წითელი ვერსია
  • 0
  • 1838

როდის (არ) გვაინტერესებს ინფექციურის შენობა

24 ივლისი 2020

კორონავირუსული ეპიდემიის ყველაზე მწვავე პერიოდში ქართული მედია დატვირთულ და საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მედიაში აქტიურად და დეტალურად შუქდებოდა არა მხოლოდ უშუალოდ ეპიდვითარება, არამედ მასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ყველა ამბავი.


მაგალითად, „მთავარმა არხმა“ და ტელეკომპანია „ფორმულამ“ არაერთი სიუჟეტი მიუძღვნეს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში, იგივე ინფექციური საავადმყოფოს შენობაში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობას. Covid-19-ის გავრცელების პირველ ხანებში „მთავარი არხის“ არაერთი საინფორმაციო გამოშვება სწორედ ამ ამბით იწყებოდა, სადაც არხი მაყურებელს სთავაზობდა კლინიკის შენობაში არსებული მძიმე მდგომარეობის ამსახველ მასალას.


ცხადია, პანდემიის დროს ქვეყნის მთავარ ინფექციურ კლინიკაში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის საინტერესო თემა იყო, თუმცა საკითხს ისევ არ დაუკარგავს აქტუალობა, რამდენადაც ახალ კორონავირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და კლინიკაც ჯერჯერობით, ისევ იმავე შენობაშია განთავსებული. შესაბამისად, თემის მიმართ ალბათ, ინტერესი არც იმ მედიასაშუალებებს უნდა დაეკარგათ, რომლებიც აქტიურად აშუქებდნენ პრობლემას და მას მთელი სიმწვავით წარმოაჩენდნენ.


მიუხედავად ამისა, 23 ივლისის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში არც ერთ მათგანს მოკლე ინფორმაციაც კი არ გადაუცია იმ ახალი ამბის შესახებ, რომელიც დილით გახდა ცნობილი. კერძოდ - მთავრობა ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს, რომელიც ახალი შენობის აშენებას ან ახლის შეძენას მოხმარდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე იმ დროს განაცხადა, როცა სხდომის დარბაზში მედია დაშვებულია და მისი განცხადებებიც საჯარო და მისაწვდომია ყველა მედიასაშუალებისთვის.


ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, თემის აქტუალობისა და მის მიმართ მცირე ხნის წინ ორი ტელეარხის მხრიდან დიდი ინტერესის მიუხედავად, ეს სიახლე აღნიშნული ტელევიზიების მაყურებელმა ვერ შეიტყო.

მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 1838
0 Comments