წითელი ვერსია
  • 0
  • 2000

გაურკვევლობა უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში გაბრუნებასთან დაკავშირებით

22 ნოემბერი 2021

ტელეკომპანია „იმედი“ 22 ნოემბერს დილიდან იუწყებოდა, რომ „უკრაინიდან თბილისში ჩამოსული ექვსი მგზავრი იმავე თვითმფრინავით უკან გააბრუნეს“, თუმცა მაყურებელმა ვერც ერთი გამოშვებიდან ვერ შეიტყო, თუ რა გახდა უკრაინის მოქალაქეების ქვეყანაში არშემოშვების ოფიციალური მიზეზი და საფუძველი.


„ქრონიკის“ დღის გამოშვებებში აუდიტორიას რამდენიმე კომენტარიც შესთავაზეს. კერძოდ, მაყურებელმა მოისმინა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკისა და ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებები, სადაც ყურადღება გამახვილებულია ვიზიტორების პოლიტიკურ კავშირებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და იმაზე, რომ მათი რეალური მიზანი შესაძლოა, საფრთხის შემცველი ყოფილიყო სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, თუმცა, იყო თუ არა ეს უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში გაბრუნების ოფიციალური მიზეზი გაურკვეველი დარჩა, რადგან სიუჟეტში წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი სახელმწიფო უწყების განმარტება ან კომენტარი.


ამასთან, სიუჟეტის სათაურშივე ტელეკომპანია გვაუწყებდა, რომ კიევში უკრაინელი მებრძოლები გააბრუნეს, თუმცა უშუალოდ სიუჟეტიდან მხოლოდ ერთი მგზავრის - პაშა კაშჩუკის ვინაობა და ბიოგრაფია ხდება მეტ-ნაკლებად ცნობილი.


„ოფიციალური წყაროების თანახმად, პაშა კაშჩუკი სამხედრო ინსტრუქტორია და სნაიპერული იარაღიდან სროლაში ავარჯიშებს უკრაინელ სამხედროებს. ამავე წყაროს თანახმად, უშუალოდ მისი გადამზადებულია უკრაინაში მოქმედი საბრძოლო დანაყოფის, ქართული ლეგიონის ‘მგლების’ მებრძოლები“ - გვაცნობა გამოშვების წამყვანმა, რომელმაც ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მმართველი გუნდის განცხადებით, „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილთან კონტაქტში მყოფი უკრაინელი მებრძოლები საქართველოში ჩამოსვლას ცდილობენ“, თუმცა ვინ იყვნენ და რა კავშირი ჰქონდათ სამშობლოში გაბრუნებულ დანარჩენ მგზავრებს კაშჩუკთან, ასევე დაუზუსტებელი დარჩა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 2000
0 Comments