტურიზმსა და ამაზე დამოკიდებულ ეკონომიკას, პასუხი არავის არ აქვს“ .


საგულისხმოა, რომ ჟურნალისტს არ დაუკონკრეტებია, შეერთებული შტატების გარდა, კიდევ რომელი ქვეყნების ხელისუფლებები ურჩევენ საკუთარ მოქალაქეებს „არ ჩამოვიდნენ საქართველოში“, სადაც, სტატისტიკის თანახმად, ტურისტების უდიდესი ნაწილი არა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის, თუმცა ეს უყურადღებობა ალბათ ნაკლებად პრობლემატურია იმ ფონზე, როცა თავად აკრძალვითი და კატეგორიული ტონი, რომლითაც სიუჟეტი იწყება და მას ლაიტმოტივად გასდევს („არ ჩახვიდეთ საქართველოში!“) CDC-ს საერთოდ არ ეკუთვნის და სავარაუდოდ, ასევე სენსაციასა და სკანდალზე გათვლილი მანიპულაციაა.


შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რჩევა რეალურად ჟღერს ასე: თავი აარიდეთ მოგზაურობას საქართველოში და ეს ფრაზა (თავი აარიდეთ), ისევე როგორც სიუჟეტში მოტანილი ყველა სხვა გაფრთხილება თუ რეკომენდაცია, საერთოა ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც CDC-ის კლასიფიკაციით ამ მომენტისთვის Covid-19-ის ძალიან მაღალი დონეა.


ხათუნა კიღურაძე
  • 7
  • 3680
0 Comments