წითელი ვერსია
  • 0
  • 3843

ემიგრანტების თხოვნა იტალიიდან „მთავარ არხზე“

14 მარტი 2020

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ რჩება ქართული მედიის მთავარ თემად. „მთავარმა არხმა“ 13 მარტს მაყურებელს შესთავაზა სიუჟეტი „საქართველოს მიტოვებული მოქალაქეები“. სიუჟეტის მიხედვით, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო უმუშევრად დარჩნენ, სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ.


როგორც წამყვანმა აღნიშნა, მათ „კორონავირუსზე მეტად ახლა შიმშილით სიკვდილის ეშინიათ“ და „საკუთარი ქვეყნის საელჩოსგან დახმარებას უკვე რამდენიმე დღეა, უშედეგოდ ელოდებიან“. სიუჟეტის ავტორი კი ამბობს, რომ მთავრობასთან შუამდგომლობას ქართველები „მთავარ არხს“ სთხოვენ.


იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას აღწერენ. ერთერთი მათგანის თქმით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ვერ უკავშირდება და თუ უკავშირდება, პასუხს ვერ იღებს.


„მინდოდა, რომ იქნებ როგორმე, სადმე მივაწვდინო ხმა, რომ ადამიანები, რომლებსაც გვეშინია ამ ყველაფრის, იქნებ წაგვიყვანონ აქედან, დაგვაბრუნონ ჩვენს სახლებში და იქ გავივლით სამედიცინო შემოწმებასაც, კვლევებსაც და ყველაფერს დავემორჩილებით“, - ამბობს ერთერთი რესპონდენტი.


იტალიაში დარჩენილი ქართველი ემიგრანტების მთავარი თხოვნა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებაა, თუმცა სიუჟეტში არ ჩანს, მიმართა თუ არა „მთავარმა არხმა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჟურნალისტი მხოლოდ პროგნოზს აკეთებს იმის შესახებ, რომ ისინი „შესაძლოა, ცოცხლები ვეღარ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.“


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 3843
0 Comments