წითელი ვერსია
  • 8
  • 5053

როგორ „იბეჭდება“ ფული

27 აპრილი 2022

პროდუქტებზე ფასების მატება, მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია.


ინფლაციის გამომწვევი მიზეზების ძიებას, თვეებია, თითქმის ყველა არხის საინფორმაციო თუ ანალიტიკური გადაცემები ეძღვნება. ყველას თავისი მოსაზრება და არგუმენტები აქვს, თუმცა, მაგალითმა, რომელიც რესპონდენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში“ თვალსაჩინოებისთვის გამოიყენა, ვფიქრობ, იაფფასიანი პოპულიზმის ყველა რეკორდი მოხსნა.


„დღეს გამოვიტანე ბანკომატიდან „ქეში“... ფულის დაბეჭდვის თარიღს დააკვირდით და კუპიურას, დღეს ამას ბევრი ადამიანი ნახავს, ახალი ლარები იბეჭდება, ეროვნულმა ბანკმა შარშან 2,1 მილიარდი ლარი დამატებით „დაბეჭდა“, - განაცხადა სტუმრად მიწვეულმა ეკონომიკის დოქტორმა, ოთო აბესაძემ იმის ხაზგასასმელად, რომ ეროვნული ბანკი „მავნებლურ“ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს.


ხსენებულ 2 მილიარდში ეკონომისტი, სავარაუდოდ, მიმოქცევაში არსებულ ფულს, ე.წ. M2-ს გულისხმობდა, რაც მოიცავს არა მხოლოდ ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე კომერციული ბანკების დეპოზიტებს.


ცხადია, ეკონომისტებმა შეიძლება უსასრულოდ იდავონ:


- რამდენად არსებობს პირდაპირი კავშირი მიმოქცევაში გაზრდილ ფულად მასას და ინფლაციას შორის (რასაც ეროვნული ბანკი საკუთარი ანალიზის საფუძველზე უარყოფს, თუმცა მარეგულირებლის პოზიცია გადაცემაში არ გაშუქებულა);


- ან რამდენად ოპტიმალურია ფულის მოცულობა;


ასევე ლეგიტიმურია მთავრობის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის და სტრატეგიის კრიტიკა - რამდენად შეესაბამება სახელმწიფო ხარჯების ზრდა და ამ გზით ეკონომიკის სტიმულაცია, არსებულ საგარეო თუ საშინაო გამოწვევებს.


თუმცა,


ახალი კუპიურების ემისია რომ ფულადი მასის ზრდასთან პირდაპირ კავშირში არაა და ის შეიძლება მხოლოდ იმიტომ დაიბეჭდოს, რომ ქაღალდი ძველდება, იხევა და განახლება სჭირდება - ამის გაცნობიერებას დიდი ეკონომისტობა არ სჭირდება. ეს უბრალოდ, ნონსენსია.


სამწუხაროა, რომ გადაცემის წამყვანსაც არ დაუსვამს კრიტიკული შეკითხვები ფულის „ბეჭდვის“ ამ „გამარტივებულ“ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც სინამდვილეში, რთული და კომპლექსური ეკონომიკური პროცესია.




ნატა მინდელი
  • 8
  • 5053
0 Comments