წითელი ვერსია
  • 0
  • 2036

რა ღირს „ქართულ-აფხაზური დღიურები“?

04 აგვისტო 2020

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და მათ შორის, „მთავარმა არხმა“ არაერთი სიუჟეტი მოამზადეს იმასთან დაკავშირებით, რომ პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო ხელოვნების სფეროს ბევრი წარმომადგენელი საქმისა და შემოსავლის გარეშე დარჩა.


3 აგვისტოს ხელოვნების სფერო კიდევ ერთხელ მოხვდა „მთავარი არხის“ ყურადღების არეალში, თუმცა, როგორც ჩანს, არხი საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოყალიბდა, კარგია თუ ცუდი ახალი ქართული ფილმის გადაღება იმ დროს, როცა ხელოვანებს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, ამჟამად არცთუ საუკეთესო ფინანსური მდგომარეობა აქვთ და ეს მდგომარეობა კონკრეტულად ხელოვანი ადამიანებისთვის სწორედ ახალი ფილმებით და პროექტებით შეიძლება გამოსწორდეს.


საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ტელეკომპანიამ მაყურებელს უამბო, რომ ნანა ჯანელიძის ახალი ფილმის გადასაღებად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 800 ათასი ლარი გამოყო. „ის, რომ კინოს განვითარება მნიშვნელოვანია, ამაზე არავინ დავობს,“ - აღნიშნა წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას. იგივეს იმეორებს თავად ავტორი, თუმცა, სიუჟეტის მთელი პათოსი იმაში მდგომარეობს, რომ კრიზისის დროს ასეთი „კოლოსალური თანხით“ ფილმის დაფინანსების ფუფუნება ქვეყანას არ აქვს.


რამდენად კოლოსალურია ეს თანხა, ეს ალბათ, ცალკე მსჯელობის საგანია თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ამავე თემატიკაზე გადაღებული ცნობილი ფილმების ბიუჯეტს.


მაგალითად, ღია წყაროების მიხედვით, 2009 წელს გადაღებული ფილმი „გაღმა ნაპირი“ 750 000 აშშ დოლარი, ხოლო 2013 წელს გადაღებული „მანდარინები“ 650 ათასი ევრო დაჯდა. თუმცა არხი მაყურებელს არც დანახარჯების შედარების საშუალებას აძლევს და არც კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის დაგეგმილ ფილმთან დაკავშირებით.


„უწყებამ ქართველი რეჟისორის ნამუშევარი შეაფასა, როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, რომლის დაფინანსებაც იმ დროს გადაწყვიტა, როდესაც ქვეყანა კრიზისს ებრძვის“, - ამბობს ჟურნალისტი და სცენართან დაკავშირებით მხოლოდ ერთ დეტალს - სათაურს აკონკრეტებს. შესაბამისად, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტად შეფასებული - „სად მიდის ლიზა“-ს შესახებ მაყურებელი ვერ იგებს, რომ იგი აფხაზეთის კონფლიქტის თემას ეხება და ფილმის მეორე სახელწოდებაა „ქართულ-აფხაზური დღიურები“.


სავარაუდოდ, „მთავარი“ ან ამ დეტალით არ დაინტერესებულა, ან არ იზიარებს შეფასებას, რომ ფილმი აფხაზეთის კონფლიქტის თემაზე სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია.


„ქართული ფილმის ხელშეწყობა რომ კარგია, ამაზე არავინ დავობს, თუმცა, ჩნდება უპასუხო კითხვები: იყო თუ არა შესაძლებელი, რომ ფილმის ნახევარ მილიონ ლარზე მეტით დაფინანსება დროებით გადაედოთ და ეს თანხა მართლაც, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებზე დაეხარჯათ“ - დასძენს ავტორი დასასრულს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 2036
0 Comments