წითელი ვერსია
  • 0
  • 5021

ექთნის დაჭრის კადრები ტელეეთერში

21 იანვარი 2022

„დაუშვებელია ძალადობის სენსაციად გადაქცევა“ - ვკითხულობთ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“, სადაც ასევე მითითებულია, რომ ძალადობის ამსახველი და შოკისმომგვრელი მასალის გამოყენებისას „გადაწყვეტილება ძალზე ფრთხილი ანალიზის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული“.


21 იანვარს რამდენიმე მედიასაშუალებამ ერთ-ერთი კოვიდკლინიკის პაციენტის მიერ ექთნის დაჭრის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ აყენებს ჭრილობებს მედმუშაკს მისივე მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი მამაკაცი.


ამასთან, მედიის ნაწილმა აღნიშნული ვიდეომასალა ეთერში მნიშვნელოვანი გრაფიკული დამუშავებისა და გაფრთხილების გარეშე გაუშვა, რაც განსაკუთრებით უსვამს ხაზს ძალადობის სენსაციად გადაქცევის მცდელობას.


კერძოდ, სამეთვალყურეო კამერით გადაღებული ძალადობის სცენის ამსახველი ვიდეოკადრები, რომლებზეც გრაფიკული დამუშავების ეფექტი არ შეინიშნება, 13:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში რამდენჯერმე გაიმეორა ტელეკომპანია „პირველმა“, სადაც უშუალოდ დაჭრის სცენის გარდა მაყურებელმა დაზარალებულის სახეზე მიყენებული ჭრილობებიც ახლო ხედით იხილა.


14:00 საათის საინფორმაციო გამოშვებებში ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები იხილეს ასევე ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მაყურებლებმაც, სადაც გარკვევით ჩანდა ჭრილობის მიყენების ეპიზოდი.


კადრების გავრცელების მომენტში მოძალადე მამაკაცი უკვე დაკავებული იყო. ამდენად, დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალის ტელეეთერით გავრცელება აშკარად არ ემსახურებოდა ფაქტის უტყუარობის დადასტურებას ან სხვა ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას და შესაბამისად, მედიის მოტივაცია მხოლოდ ძალადობის სენსაციად წარმოჩენის სურვილით შეიძლება ავხსნათ.


აღსანიშნავია, რომ ექთნის დაჭრის ამბავს მეტი სიფრთხილით მიუდგნენ ტელემაუწყებლების ვებგვერდები. მათ შორის, „იმედინიუსმა“ ინფორმაციას მხოლოდ ფოტოკადრი დაურთო, ტელეკომპანია „პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ვებგვერდებზე კი ვიდეომასალის მოკლე ვერსია გამოქვეყნდა.


ექთნის დაჭრის ვიდეომასალის მოკლე ვერსია გამოიყენეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვებგვერდზეც, რომელმაც მაყურებელს ეთერშიც მხოლოდ ვიდეოჩანაწერის დასაწყისი და გრაფიკულად დამუშავებული ფოტოები წარუდგინა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 5021
0 Comments