წითელი ვერსია
  • 0
  • 8785

ძველი ახალი ამბავი არასაიდუმლო დეტალებით

01 მაისი 2020

„მთავარი არხის“ 30 აპრილის საღამოს საინფორმაციო გამოშვება 9 დღის წინანდელი „ახალი ამბით“ დაიწყო. სიუჟეტში „საიდუმლო ექსტრადირება“ მოთხრობილი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სამი პატიმარი გადასცა.


სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა აღნიშნა, რომ „ლარსის გამშვებ პუნქტზე პატიმრების გადაცემის საიდუმლო პროცესი 21 აპრილს შედგა და ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ამ დრომდე მალავდა“.


თუმცა, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცია ექსტრადირების დღიდანვე ხელმისაწვდომი იყო არაერთ ქართულ გამოცემაში, მათ შორის რადიო „თავისუფლების“, „რეგინფოს“ და civil.ge - ს გვერდებზე. სამინისტროს მიერ ამ გამოცემებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში მოყვანილია მონაცემები სამივე ექსტრადირებული პირის შესახებ.


მიუხედავად ამისა, სიუჟეტში ინფორმაციის პირველწყაროდ რუსული ტელეკომპანია „ვესტი“-ა დასახელებული და ავტორი ამბობს: „რუსული ტელეარხის ეს რეპორტაჟი რომ არა, შესაძლოა, ვერც გაგვეგო, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს პატიმრებს მსოფლიო პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრების პირობებშიც გადასცემს.“


აღსანიშნავია, რომ არც „ვესტი“-ს მასალაა ახალი - რეპორტაჟი, რომელიც „მთავარმა“ 9 დღის შემდეგ გამოიყენა, ექსტრადირების დღესვე გავიდა ეთერში. თუმცა, ქართულმა ტელეარხმა ეს ძველი ახალი ამბავი რუსულ არხზე აღმოაჩინა და არა ქართულ მედიასაშუალებებში.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 8785
0 Comments