წითელი ვერსია
  • 0
  • 2108

კორონავირუსი და მედიის (უ)პასუხისმგებლობა

11 სექტემბერი 2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების „მეორე ტალღა" დასაწყისშივე შეეხო მედიაორგანიზაციების თანამშრომლებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კოვიდ-19-ის შემთხვევები დაფიქსირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში, ტვ „პირველსა“ და „რუსთავი2“-ში .


იმის გამო, რომ ჟურნალისტებს მუშაობისას ძალიან ბევრ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა, ისინი ზოგადად და, განსაკუთრებით, კოვიდ 19-თან დაკავშირებული თემების გაშუქების პროცესში საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ არიან. ინფიცირების შემთხვევაში კი ჟურნალისტი, სწორედ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, თავადაც შეიძლება ბევრი ადამიანის ინფიცირების წყარო გახდეს.


ამ მაღალი რისკებიდან გამომდინარე ახალი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების „პირველი ტალღის“ დასაწყისშივე ეპიდემიოლოგებმა ჟურნალისტებს საგანგებო რეკომენდაციები მისცეს, რაც მოიცავდა მიკროფონებიდან ე.წ. ღრუბლების მოხსნას, პირბადეების ტარებას, რესპონდენტების კომენტარების უპირატესად ონლაინ ჩაწერას და ა.შ.


პანდემიის საწყის ეტაპზე სპეციალისტების რჩევები მედიამ ნამდვილად გაითვალისწინა და წლის დასაწყისში ტელეეკრანზე მართლაც ხშირად ვხედავდით პირბადეებითა და ხელთათმანებით აღჭურვილ კორესპონდენტებს, რომლებიც „უღრუბლო“ მიკროფონით მუშაობდნენ, თუმცა „პირველი ტალღის“ გადავლის შემდეგ, მიუხედავად მოსალოდნელი „მეორე ტალღის“ შესახებ არაერთი გაფრთხილებისა, რეკომენდაციების მიმართ ყურადღება საზოგადოებასთან ერთად მედიამაც მოადუნა.


ამ უყურადღებობამ და მთლიანობაში, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ საბოლოო შედეგად ის მოიტანა, რომ ჟურნალისტები ფაქტობრივად „მეორე ტალღის“ დასაწყისშივე დაინფიცირდნენ და მეტიც - ინფექციის გადადების წყაროდ საეთერო სტუდია და მიკროფონიც კი იქცა.


როგორც ინფიცირებული პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი იხსენებს, მას ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში სტუმრობისას იმ რესპონდენტის მიერ გამოყენებული მიკროფონი დაუმაგრეს, რომელსაც მოგვიანებით კოვიდ-19 დაუდგინდა, ხოლო ეთერის შემდეგ, ჩარკვიანი სავარაუდოდ, უკვე თავად გახდა სხვა ტელეკომპანიის თანამშრომლის ინფიცირების წყარო.


არანაკლებ საყურადღებოა, რომ სატელევიზიო მიკროფონები სავარაუდოდ გარეთაც ქმნიან ინფიცირების საფრთხეს. დღეს, ისევე, როგორც პანდემიამდელ პერიოდში, მიკროფონების უმეტესობა ტელეკომპანიების ლოგო-ღრუბლებით არის შემოსილი, ხოლო ღრუბელი, როგორც ცნობილია ზრდის მიკროფონით ვირუსის გადატანის რისკს.


აღსანიშნავია, რომ მას შემდეგაც კი, რაც პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა „მეორე ტალღის" დაწყება, რამდენიმე ტელეარხის გადამღები ჯგუფი მაინც ღრუბლიანი მიკროფონით მივიდა სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებულ ბრიფინგზე, სადაც „რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობამ ტელეკომპანიის თანამშრომლისთვის კოვიდინფექციის დადასტურების შესახებ განაცხადა.


ბრიფინგების გაშუქების დროს კადრში ერთმანეთთან მჭიდროდ მდგარი, სრულიად დაუცველი ჟურნალისტების ხილვა კიდევ ერთხელ და დამატებით გვარწმუნებს იმაში, თუ რამხელა რისკს ქმნის რეკომენდაციების უგულვებელყოფა არა მხოლოდ თავად მედიის წარმომადგენლებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვისაც, რომელთანაც მათ სამუშაო პროცესში უწევთ შეხება და კომუნიკაცია.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 2108
0 Comments