წითელი ვერსია
  • 0
  • 1548

როცა მკითხველს უნდა მეტად გენდოს

26 თებერვალი 2020

კორონავირუსთან დაკავშირებულ უახლეს ინფორმაციას მსოფლიო და მათ შორის, ქართული მედია აქტიურად აშუქებს.


მიუხედავად იმისა, რომ ვირუსით დაინფიცირებული ქვეყნების რიცხვი მზარდია, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება, სადაც ამ ტიპის ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


ეს არის ოფიციალური ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, თუმცა ქართულ მედიაში „სხვა რეალობასაც“ გადავაწყდით:


“საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდათ, პოლიტიკოსმა მითხრა” – სკანდალური ინტერვიუ ევროპაში მცხოვრებ ექიმთან”, - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა მასალა 25 თებერვლის „ალიაში“, რომელიც 26 თებერვალს „რეზონანსის“ ონლაინ-გვერდმა თავისი მკითხველისთვის გადაბეჭდა.


“ალიას” ჟურნალისტი ესაუბრა ქართველ ექიმს გიორგი მანჯავიძეს, რომელიც, გამოცემის ცნობით, ევროპის ერთერთ კლინიკაში ფიზიოთერაპევტად მუშაობს.


„თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში არ არის გავრცელებული კორონავირუსი?.. მალავენ და არ აპირებენ თქმას, სანამ მეტი დაინფიცირებული არ იქნება და ფიზიკურად შეუძლებელი გახდება დამალვა...“ - ამბობს „ალიას“ რესპონდენტი, რომელიც ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია „პოლიტიკოსმა მიაწოდა, რომელსაც შეხება აქვს ამ სფეროსთანაც“.


ჟურნალისტმა ვრცელი ინტერვიუ მკითხველს ისე შესთავაზა, რომ არ უცდია ინფორმაციის სიზუსტე პირველწყაროდან დაედგინა - არ დაკავშირებია არც ჯანდაცვის სამინისტროს, არც დაავადებათა კონტროლის ცენტრს და არც ექიმებს, რომლებიც ინფექციურ კლინიკაში მუშაობენ.


შედეგად, ამბავი კორონავირუსის საქართველოში გავრცელებაზე გადაუმოწმებლად გამოქვეყნდა.


აღსანიშნავია, რომ „ალიას“ და „რეზონანსის“ მკითხველები სტატიების კომენტარებში თავად ითხოვენ ინფორმაციის გადამოწმებას.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 1548
0 Comments