წითელი ვერსია
  • 3
  • 4370

ერთი ფოტო(ს) ამბავი

16 დეკემბერი 2020

მედიის საშუალებით ინფორმაციის მიღებისას აუდიტორიაზე განსაკუთრებულ გავლენას გამოსახულება ახდენს. ფოტო-ვიდეო მასალას ხშირად უპირობო მტკიცებულებადაც მიიჩნევენ, რომელიც მაქსიმალურ დამაჯერებლობას სძენს ამბავს, თუმცა სწორედ ამ თვისების გამო მედიაში საკმაოდ ხშირად ვხვდებით ფოტო-ვიდეო მანიპულაციასაც. ამ ხერხით ყალბი ამბების გამავრცელებლები ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ ადამიანების ემოციებსა და განწყობაზე.


ამგვარი მანიპულირების თვალსაჩინო მაგალითი იყო 15 დეკემბერს ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო მამა-შვილისა, რომლებმაც ცალკეული მედიასაშუალებების ინტერპრეტაციით, ამავე დღეს, „აფრიკის დასახლებაში“, უკანონო მშენებლობების დემონტაჟის დროს საცხოვრებელი დაკარგეს.


ფოტოსურათზე აღბეჭდილი კადრი ერთი შეხედვით იმდენად ბუნებრივად ეწერება ზემოთ მოთხრობილ ვერსიაში, რომ ადამიანის ცნობიერებაში კითხვების ნაცვლად, უპირველეს ყოვლისა, თანაგრძნობასა და ემოციურ შოკს იწვევს. ამის გამო მამა-შვილის ფოტოსურათმა იმთავითვე მიიპყრო საყოველთაო ყურადღება და საზოგადოება მკვეთრად ნეგატიურად განაწყო დედაქალაქის ხელმძღვანელობის მიმართ.


აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ფოტო სოციალურ ქსელში გამოჩნდა, როგორც მტკიცებულება იმ ფაქტისა, რომ მამა-შვილს თბილისის მერმა „სახლი დაუნგრია და ღია ცის ქვეშ დატოვა“, თუმცა, ძალიან მალე იგივე ინტერპრეტაციით გავრცელდა ინფორმაცია ონლაინმედიაშიც. საინფორმაციო სააგენტოებმა (newspost.ge, presa.ge), გადამოწმების გარეშე, რაც სირთულეს არ წარმოადგენდა, გამოაქვეყნეს ფოტოსურათი და დაწერეს ამბავი, რომელიც რეალურად არ მომხდარა.


ეს დღევანდელი საქართველოა. ხელისუფლებისგან გამწარებული მამა-შვილი, სასოწარკვეთა და ტრაგედია, სიბრაზე და ტკივილი - ყველაფერი ეს ერთ ფოტოზე...“ - ვკითხულობთ presa.ge-ზე.


საყოველთაო ისტერიკისა და მასობრივი დეზინფორმაციის კამპანიის მიუხედავად მალევე გაირკვა, რომ ფოტოზე გამოსახული მამა-შვილისთვის სახლი არავის დაუნგრევია. მეტიც - რადენიმე საათში მერიამ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ საცხოვრებელი სახლი არ დაუნგრევიათ არც ამ კონკრეტული მამა-შვილისთვის და არც არავისთვის საერთოდ, რადგან მშენებლობა, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, დაუსრულებელი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა.


რაც შეეხება უშუალოდ სკანდალურ ფოტოზე აღბეჭდილ მამა-შვილს, ისინი შემთხვევის ადგილზე მეზობელი ქუჩიდან მივიდნენ, სადაც ნათესავებთან ერთად, საკმაოდ მცირე ფართის ბინაში ცხოვრობენ და აქედან გამომდინარე, საცხოვრებელი სივრცის პრობლემა ნამდვილად აქვთ, თუმცა ამ პრობლემასთან მერიის მიერ განხორციელებულ დემონტაჟს კავშირი არ აქვს.


თბილისის მერიამ მოიძია ფოტოზე გამოსახული ადამიანების ვინაობაც და დაადგინა მათი სოციალური მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ ალუაშვილების ხელმოკლე ოჯახში 6 ბავშვი იზრდება, რომლებსაც, დედის გარდაცვალების შემდეგ, მხოლოდ მამა უვლის...


ცნობისთვის: ამ გარემოებათა დადგენის შემდეგ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ოჯახისთვის საჩუქრად გადაეცა საცხოვრებელი ბინა, თუმცა ჩვენ მიერ ხსენებულ საინფორმაციო სააგენტოებზე ეს ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. ამ გვერდებზე მკითხველს კვლავ "ფეიკ-ნიუსის" წაკითხვა მოუწევს მამა-შვილზე, რომლებსაც „სახლი დაუნგრიეს“, რადგან ინფორმაცია ამ დრომდე შესწორებულიც კი არ არის.


დაბოლოს - უკანონო მშენებლობების დემონტაჟთან დაკავშირებული დეზინფორმაციის კამპანიაში ცალკე უნდა აღინიშნოს „მთავარი არხის“ ვებგვერდზე უკვე 16 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელმაც ვიზუალური მანიპულაციის ეფექტიც კი დაჩრდილა და აშკარა პროვოკაციის სახე მიიღო.


კერძოდ, მას შემდეგ, რაც გაიკვა, რომ სკანდალურ ფოტოსურათზე გამოსახული მამა-შვილისთვის ბინა არ დაუნგრევიათ და პირიქით, მათ ახალ ბინას შეუძენენ, mtavari.tv-ზე ეს ამბავი შემდეგი სიტყვებით გაშუქდა: „თბილისის მერი, ბინას ჩუქნის იმ 10-ზე მეტი ოჯახიდან ერთ-ერთს, რომელსაც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საცხოვრებელი სახლი დაუნგრია“.


ხათუნა კიღურაძე
  • 3
  • 4370
0 Comments