წითელი ვერსია
  • 4
  • 3902

მანიპულაცია ყველაზე უფრო მტკივნეულ თემაზე

24 ნოემბერი 2020

რადიკალურად ოპოზიციური ქართული ტელემედია და, განსაკუთრებით, „მთავარი არხი“ ხშირად ნებისმიერ საბაბს იყენებს იმისთვის, რომ სცადოს მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაცია, ხოლო წინა ხელისუფლება პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩინოს, თუნდაც საკითხი ისეთ სენსიტიურ თემას ეხებოდეს, როგორიც არის 2008 წლის ომი და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკა.


23 ნოემბერს საბაბი რამდენიმე რუსული სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობა გახდა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა იმ პირების ვინაობა, რომლებიც „მონაწილეობდნენ მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების გენოციდში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“ და ეს უწყება „იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან მოხდება მათი დაკავება და სასამართლოსთვის გადაცემა“.


საგულისხმოა, რომ ინფორმაციის გაშუქებისას თავად რუსული სააგენტოები რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ფიოდოროვს ციტირებენ, რომელმაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოხსენებული განცხადება 20 ნოემბერს გამართულ კონფერეციაზე „ნიურნბერგის გაკვეთილები“ გააკეთა, თუმცა მისი ფრაზა „სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ გენოციდთან“ დაკავშირებით თავად საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე არსად ფუგურირებს იმ მასალებში, რომლებიც ფიოდოროვის კონფერენციაზე გამოსვლას ეხება.


მიუხედავად ამისა, „მთავარი არხი“ 23 ნოემბერს, საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში ამ ამბავს ხმამაღალი და ამავე დროს, აშკარად პროვოკაციული სახელწოდების სიუჟეტით გამოეხმაურა. „კრემლის სია და ხელისუფლების დუმილი“ - ასე ჰქვია სიუჟეტს, რომელიც იწყება ვიდეოკადრებით, სადაც სავარაუდოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ქართველი სამხედროების სახეები გარკვევით ჩანს. ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც შესაძლოა, რუსული საგამოძიებო კომიტეტის სამიზნეები იყვნენ, თუმცა ტელევიზიის მესვეურებს, როგორც ჩანს, ამ საფრთხეზე არც კი უფიქრიათ.


სიუჟეტის პათოსი და მიზანი ავტორის რიტორიკულ კითხვებშია გადმოცემული: „ვის უნდა მოსთხოვო ქვეყნის ინტერესების დაცვა, იმ ხელისუფლებას, ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ფორმალურადაც კი ბრალი რომ არავის წაუყენა?“ ამბობს ჟურნალისტი და ამით უკვე იწყებს ფაქტების დამახინჯებას, რადგან რეალურად, საქართველოს პროკურატურამ ორივე დანაშაულზე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს ბრალი ოფიციალურად წაუყენა.


ცნობისთვის: აფხაზი ე.წ. მესაზღვრის, რაშიდ კანჯიოღლის მიერ 2016 წლის 19 მაისს გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ბრალის შესახებ დადგენილება მომხდარიდან ორ დღეში - 21 მაისს გამოიტანა. იმავე წლის დეკემბერში კი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, რაშიდ კანჯიოღლი დაუსწრებლად სცნო დამნაშავედ და 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის საქმეს, საქართველოს პროკურატურამ ტატუნაშვილისთვის 2018 წლის თებერვალში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, იმავე წლის ივნისში, ასევე დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი ცხინვალის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს ორ თანამშრომელს, მძიმე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ცხადია, რომ ორივე საქმეზე ბრალის წარდგენა დაუსწრებლად მოხდა და დღემდე ვერც დამნაშავეების დაკავება მოხერხდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო.


დაბოლოს, ნიშანდობლივია, რომ სიუჟეტში გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ: „2008 წლის აგვისტოს 12-ში თუ 13-ში რუსებმა გამოაქვეყნეს სია, სადაც იყო ჩვენი თავები შეფასებული. პირველ ადგილზე იყო მიხეილ სააკაშვილი, ხოლო მე ვიყავი მეექვსე ადგილზე“.


სიუჟეტიდან ვერ ირკვევა რა სიაზე ლაპარაკობს ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და აქტიური სახე, თუმცა საქართველოში უკვე 8 წელიწადზე მეტია, რაც ხელისუფლება შეიცვალა და ფაქტია, რომ ამ დროის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის აგვისტოს ომის არც ერთი მონაწილე არ გადაუცია - მათ შორის არც „პირველი“ და არც „მეექვსე ნომერი“. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი მაინც „ასკვნის“, რომ დღეს „ომის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის იმედი არ აქვთ“.


მანანა მჭედლიშვილი
  • 4
  • 3902
0 Comments