წითელი ვერსია
  • 0
  • 4866

კრიტიკა თუ შეურაცხყოფა?

25 იანვარი 2022

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კულტურის სამინისტრო და უშუალოდ მინისტრი თეა წულუკიანი ქართულ მედიაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ტელევიზიებისა და ონლაინგამოცემების ერთი ნაწილი, ფაქტობრივად, ყოველ დღე გვთავაზობს მინისტრის პიროვნებისა და საქმიანობის მწვავე შეფასებებს, თუმცა აღნიშნული მასალები მედიაეთიკის კუთხით საყურადღებოა უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ კრიტიკასთან ერთად (ან მის ნაცვლად) ზოგჯერ დეზინფორმაციას, მანიპულაციას ან პიროვნების ღირსების შემლახავ შინაარსსაც კი შეიცავს.


მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ 23 იანვარს ტელეკომპანია „ფორმულის“ საკვირაო ტელეჟურნალ „დროებაში“ გასული სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტის ტექსტი რამდენიმე ეპიზოდში შეურაცხმყოფელი ფოტომონტაჟით და პიროვნების დამამცირებელი ანიმაციური ეფექტებით იყო „გადაფარული“.


ქალი მინისტრის ამგვარი „ვიზუალიზაცია“ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს და ცალსახად არაეთიკურია. იგივე შთაბეჭდილებას ტოვებს იმავე დღეს „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტის სათაურიც, სადაც ყურადღება პიროვნების ფიზიკურ პარამეტრებზეა გამახვილებული („კაფანდარა ქალი“) და შეურაცხმყოფელი სტერეოტიპის ტირაჟირებას ახდენს.


დისკრიმინაციული ვიზუალური კონტენტის გარდა, მიკერძოებული მიდგომა ხშირად იგრძნობა სიუჟეტების შინაარსშიც; მაგალითად, იმავე „მთავარი არხის“ ეთერში 23 იანვრის დღის საინფორმაციო გამოშვებაში გასული ერთ-ერთი სიუჟეტი მოგვითხრობდა განცხადების შესახებ, რომლითაც, არხის ცნობით, წულუკიანმა რეპრესიების გაგრძელება დააანონსა.


ამასთან, სიუჟეტში უშუალოდ თეა წულუკიანის განცხადება ან ციტატა საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი და შესაბამისად, მაყურებელს არ ჰქონდა საშუალება, თავად შეეფასებინა, იყო თუ არა ხსენებული განცხადება „რეპრესიების ანონსი“, ან საერთოდ რომელ განცხადებას აკრიტიკებდა გადაცემის გუნდი.


მანიპულაციური სათაურის კიდევ უფრო თვალშისაცემი მაგალითი ვიხილეთ 23 იანვარს ონლაინმედია C|News -ის გვერდზე. კერძოდ, თეა წულუკიანის მიერ 22 იანვარს პირველი არხის ეთერში წარმოთქმული ფრაზა სააგენტომ ამგვარად დაასათაურა ’მეამაყება, რომ ის ადამიანებს არ უყვართ’ - წულუკიანი ღარიბაშვილზე.


რეალურად, წულუკიანის სიტყვები ასე ჟღერდა: „მემაყება, რომ ის [პრემიერი] ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ“.


საგულისხმოა, რომ სათაურისგან განსხვავებით, C|News-მა აღნიშნული ციტატა ტექსტში ზუსტად გადმოსცა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ინფორმაციის დასათაურების შემთხვევაში საქმე გვაქვს არა შეცდომასთან, არამედ ციტატის მიზანმიმართულ დამახინჯებასთან, რაც რადიკალურად ცვლის მის შინაარსს.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 4866
0 Comments