წითელი ვერსია
  • 2
  • 3801

ორმაგი სტანდარტები ოპოზიციურ ტელემედიაში

02 ნოემბერი 2020

არჩევნების პირველადი შედეგებისა და ეგზიტპოლების გაშუქების პარალელურად, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია მაყურებელმა სრულყოფილად მოისმინოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა შეფასებებიც, რაც საქართველოში, ტრადიციულად, არჩევნების ლეგიტიმურობის ერთ-ერთ მნიშვნელოვნ კრიტერიუმად ითვლება. მიუხედავად ამისა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ოპოზიციური ტელემედია დასავლელი პარტნიორების გზავნილებთან დაკავშირებით ხშირად ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.


ამას გვაფიქრებინებს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ არჩევნებთან დაკავშირებული პირველადი შეფასებების გაშუქება, რასთან დაკავშირებული პრესკონფერენციაც ოპოზიციური მედიის ნაწილმა („ფორმულა“, „მთავარი არხი“) პირდაპირ ეთერში გადასცა, თუმცა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა“, თემა მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა.


აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური ტელემედიისთვის და, განსაკუთრებით, „მთავარი არხისთვის“, საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებსა და რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი იმთავითვე მხოლოდ ის ფრაგმენტები აღმოჩნდა, სადაც ჩამოთვლილი იყო არჩევნების პროცესში შემჩნეული ხარვეზები. სწორედ ამ ხარვეზებსა და დარღვევებზე გაამახვილეს ყურადღება აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების გაშუქებისას ზემოხსენებულმა არხებმა და ამავე დროს, ფაქტობრივად „დაუმალეს“ თავიანთ მაყურებელს ან ნეგატიურად წარმოაჩინეს სტრატეგიული პარტნიორის მთავარი გზავნილი, რომლის თანახმადაც, „ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას“.


მეტიც, აშშ-ის საელჩოს პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისთვის. ნიკა გვარამიამ აშშ-ის საელჩო საჯაროდ გააკრიტიკა და განცხადებას „ნაჩქარევი და არაკორექტული“ უწოდა, რომელიც, მისივე შეფასებით, „არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს“.


აღნიშნულ ტელეკომპანიას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არც ისეთ ინდივიდუალურ მოწოდებებსა და შეფასებებზე გაუმახვილებია ყურადღება, როგორიც იყო, მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიდერლანდელი დეპუტატის, ტინი კოქსის კომენტარი, რომელმაც პრესკონფერენციაზე სწორედ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა, რომ „კენჭისყრის ან მომდევნო დღეს შედეგების გაპროტესტება და გასაჩივრება, მოწიფული დემოკრატიის ამომრჩევლის პატივისცემის ნიშანი არ არის”.


არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეფასება გააკეთა, ასევე, ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ მიღწევას წარმოადგენს. „მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-თან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად“ - წერს ბრიდლავი „ტვიტერის“ გვერდზე, თუმცა ოპოზიციურ ტელეეთერებში ვერც ეს შეფასება მოვისმინეთ.


მაყურებელმა ასევე ვერ შეიტყო იმის შესახებაც, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს უკვე გამოეხმაურნენ და ეუთო/ოდირის პირველადი დასკვნა გაიზიარეს ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ, რომელთა გზავნილებშიც აღნიშნულია, რომ „მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, სადაც ამომრჩევლებმა პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებას“.


იქედან გამომდინარე, რომ ოპოზიციური არხები საინფორმაციო გამოშვებებსა თუ პოლიტიკურ ტოკშოუებში ყოველთვის ინტენსიურად აშუქებდნენ ამერიკელი კონგრესმენებისა თუ სხვა დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გამოხატულ ნებისმიერ კრიტიკულ შენიშვნას საქართველოსთან დაკავშირებით, დღეს აშკარად რჩება შთაბეჭდილება, რომ მედიის ეს ნაწილი დასავლეთთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტით მოქმედებს და სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აშუქებს, როცა ეს კარგად ეწერება მათსავე სარედაქციო პოლიტიკაში. როგორც ჩანს, ამ არხების ხელმძღვანელობა ასევე თავად წყვეტს იმასაც, თუ რომელი განცხადება გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს და რომელი - არა.


სავარაუდოდ, სწორედ ამას გულისხმობდა და ამას აკრიტიკებდა ეუთო/ოდირის მისია არჩევნებთან დაკავშირებულ შეფასებებში, სადაც მედიის შესახებ ნათქვამია, რომ „მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია უაღრესად პოლარიზებული იყო, ხოლო ანალიტიკური ჟურნალისტიკა და პოლიტიკური დისკუსია ნაკლებად ფიქსირდებოდა, რაც ხელს უშლიდა ამომრჩეველს სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში“.


ხათუნა კიღურაძე
  • 2
  • 3801
0 Comments