წითელი ვერსია
  • 10
  • 7084

ოთხი სკოლის დირექტორი და ერთი პროფესორი ტვ „პირველზე“

16 აპრილი 2022

ქართველები გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ვართ - საჭირო მომენტში ვხდებით წამყვანი იურისტები და ეკონომისტები, ექსპერტ-კრიმინალისტები, პოლიტოლოგები, კონფლიქტოლოგები და ვირუსოლოგებიც კი.


14 აპრილს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სკოლებში მეგრული და სვანური ენების არჩევით საგნად სწავლების ინიციატივა წამოაყენა, ჩვენს ფართო პროფესიულ სპექტრს ქართველოლოგია შეემატა.


პრეზიდენტის იდეამ საზოგადოებაში უჩვეულოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ამ თემაზე მსჯელობდა ყველა და ყველგან.


მოსაზრებების კორიანტელში დაბნეული მოქალაქეების ორიენტირი ამ შემთხვევაში მედია უნდა ყოფილიყო, თუმცა ამის საშუალება ტვ „პირველმა“ მაყურებელს არ მისცა.


წამყვანმა გვაუწყა, რომ სალომე ზურაბიშვილის „ერთი შეხედვით უწყინარმა გზავნილმა ენათმეცნიერებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია“ და მასში „ანტისახელმწიფოებრივი განცხადება“ და სეპარატიზმის ნიშნები „ამოიკითხეს“.


„ერის გახლეჩვა“, „რუსული პროპაგანდის“ წახალისება და პრეზიდენტის მხრიდან „მავნებლობა“ სიუჟეტის მთავარი პათოსი იყო - ამ ხაზს ავითარებდა ჟურნალისტი, მის მიერ შერჩეული ხუთივე რესპონდენტის დამოწმებით.


თუმცა აღმოჩნდა, რომ „მღელვარე“ ენათმეცნიერებს შორის, სიუჟეტში მეცნიერი მხოლოდ ერთი რესპონდენტი იყო.


დანარჩენი ოთხი, რომელთა სტატუსიც ტიტრებში „განათლების სპეციალისტად“ განისაზღვრა, სკოლის ყოფილი და მოქმედი დირექტორები არიან; სამი - მათემატიკოსი და ისტორიკოსი, და მხოლოდ ერთი - ფილოლოგიური განათლებით. ამასთან, ოთხი რესპონდენტიდან სამი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან.


სიუჟეტში არსებითად არ განიხილეს არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი:


1. არ იყო მოცემული ინფორმაცია, რამდენი ადამიანი საუბრობს ამ ენებზე, როგორი ტენდენციაა (მზარდი/კლებადი) აღნიშნულ რეგიონებში, არ ჩაწერეს თუნდაც ერთი ინტერვიუ მეგრული/სვანური ენების მცოდნე ადამიანებთან;


2. რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები ამ თემაზე, როგორია საერთაშორისო გამოცდილება;


3. რამდენად არსებობს სკოლის პროგრამებში ამ ენების სწავლების საჭიროება - პედაგოგების და მშობლების არგუმენტები;


4. კონკრეტულად როგორ არის შესაძლებელი, სკოლაში ენების სწავლით სეპარატიზმის გაღვივების ხელშეწყობა.


სიუჟეტში მხოლოდ ერთი რეალური ინფორმაცია მივიღეთ, რომ არ არსებობს შესაბამისი სახელმძღვანელოები მეგრულ და სვანურ ენებზე, დანარჩენი იყო პოლიტიკური ბრალდებები და როგორც იტყვიან, - ბელეტრისტიკა.


ნატა მინდელი
  • 10
  • 7084
0 Comments