წითელი ვერსია
  • 3
  • 9102

გროზნოს ტელევიზია „მთავარი არხის“ ეთერში

02 ივნისი 2022

1 ივნისს, 21:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში, სიუჟეტში სახელწოდებით „კადიროვი ჩეჩნეთ-შატილის გზას აანონსებს“, „მთავარმა არხმა“ მაყურებელს ჩეჩნეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზის აღდგენის განზრახვის შესახებ უამბო.


„მშენებლობის დეტალებზე რეპორტაჟებს გროზნოს ტელევიზია ამზადებს“, - აცნობა „მთავარმა“ აუდიტორიას და ფაქტობრივად, ტელეკომპანია „გროზნოს“ ქართულად გახმოვანებული სიუჟეტი შესთავაზა, რომელშიც გზის მარშრუტსა და ჩეჩნეთისთვის სავარაუდო სარგებელზე, ასევე კადიროვის ტელეგრამის არხით გავრცელებული ცნობების შესახებ იყო საუბარი.


„მთავარის“ სიუჟეტში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რა საფრთხე ან სარგებელი შეიძლება მოჰყვეს ჩეჩნეთი-შატილის გზის ამოქმედებას ჩვენი ქვეყნისთვის.


აღინიშნა მხოლოდ, რომ ამ პროექტის რეალიზებას თავის დროზე ხელს უშლიდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რომ „დღეს საქართველოს მთავრობას საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია“.


დასკვნის სახით კი სიუჟეტის ავტორმა მაყურებელს უთხრა: - „ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩეჩნეთთან ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებითაა დაინტერესებული.“


ამასთან, გაურკვეველი დარჩა, როდის და რა გზით გახდა „ცნობილი“ საქართველოს ხელისუფლების ეს დაინტერესება.


ჯერ კიდევ 17 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ „საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას“. ეს განცხადება „მთავარის“ ვებ-გვერდზეც იძებნება.


იგივე განცხადება გააკეთა 17 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.


მანანა მჭედლიშვილი
  • 3
  • 9102
0 Comments