წითელი ვერსია
  • 0
  • 3883

რა (არ) უთქვამს სახელმწიფო დეპარტამენტს რურუაზე

31 მარტი 2021

ქართული მედიაში კვლავ შეინიშნება უცხოურენოვანი ტექსტების არასწორად თარგმნისა და ამ თარგმანზე დაყრდნობით ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკა. 31 მარტს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს არასწორ თარგმანს ეფუძნება და მიკერძოებული ჟუნალისტიკის მაგალითს წარმოადგენს.


„პატიმრობიდან გამოშვება 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმებით იყო გათვლილი - სახდეპი რურუაზე“ - ამ სათაურით გამოქვეყნდა „მთავარი არხის“ სიუჟეტი მედიასაშუალების ვებგერდზე, რითაც არხმა პოლიტიკური ოპოზიციისა და საკუთარი სარედაქციო დამოკიდებულება ამჟამად პატიმრობაში მყოფ გიორგი რურუასთან მიმართებაში სახელმწიფო დეპარტამენტს „მიაწერა“, რადგან ინფორმაციის წყაროდ და განცხადების ავტორად პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტი წარადგინა.


რეალურად სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშში თავად ციტირებს ქართულ ოპოზიციას და აღნიშნავს, რომ სწორედ ოპოზიცია თვლის რურუას პოლიტიკურ პატიმრად, რომლის გათავისუფლებაც, ოპოზიციისვე განცხადებით, გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებაში:


„The opposition continued to urge the release of opposition figure Giorgi Rurua, characterizing him as a political prisoner whose release was envisioned under the March 8 political agreement between ruling and opposition parties.“ - ვკითხულობთ ანგარიშის ორიგინალში.


ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც 30 მარტს გამოქვეყნდა შეფასებულია ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2020 წელს მთელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც.


ანგარიშში ასახული ინფორმაციის წყარო ძირითადად ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და სხვა ინსტიტუტებია. ამასთან, ყოველი კონკრეტული საკითხის მიმოხილვისას სახელმწიფო დეპარტამენტი იქვე მიუთითებს კონკრეტული ინფორმაციის წყაროს, თუმცა „მთავარი არხის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საერთოდ არ არის მითითებული თავად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ორიგინალის მისამართი, სადაც მკითხველი და მაყურებელი ტექსტის ინგლისურენოვანი ვერსიის გაცნობას შეძლებდა.


ასევე აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის 2020 წელს დასავლელი დიპლომატების შუამდგომლობით ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც საზოგადოებისთვის „8 მარტის შეთანხმების“ სახელით გახდა ცნობილი, გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა და შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტი თეორიულადაც კი ვერ დაწერდა საკუთარ ანგარიშში იმ სიტყვებს, რაც „მთავარმა არხმა“ მაყურებელს დეპარტამენტის სახელით წარუდგინა.


შეგახსენებთ, რომ შეთანხმებაში გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ ჩანაწერის არარსებობის შესახებ განცხადების გაკეთების გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიის ნაწილის თავდასხმების ობიექტი გასული წლის ივნისში მოლაპარაკებების ერთ-ერთი ფასილიტატორი, გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში გახდა. ელჩის მიმართ გაკეთებულმა განცხადებებმა იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ მასზე თავდასხმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმეს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 3883
0 Comments