წითელი ვერსია
  • 6
  • 3620

როდის გაიყიდა საძოვრები?

25 იანვარი 2022

24 იანვარს ტელეკომპანია „პირველმა“ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზეღდულეთში გაყიდული საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით მოსახლეობის მიერ გამართული აქცია გააშუქა, ადგილზე მყოფმა რეპორტიორმა კი მაყურებელს აუწყა, რომ სოფელს „ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლებამ ეს მიწები გაუყიდა.“


აღსანიშნავია, რომ სოფლისთვის საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია ზეღდულეთში 2021 წლის 4 დეკემბერსაც გაიმართა, რომელიც იმავე ჟურნალისტმა გააშუქა, თუმცა მაშინ მან გვაცნობა, რომ მიწები „2009 წლიდან მოყოლებული გასხვისდა“.


გასული წლის 24 ნოემბერს კი იგივე თემის გაშუქებისას იმავე ჟურნალისტმა ადგილიდან კონკრეტული წელიც დაასახელა და თქვა, რომ „მიწები 2009 წელს გასხვისდა“.


ამ სიუჟეტების შედარება გვაჩვენებს, რომ ერთი და იგივე არხისა და ჟურნალისტის მიერ მოწოდებულ ცნობებში საძოვრების გასხვისების თარიღი თანდათან იცვლებოდა და სულ უფრო უახლოვდებოდა დღევანდელ დღეს.


რით იყო განპირობებული ინფორმაციის ამგვარი ტრანსფორმაცია, აუდიტორიისთვის გაუგებარი დარჩა ისევე, როგორც ტვ „პირველის“ მაყურებელმა საბოლოოდ მაინც ვერ გაარკვია, თუ როდის გაიყიდა მიწები.


ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზეღდულეთში ხსენებული ნაკვეთები რეალურად 2008 წლის ბოლოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე თვეში გაიყიდა და ამის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში დღემდე იძებნება.


მაგალითად, დღემდე ხელმისაწვდომია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტება, რომელიც 2011 წლის 15 აპრილს ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა:


„ტერიტორია, რომელსაც სოფლის მოსახლეობა საძოვრებს უწოდებს, სახნავ-სათეს კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც 2008 წლის დეკემბერში, ღია აუქციონის წესით, ორ კონკრეტულ ფიზიკურ პირზე გაიყიდა,“ - ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში.


მანანა მჭედლიშვილი
  • 6
  • 3620
0 Comments